თეატრები

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში.

. თუმანიშვილი

1975 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე  შეიქმნა და 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა  თეატრალური სახელოსნო - კინომსახიობთა თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი უბრწყინვალესი რეფორმატორი რეჟისორი და უნიკალური პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი იყო, ხოლო ძირითადი ბირთვი  კი „თუმანიშვილის სკოლის“  მოწაფეები, ექსპერიმენტული ჯგუფის სტუდენტები - რეჟისორები და მსახიობები.

„ჩვენს სცენას არა აქვს კულისები, არა აქვს ფარდა, როგორც ეს თეატრ „გლობუსში“ იყო. ავდივართ ცარიელ ფიცარნაგზე, როგორც ეშაფოტზე. ვიწვით, ვცდილობთ ვიკაშკაშოთ და ბოლომდე დავიწვათ.“ (მიხეილ თუმანიშვილი, 1994 წ. ლონდონი, შექსპირის საერთაშორისო ფესტივალი)

თეატრის რეპერტუარი მუდამ ივსებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლებით, იყო ბევრი გასტროლი, საერთაშორისო ფესტივალები და დიდი წარმატება. რაც მთავარია,  ეს მცირე ფორმის სტუდიური თეატრი მუდამ უყვარდა, სჭირდებოდა და ეამაყებოდა ქართველ მაყუებელს.

1996 წელს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა და კინომსახიობთა თეატრს მისი სახელი ეწოდა. დღეს „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში“ მისი მოწაფეები მოღვაწეობენ.              

ძველ თაობასთან ერთად უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობა  დგას სცენაზე.   ყველანი ერთად ცდილობენ  ასახონ თანამედროვეობა, გულწრფელად, საინტერესოდ ისაუბრონ მაყურებელთან.  რეპერტუარში უწყვეტადაა გამორჩევით ხანდაზმული სპექტაკლი „ბაკულას ღორები“. თეატრი ცდილობს შეინარჩუნოს თუმანიშვილის „ჩვენი პატარა ქალაქი“,  რათა ახალგაზრდები ეზიარონ ძველ გამოცდილებას, იგრძნონ ატმოსფერო.

აფიშა მრავალფეროვანია და საინტერესო. სიამოვნებით მოდიან უცხოელი რეჟისორები და მუშაობენ განსხვავებული მეთოდიკით.  მიხეილ მარმარინოსმა დადგა „მედეა-მასალა“, „ეროვნული ჰიმნი“ , „რომეო და ჯულიეტა“ , ჰილარი ვუდმა - „კაბა“, „კამინო რეალი“, „ჭირვეულის მორჯულება“. გაი მასტერსონის „ცხოველების ფერმამ“ კი ნამდვილი ფურორი მოახდინა ედინბურგის ფესტივალზე. ცალკე აღნიშვნის ღირსია 2016 წელს დადგმული ზურაბ გეწაძისეული შექსპირის „მეფე ლირი“ (ზურაბ ყიფშიძე  მეფე ლირის როლში), რომელიც მაყურებლის უსაყვარლეს და ყველაზე პოპულარულ სპექტაკლად იქცა. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი  სიხარულიძე
საკონტაქტო პირი: ზურაბ გეწაძე 
ტელ: +995 599 550 912
E-mail : info@tumanishvilitheatre.ge
zuragets@yahoo.com

web: www.tumanishvilitheatre.ge