პრესა

კლასიკოსობანას თამაში

10.11.2016

თანამედროვე რუსული თეატრის შესახებ გარკვეული წარმოდგენა  მაყურებელს ალბათ  შეექმნებოდა პეტრე ფომენკოს ცნობილი სახელოსნოს მიერ წარმოდგენილი სპექტაკლით „რუსი რანდევუზე“. ივან ტურგენევის ადრეული რომანის, „გაზაფხულის ნიაღვრების“ ეს მხიარული, ოდნავ ირონიული და კლიშეებისგან სრულიად თავისუფალი ინტერპრეტაცია ევგენი კამენკოვიჩმა ორ აქტად შეთხზა, რომელიც ფომენკოს სტუდიის რეჟისორთა და მსახიობთა მეორე თაობის წარმომადგენლებს ერთად უყრის თავს.

ძნელია ისეთი დახვეწილი სტილის მწერალი, როგორიც ტურგენევია, თანამედროვე სცენაზე ისე დაიდგაა, რომ  რეჟისორმა არც უხამსობად აქციოს და არც სამუზეიმო მოწყენილობად. ლამის პირველივე სცენებიდან  გეუფლებათ ნაცნობი განცდა, რომელიც „ფომენკოს თეატრს“ უკავშირდება. მსახიობთა შემართება და სულისკვეთება, მათი თამაშის მსუბუქი და ფეთქებადი სტილი, მანერა და სულისკვეთება თავიდანვე ცხადი და გასაგებია.

დმიტრი სანინის როლს ფიოდორ მალიშევი თამაშობს, ჯემას - ეკატერინა სმირნოვა. ორივე თანამედროვე რუსული სცენის ვარსკვლავად ითვლება, თუმცა მალიშევი მაინც სპექტაკლის მთავარი ღერძია; რომელიც ქმნის ცოტათი მაგიურ, უფრო მეტად კი სტიქიური თამაშისა და ირონიის ატმოსფეროს.

რუსული ბომონდის „აურზაური“ და თავგადასავლები მეცხრამეტე საუკუნის გერმანიის ქალაქებში, ტურგენევს უფრო პოეტურად აქვს აღწერილი. სცენაზე კი ენთუზიაზმით საავსე სასიყვარულო თამაშების, ნაირგვარი მუსიკალური ნომრებისა და „თეატრალური“ სტიქიის მოწმენი ვართ. თუმცა იმასაც ვამჩნევთ, რომ ამის მიღმა მოწყენილობა და არყოფნის შიში თვლემს. ამდენად სანინის ანცობანი თუ სცენურ კონსტრუქციებზე მარდად ასვლა-ჩამოსვლა. უფრო რეჟისორული ფოკუსებია პროზაული მოწყენილობის შესანიღბავად.

მაგრამ გაზაფხულის ნიაღვრებთან ერთად, ნიღბებით თამაშიც მთავრება და სიყვარულიც. ორივე ერთად კი  სიკვდილის როკვად იქცევა. რაც ფინალში ჯაზის - ანუ თავისუფლების კონტურებს იძენს.

დავით ბუხრიკიძე