პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი
მდებარეობა: რეზო გაბრიაძის თეატრი
რეზო გაბრიაძე

ჩემი გაზაფხულის შემოდგომა

რეზო გაბრიაძე
ჩემი გაზაფხულის შემოდგომა

რეჟისორი–რეზო გაბრიაძე
დამდგმელი მხატვარი - რეზო გაბრიაძე
თოჯინების და დეკორაციების შემსრულებლები:
ლუკა გონაშვილი, შმაგი სავანელი,  ვლადიმერ მელცერი, ავთანდილ გონაშვილი, გელა ჯანგირაშვილი, გაიანე თაყაიშვილი, მაია კობახიძე, თამარ ამირეჯიბი, ირინა უჯმაჯურიძე, თამარ კობახიძე

როლებს ახმოვანებენ:
რამაზ ჩხიკვაძე, რუსუდან ბოლქვაძე, ლეო ანთაძე, ნათია კავსაძე, კახი კავსაძე,  ნანა ფაჩუაშვილი,  კახი მაისურაძე, გივი ბერიკაშვილი, რეზო თავართქილაძე, რუსლან მიქაბერიძე, ციალა გურგენიძე, ნელი მინდიაშვილი, თინა კოზანოვა, ბადრი გვაზავა

ანიმატორები:
ნიკო გელოვანი, თამარ ამირეჯიბი,
ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, ანა ნიჟარაძე

პრემიერა შედგა2002 წელს  ლოზანაში, (შვეიცარია)
ხანგრძლივობა90 წუთი, შესვენების გარეშე
 

სპექტაკლის შესახებ:
ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.

„ჩემი ოცნება ასრულდა – მე დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას. უკვე სამუდამოდ. მადლობელი ვარ ბედის, თოჯინების და იმ პატარა კოლექტივის, რომელიც დაშარიშურობს ძველი შენობის კუნჭულებში!“

                                                                                                           რეზო გაბრიაძე

გაბრიაძის თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. ის 1981 წელს რეზო გაბრიაძემ ააშენა და სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი. თეატრი ქალაქის უძველეს ტაძარს – VI საუკუნეში აგებულ ანჩისხატის ბაზილიკას ემეზობლება.
რეჟისორი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე თავად წერს პიესებს, ქმნის თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებს.
არსებობის  30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თეატრმა თავისი სპექტაკლებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა – ავინიოში, ედინბურგში, ნიუ იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, დრეზდენში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.
გაბრიაძის თეატრის პროგრამაში ოთხი სპექტაკლია: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადი“, „რამონა“ და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“.
თეატრის ფასადზე ოქროს ასოებითაა დაწერილი  რეზო გაბრიაძის დევიზი:  „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.
თეატრის არქიტექტურული ანსამბლის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა საათიანი კოშკი, რომელიც რეზო გაბრიაძემ 2010 წელს ააშენა.
 

რეზო გაბრიაძე

რეზო გაბრიაძე ცნობილია მსოფლიოში როგორც მხატვარი,  სცენარისტი, კინოსა და თეატრის რეჟისორი და მოქანდაკე.

35-ზე მეტი ფილმია გადაღებული რეზო გაბრიაძის სცენარების მიხედვით, მათ შორის კლასიკად  ქცეული „არ იდარდო“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და სხვა.

1981  წელს თბილისში  რეზო გაბრიაძემ დააარსა მარიონეტების დრამატული თეატრი.  მისი ავტორობით შექმნილია სპექტაკლები: „ალფრედი და ვიოლეტა“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „ტრაპეზუნდის იმპერატორის ქალიშვილი“, „სტალინგრადი“, „რამონა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, რომლებმაც თეატრს საერთაშორისო აღიარება მოუტანეს.

რეზო გაბრიაძემ შექმნა ილუსტრაციები 50-ზე მეტი წიგნისათვის.  რეზო გაბრიაძის ნამუშევრები (ფერწერა,  გრაფიკა,  კერამიკა,  ქანდაკება) გამოფენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, მათ შორის: ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი),  დოსტოევსკის მუზეუმში (მოსკოვი), ლენბახის მუზეუმში (მიუნხენი). რეზო გაბრიაძის სიმბოლური ქანდაკებები „ჩიჟიკ-პიჟიკი“ და „მაიორ კოვალევის ცხვირი“  სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა.  

2012 წლის ოქტომბერში მოსკოვის პუშკინის სახვითი ხელოვნების მუზეუმმა გამართა რეზო გაბრიაძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა.

2018 წელს თბილისში გაიხსნა რეზო გაბრიაძის ნამუშევრების, მათ შორის კერამიკისა და თოჯინების  მუდმივი გამოფენა.

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მიღებული აქვს: საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.