პრესა

დავინახოთ ადამიანი კედლებს მიღმა

10.11.2016

"ადამიანთა ურთიერთობების, პოლიტიკური სისტემის, საზოგადოების წესრიგისა თუ უწესრიგობის ამსახველი თეატრი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს - ჩვენთვის, ვინც სამყაროს დასასრულის შემდეგ დავიბადეთ; ვინც შეირაღებული კონფლიქტებისა და დანაშაულის პირისპირ ვცხოვრობთ.

დიახ, ჩვენ - უნიათოები და შეშინებულები, ვგრძნობთ, რომ ხაფანგში ვართ მომწყვდეულები, რადგან დიადი კოშკების აგება აღარ შეგვიძლია. კედლები, რომლის აღმართვასაც ძალუმად ვცდილობთ, არაფრისგან აღარ გვიცავს. პირიქით, ისინი თავად მოითხოვენ ყურადღებასა და დაცვას და ეს წარმოუდგენელ სასიცოცხლო ენერგიას გვართმევს. იმის ძალაც კი აღარ შეგვწევს, რომ კედლებს მიღმა გადავიხედოთ და ადამიანები დავინახოთ"...

ეს ცნობილი თანამედროვე პოლონელი რეჟისორის, კშიშტოფ ვარლიკოვსკის მიმართვის ფრაგმენტია, რომელიც მან თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს მსოფლიოს მედიას გაუგზავნა. დიდი მასწავლებლების, პიტერ ბრუკისა და ჯორჯო სტრელერის მსგავსად, ისიც სრულყოფილ თუ მიუღწეველ თეატრს ეძებს, რომელიც სიმართლის წიაღში იღებს სათავეს და უსასასრულობაში იკარგება.

ერთი შეხედვით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ვარლიკოვსკის შინაგანი დრამატიზმით აღსავსე გზავნილისგან შორსაა. მაგრამ თავის  დროზე ისიც "მიუღწეველი თეატრის" ძიებაში დაიბადა და უკვე მერვე წელია "უსასრულობაში" განაგრძობს ხეტიალს. ფესტივალი ყოველ წელს ახალ კითხვებს უსვამს საკუთარ თავსაც და მაყურებელსაც. ცდილობს თანამედროვე თეატრის სასიცოცხლოდ აუცილებელ და მრავალფეროვან ფორმებში გაერკვეს და ყოფიერების ასატან თუ აუტანელ სიმსუბუქეს ჟანრის შესაბამისი ნიღაბი მოარგოს - ხან ტრაგიკული, ხანაც კომიკური.

მაგრამ როგორია ეს ნიღბები დღეს და როგორ უნდა მოვითქვათ სული? როგორ მოვძებნოთ ბალანსი თეატრალური მითებთ დამძიმებულ დიდ წარსულსა და ათასგვარი პრობლემით გათანგულ დღევანდელ მაყურებელს შორის? რა ვუყოთ ლამის მტანჯველ, ხშირად უზომოდ გახარჯულ თუ გაცვეთილ გემოვნებას? რა ენაზე ველაპარაკოთ მაყურებელს რამპით გაჩირაღდნებულ ფიცარნაგსა თუ სადღაც ჩაკარგულ სარდაფში? როგორ მოვახერხოთ განცდის სიღმე და რეფლექსია, ისე რომ არ დავკარგოთ იუმორი, თვითირონია და სიხალისე, ხოლო ჯერ კიდევ მოუნანიებელი ცოდვები მორიგ "შეცდომათა კომედიად" გამოვაცხადოთ?

გაუცხოების კედლები, რომლის შესახებაც ვარლიკოვსკი წერს, მართლაც მაღალი და მიუვალია, მაგრამ საბედნიეროდ, ყოველთვის მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთი ხელოვნებითა და გაბედულებით მოახერხებენ მათ დანგრევას და კედლებს მიღმა ღვთისგან მივიწყებულ "პატარა ადამიანს" დაინახავენ.

მაგალითად, როგორც  რუსთაველის თეატრის უაღრესად აქტუალურ და სოციალურ-პოლიტიკურ წარმოდგენაში  "დაკანონებული უკანონობა". ქართულ სცენაზე ბრეხტის "გაუცხოების ესთეტიკის" უმთავრესმა მოდერატორმა თუ მომშინაურებელმა, რობერტ სტურუამ თავის ბოლო და ალბათ, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარში გვიჩვენა ძალაუფლების სისატიკის ფიზიკური და მეტაფიზიკური მხარე, რომელიც სწორედ "პატარა ადამიანს" ანადგურებს. ბრეხტის "უკანონობიდან" არც ისე შორია ნორჩი რეჟისორის, დავით ახობაძის უჩვეულო, მგძნობიარე და ექსპერიმენტულ წარმოდგენაში გამხელილ "წუხილამდე" (დამოუკიდებელი პროექტი, "ღია  სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის).

"პატარა ადამიანის" - მსახურ გონსკეს, მიუღწეველ თუ აუხდენელ ოცნებებს გაგვიმხელს რეჟისორი დავით დოიაშვილიც სპექტაკლში "ცხოვრება იდიოტისა" (აკუტაგავას მოთხრობების მიხედვით, მუსიკისა და დრამის თეატრი). აღსანიშნავია, რომ 23 წლის წინ "ცხოვრება იდიოტისა" მან თუმანიშვილის თეატრში დადგა. ასე რომ, სტაჟიან თეატრალებს შეეძლებათ წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი და ადრეული სპექტაკლი ერთმანეთს შეადარონ.

ადამიანის დევნის და ჩაგვრის თემას უსიტყვოდ, მძაფრდად და ირონიანაზავი პოეზიით ეხმაურება რეჟისორი ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლით BEGALUT - "უცხოობაში" (შალომ ალეიხემის მიხედვით, სცენური ვერსია გურამ ბათიაშვილი).

თეატრალებს ვურჩევდი არ გამოტოვონ გასული  სეზონის მნიშვნელოვანი მოვლენა - "მეფე ლირი" ზურა ყიფშიძის მონაწილეობით (რეჟისორი ზურა გეწაძე, თუმანიშვილის თეატრი). ასევე საინტერესოა, "მოხუცი ქალის ვიზიტი" შესანიშნავი მსახიობების - ქეთი ცხაკაიასა და გია როინიშვილის მონაწილეობით (რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი, მარჯანიშვილის თეატრის "ახალი სცენა).

"სტუმარ-მასპინძელის" ავთენტურ და გამორჩეულ სცენურ ვერსიას სთავაზობს მაყურებელს რეჟისორი ირაკლი გოგია ახმეტელის თეატრში; ხოლო გასულ წელს, 13 ივნისს მომხდარ წყალდიდობას პუბლიცისტური და ჰუმანისტური პათოსით ეხმიანება რეჟისორი და ავტორი გურამ მაცხონაშვილი თოჯინების თეატრში დადგმული სპექტაკლით "ცამეტი თიბათვისა". ქანცგაწყვეტილ და უიმედო ადამიანებზე მოგვითხრობს ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლი "ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს" (სიდნი პოლაკის ცნობილი ფილმის სცენარის თავისუფალი ვერსია "თავისუფალ თეატრში"); "შვლის ნუკრის ნაამბობში" კი რეჟისორი ნიკა საბაშვილი ადამიანისა და ბუნების დაკარგული ჰარმონიის აღდგენას ცდილობს (ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის თეატრი)....

ასე რომ, ადამიანამდე მისვლა არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია, ჯერ გაუცხოებისა და შიშის გამო აღმართული კედლები დავანგრიოთ... 

დავით ბუხრიკიძე