რეჟისორები

დავით დოიაშვილი

თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული    ქართველი რეჟისორი დავით  დოიაშვილი დაიბადა  1971 წლის 7 ოქტომბერს.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტის  დამთავრების შემდეგ  სტაჟირება გაიარა  მილანის Pიცცოლო  თეატრო-ში   ჯორჯო სტრელერთან.

1998 წელს გახდა  კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მთავარი რეჟისორი. მარჯანიშვილის თეატრში დავით დოიაშვილის დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია მეფე ლირი (უ. შექსპირი) სალომე (ო. უაილდი), სამი და (ა. ჩეხოვი).

2004 წლიდან დავით დოიაშვილი  სათავეში ჩაუდგა თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრს, რომელიც სულ მალე ქართული თეატრის ახალი პროგრესული იდეების ლაბორატორიად  იქცა.  ჩატარდა რეფორმები და შეიქმნა სინთეზური ხასიათის თეატრი, რომელმაც თავის რეპერტუარში ჩართო სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები.  ამ თეატრში  მის მიერ დადგმულმა საუკეთესო სპექტაკლებმა მაკბეთი (უ. შექსპირი), (შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი (უ. შექსპირი), სირანო დე ბერჟერაკი (ე. როსტანი),  ქალაქი ალყაში (ა.კამიუ), სახლი საზღვარზე (ს. მროჟეკი), გაყრა (გ. ერისთავი), ცხოვრება იდიოტისა (რ. აკუტაგავა), ფსკერზე (მ. გორკი), ბალიშის კაცუნა (მ. მაკდონა), ტარტიუფი (მოლიერი), შეშლილის წერილები (ნ. გოგოლი) არა მარტო სხვადასხვა თაობის მაყურებლის  საყოველთაო ინტერესი და მოწონება  მოიპოვა, არამედ მსოფლიოს წამყვანი კრიტიკოსებისა და პროდიუსერების  აღიარებაც დაიმსახურა. 

დავით დოიაშვილს არაერთი წარმატებული დადგმა აქვს განხორცხიელებული სხვადასხვა ქვეყნების წამყვან თეატრებში: სეილემის პროცესი (ვესტ იორკშირის თეატრი), ლუჩია დი ლამერმური (მარინის თეატრი),  ცხოვრება იდიოტისა, ზაფხულის ღამის სიზმარი (ხორვატიის ნაციონალური  თეატრი),  ზაფხულის ღამის სიზმარი, სირანო დე ბერჟერაკი (ბუდაპეშტის ნაციონალური თეატრი), მეფე ლირი,  ალუბლის ბაღი (ბუქარესტის ნაციონალური თეატრი). 

დავით დოიაშვილის  ხელოვნებას მრავალი ეპითეტით მოიხსენიებენ: შოკისმომგვრელი,  ამაღელვებელი, სანახაობრივი. მას ახასიათებენ, როგორც ლიდერს და ნოვატორ რეჟისორს, რომელიც  განსხვავებული ფორმების და შერეული მეთოდების გაერთიანებით, უნიკალურ გარემოს ქმნის სცენაზე.  უჩვეულო ინტერპრეტაციისა და ფანტაზიის გამო მისი ნამუშევრები ყოველთვის ძალიან რეზონანსულია. როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ თეატრალურ რეჟისორს დავით დოიაშვილს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.    

დავით დოიაშვილს მინიჭებული აქვს  შოთა რუსთაველის პრემია, ღირსების ორდენი. იგი არის ბრწყინვალების ორდენის კავალერი, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.