რეჟისორები

რეზო გაბრიაძე

რეზო გაბრიაძე ცნობილია მსოფლიოში როგორც მხატვარი,  სცენარისტი, კინოსა და თეატრის რეჟისორი და მოქანდაკე.

35-ზე მეტი ფილმია გადაღებული რეზო გაბრიაძის სცენარების მიხედვით, მათ შორის კლასიკად  ქცეული „არ იდარდო“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და სხვა.

1981  წელს თბილისში  რეზო გაბრიაძემ დააარსა მარიონეტების დრამატული თეატრი.  მისი ავტორობით შექმნილია სპექტაკლები: „ალფრედი და ვიოლეტა“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „ტრაპეზუნდის იმპერატორის ქალიშვილი“, „სტალინგრადი“, „რამონა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, რომლებმაც თეატრს საერთაშორისო აღიარება მოუტანეს.

რეზო გაბრიაძემ შექმნა ილუსტრაციები 50-ზე მეტი წიგნისათვის.  რეზო გაბრიაძის ნამუშევრები (ფერწერა,  გრაფიკა,  კერამიკა,  ქანდაკება) გამოფენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, მათ შორის: ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი),  დოსტოევსკის მუზეუმში (მოსკოვი), ლენბახის მუზეუმში (მიუნხენი). რეზო გაბრიაძის სიმბოლური ქანდაკებები „ჩიჟიკ-პიჟიკი“ და „მაიორ კოვალევის ცხვირი“  სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა.  

2012 წლის ოქტომბერში მოსკოვის პუშკინის სახვითი ხელოვნების მუზეუმმა გამართა რეზო გაბრიაძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა.

2018 წელს თბილისში გაიხსნა რეზო გაბრიაძის ნამუშევრების, მათ შორის კერამიკისა და თოჯინების  მუდმივი გამოფენა.

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მიღებული აქვს: საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.