ჩვენ შესახებ

შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი   დღეს კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების კულტურული ცხოვრების  ცენტრია და ევროპისა და მსოფლიო თეატრალური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი.

დაარსების დღიდან  ჩვენ ვცდილობთ საერთაშორისო კულტურულ რუქაზე ერთერთი მთავარი „მოთამაშე“ გავხდეთ და ამ მიზანს საერთაშორისო პროგრამისა და ქართული სპექტაკლების პროგრამის მეშვეობით ვაღწევთ

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მისიაა საქართველოს ინტეგრირება საერთაშორისო კულტურულ მოვლენებში და რუკაზე; თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე გამომწვევი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევრებით; საუკეთესო მიღწევებით თეატრალურ სფეროში;

 

ფესტივალები კულტურული ლანდშაფტის გამდიდრებას ემსახურება. ყველა ფესტივალის ხელწერა ინდივიდუალურია და ყველა მათგანი ფაქტიურად დისკუსიის მცდელობაა. დისკუსიისა - განსხვავებულ ფორმასა და შინაარსზე, ახალ მიდგომაზე, განსხვავებულ ხედვაზე; ახალ- ჯერ უცნობ სამყაროსა და შესაძლებლობებზე...

ფესტივალი არა მარტო კულტურული განვითარებაა, არამედ განათლება, მომავალი თაობების მომავალი !

ფესტივალის მონაწილეეებთან და მაყურებელთან ერთად ჩვენ გვსურს აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენს წარმოსახვას და ემოციებს გაამდიდრებს, გააცოხცხლებს და ცეცხლსაც შეუნთებს;

გვსურს გადავლახოთ საზღვრები და შევიცნოთ ჩვენთვის კერ კიდევ უცნობი კულტურები; გავყვეთ გზას, რომელიც მხოლოდ არტისტებს შეუძლიათ გაგვიკვალონ და აღმოგვაჩენინონ.

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დედაქალაქს მნიშვნელოვან კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ უპირატესობას შესძენს.

თბილისს შეუძლია გახდეს კულტურული ცენტრი,

მოიზიდოს ადამიანები და შექმნას ის შემოქმედებითი კაპიტალი, რომლის ღირებულება განუსაზღვრელია!

 

ფესტივალის მიმართულებები:

  • საერთაშორისო პროგრამა
  • საერთაშორისო პროგრამა “NEW”
  • GEORGIAN SHOWCASE -  ქართული სპექტაკლების პროგრამა
  • გამოფენები, ტრენინგები, მასტერკლასები, შეხვედრები, სპეციალური ღონისძიებები და ფესტივალის კლუბი ფესტივალის დამატებითი ხიბლია და აუცილებლობა 

 

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა დგება ფესტივალის ინიციატივითა და მიწვევით.  პროგრამა მოიცავს თეატრის ყველა ჟანრს და მიმართულებას; ყოველ წელს ფესტივალის პროგრამა გარკვეულ „ამბავს“ ჰყვება -  სამყარო მუდმივად ცვალებადია და ჩვენც ვცდილობთ ავყვეთ მის რითმს; მოთხოვნას. ყოველ წელს მაყურებელს მრავალფეროვან, „გამომწვევ”, ინოვაციურ და მხატვრულად მაღალი ხარისხის სპექტაკლებისაგან შემდგარი პროგრამას ვთავაზობთ სექტემბერის შუა რიცხვებიდან ოქტობრის პირველი კვირის ჩათვლით.

 

პროგრამა “NEW”

ფესტივალმა პროგრამა “NEW” წარადგინა 2011 წელს. სტარტი ამ პროგრამამ საკმაოდ რთულად აიღო. მაგრამ უკვე 2012 წლიდან  "NEW"  ერთერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება გახდა. პროგრამის იდეა წარმოიქმნა იმ უამრავი შეთავაზების საფუძველზე, რაც ფესტივალმა მიიღო 2009 წლიდან. ვიფიქრეთ, რომ მხოლოდ მთავარი პროგრამით შემოფარგვლა არ იქნებოდა სწორი, მით უფრო, რომ არსებობდა საფუძველი და სწორედ ამიტომ დავგეგმეთ პროგრამა სახელწოდებით ”ახალი” (NEW). პროგრამის ანალოგები ბევრია და სხვადასხვანაირად მუშაობს (ავინიონის ფესტივალის ”OFF”, ედინბურგის ფესტივალის ”FRINGE”  და ასე შემდეგ).

პროგრამა საკონკურსოა.
 

 პროგრამის მიზანია:

მოვიზიდოთ ჩვენთვის ჯერ უცნობი თეატრები და წარმოდგენები მცირე ბიუჯეტით;
გავხადოთ ფესტივალი პოპულარული ახალი წარდგენებით და არამარტო ცნობილი სახელებით , შევქმნათ ახალი საერთაშორისო ”შოუქეისი”;
შევქმნათ მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება;
გავზარდოთ ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა მცირე ბიუჯეტის საშუალებით

 

ქართული სპექტაკლების პროგრამა (GEORGIAN SHOWCASE PROGRAM)

ქართული სპექტაკლების პროგრამა ფესტივალის ყველაზე სათუთი “პროექტია” და ქართული თანამედროვე თეატრის პოპულარიზაციას ემსახურება. სპექტაკლების შესახებ წლების განმავლობაში ბევრი დაიწერა საერთაშორისო პრესაში . ქართველი მაყურებლისა და კრიტიკოსებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია შოუქეისის პროგრამა, რადგან ერთიანად სეზონის სრულ იმიჯს ქმნის. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ Gეორგიან შჰოწჩასე-ი ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს საერთაშორისო რუკაზე; ქართული სპექტაკლების პროგრამა ხდება პოპულარული და იზიდავს მეტ მეგობარს, პარტნიორს და ნელ-ნელა აქტუალური ხდება ევროპაში.

ქართული სპექტაკლების პროგრამის შედეგად გაცვლა ქართულსა და საერთაშორისო თეატრალურ სივრცეებში გახდა უფრო ინტენსიური და მრავალფეროვანი.

ყოველ წელს ფესტივალი წარმოადგენს ქართული თეატრის ახალ სპექტაკლებს, რომელსაც ესწრება ფესტივალის დირექტორები, კრიტიკოსები, არტ დილერები, თეატრების ხელმძღვანელები ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებიდან.

სტუმრების გეოგრაფია: ირანი, ჩინეთი, გერმანია, ინგლისი, ავსტრია,  პოლონეთი, ლიტვა, რუსეთი, ესტონეთი, იაპონია, იტალია, კანადა, კორეა, რუმინეთი, შვეცია, საფრანგეთი, ლატვია, ნიდერლანდები, ომანი, თურქეთი, იაპონია, ავსტრია, ესტონეთი, ირანი, ჰოლანდია.

პუბლიკაციები: რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ირანი, იტალია, იაპონია, ესტონეთი, პოლონეთი, ფინეთი, ინდოეთი, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი, კორეა, კანადა და სხვ.