თეატრები

სამეფო უბნის თეატრი

სამეფო უბნის თეატრი 1997 წელს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი თეატრი იყო იმ დროის საქართველოში. მის სცენაზე წლების განმავლობაში არაერთი ინოვაციური ინიციატივა განხორციელდა.

ამჟამად თეატრის დასი  ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში, ამაზე ნათლად  მეტყველებს ქართველ კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები  და თეატრის  საერთაშორისო საგასტროლო რეზიუმე.

სამეფო უბნის თეატრის მთავარი  პრინციპი ახლის ძიებაა.  იგი მაყურებელს სთავაზობს საქართველოში  ჯერ არ დადგმულ დრამატურგიულ მასალას. ასევე ცდილობს აღმოაჩინოს საინტერესო, ახალი ხედვის მქონე ახალგაზრდები და შემოქმედებითად წაახალისოს ისინი.

ჯეროვანი ყურადღება ეთმობა თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებას და ამიტომ თეატრის რეპერტუარში ყოველთვის დიდი ადგილი უკავია ჩვენს მწერალთა შემოქმედებას.  

სამეფო უბნის თეატრი ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2014 წლიდან გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს სახელოსნო, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები და დრამატურგები პროფესიულ განათლებას იღებენ.  ამავე ინიციატივის ნაწილია თეატრის მიერ წამოწყებული საგამომცემლო საქმიანობა, რომელის მიზანია თეატრალურ ხელოვნებასთან დაკავშირებული თეორიული ლიტერატურისა და დრამატურგიის ქართულ ენაზე გამოცემა.

თეატრის საერთაშორისო აქტივობები მოიცავს ერთობლივ ვორკშოპებსა თუ ლექცია-სემინარებს, გაცვლით ინიციატივებს ევროპელ პარტნიორებთან.

თეატრის საერთაშორისო საგასტროლო რუკა ბოლო წლების განმავლობაში მეტად გაფართოვდა. სამეფო უბნის თეატრმა თავისი სპექტაკლები წარმოადგინა  ბელგიის, შვედეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბელარუსის, მოლდოვეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და საფრანგეთის ქალაქებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: მერაბ თავაძე
საკონტაქტო პირი: დავით გაბუნია
ტელ: 032 2996171 (+995)  595 424261
E-mail: dgabunia@yahoo.com
info@rdt.ge
www.rdt.ge