პრესა

„მარია ბრაუნის ქორწინება“   

10.11.2016

2007  წელს თომას ოსტერმაიერი მიუნხენის კამერშპილეს (Münchner Kammerspiel) თეატრში რაინერ ვერნერ ფასბინედრის „მარია ბრაუნის ქორწინება“ - სცენურ ვერსიას დგამს.  გახმაურებული ტრილოგიის პირველი ნაწილი „ახალი გერმანული კინოს“ შედევრადაა აღიარებული. დრამა, სადაც 1950-იანი წლების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მცხოვრები, ბედნიერების ძიებაში დაკარგული გერმანელი ქალის ისტორია თამაშდება, მიუნხენის კამერულ სცენაზეც მეტად წარმატებული აღმოჩნდა.

ბერლინელმა მაყურებელმა სპექტაკლი პირველად 2008 წელს თეატრალურ ფესტივალზე (Berliner Theatertreffen) იხილა. 2009 წელს კი ბერლინერ შაუბიუნეს (Berliner Schaubühne) სცენაზე (რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც 1999 წლიდან დღემდე, თავად ოსტერმაიერი გახლავთ), იმავე თეატრის სამსახიობო დასის შემადგენლობით გათამაშდა და დღემდე სათანადო ადგილი უკავია შაუბიუნეს თეატრის საგასტროლო რეპერტუარში.

სპექტაკლისა და სამსახიობო დასის მიმართ მოლოდინი ქართველი თეატრალებისთვის წელსაც განსაკუთრებული იყო. რადიკალ რეჟისორად აღიარებული თომას ოსტერმაიერი თბილისს შარშან იბსენის მეტად ორიგინალური - ფლორიან  ბორხმაიერის გადამუშავებული და ადაპტირებული ვერსიით - „ხალხის მტერი“ ესტუმრა. 2016 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მისულმა მაყურებელმა „მარია ბრაუნის ქორწინება“, სწორედ ბერლინის შაუბიუნეს სამსახიობო სკოლის უბადლო შესრულებით, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე იხილა.

ნინა ვეტცელის დაუვიწყარი სცენოგრაფია რუსთაველის თეატრის დარბაზში შესვლისთანავე განწყობას გიქმნის: მასიური  სავარძლები, რამდენიმე, იმავე სტილში გადაწყვეტილი ხის მაგიდა, ბროლის ჭაღი,  და მძიმედ ჩამოშვებული ვერცხლისფერი ფარდები - გასული საუკუნის 50-იანი წლების ატმოსფეროთია გაჟღენთილი. სცენის მიღმა, ასევე ფარდაზე დამონტაჟებული ვიდეოპროექტორი სივრცის აღქმას კიდევ უფრო ხაზს უსვამს და შენთვის უკვე კარგად ნაცნობი ფილმის სიუჟეტის ხელმეორედ ყურებისაკენ გიბიძგებს.

ღია ფერის ლაბადაში გამოწყობილი მარია ბრაუნიც (ურსინა ლარდი) შენსავით მოლოდინშია, - ერთ-ერთ სავარძელს მიყრდნობია და სულმოუთქმენლად ელის წარმოდგენის დაწყებას... ელის დარბაზში მოქოთქოთე მაყურებლის მიყუჩებას, რათა კიდევ ერთხელ, მთელი არსებით განიცადოს საკუთარი ბედის ტრაგიკული ისტორია... ამბავი, რომელიც უკვე ამდენი წელია მეორდება... და მერე რა, რომ მეორე მსოფლიო ომი უკვე კარგა ხნის დამთავრებულია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაც მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე დარჩა, ჰიტლერის ეპოქაც დასრულდა... სამაგიეროდ, კვლავ არსებობს მსოფლიო პოლიტიკა, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გაუნელებელი ციებ-ცხელება, ფოტო თუ ვიდეოფირზე შემონახული წარსულის კადრები და გახუნებული წერილები, რომლებსაც, თუ ერთხელ მაინც მიუბრუნდი, ჯიუტად აღარ მოგცემენ წარსულისაგან თავის დაღწევის საშუალებას.

თუ ახალგაზრდა მარია ბრაუნის (ჰანა შიგულა) საბედისწერო ისტორიას რაინერ ვერნერ ფასბინდერი კინოკამერის მეშვეობით გვიყვება, თომას ოსტერმაიერი იმავე ამბავს, სამსახიობო როლების უბადლო „გადათამაშების“ მეშვეობით, სცენური თანმიმდევრულობით გადმოსცემს და ერთმოქმედებიან სიუჟეტში თავისუფლად ატევს.

ნინა ვეტცელის სასცენო რეკვიზიტებით შექმნილი თეატრალური დე-ჟა-ვუდან, დამდგმელი რეჟისორის დაუვიწყარი სასცენო გადაწყვეტა - პირობითი ელემენტები, მსახიობებთან ერთად, თითქოს შენც თეატრალიზებულ რეალობაში გაბრუნებენ... სცენაზე მამაკაცი მსახიობების: რობერტ ბაიერის, თომას ბადინგის, მორიც გოტვალდისა და სებასტიან შვარცის განუმეორებელი სამსახიობო ანსამბლია თავმოყრილი. სწორედ მათი მეშვეობით ახერხებს თომას ოსტერმაიერი „როლების თამაშს“, მათ ოსტატურად გადანაწილებას ისე, რომ სცენაზე წარმოდგენილი ამბავის თხრობა ერთ უწყვეტ დინამიკაში შეუჩერებლად ვითარდება და მთელი სპექტაკლის განმავლობაში ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს მაყურებელს.

აღსანიშავია, რომ ფასბინდერის არაჩვეულებრივმა სიუჟეტმა და სცენარმა სასცენო ხელოვნების უბადლო ოსტატს სპექტაკლში უამრავი კომიკური ელემენტის შეტანის საშუალება მისცა. მთელი დრამატული წარმოდგენა, მსახიობების უნაკლოდ თამაშის წყალობით, მაყურებელთა ღიმილის ფონზე თამაშდება. ერთი და იმავე მსახიობის სხვადასხვა როლური გადანაწილება სცენაზე წარმოდგენილ ამბავთან ბრეხტისეული დისტანცირების საშუალებას იძლევა. სამაგიეროდ, სევდისმომგვრელია და თანაგანცდას იწვევს ნილს ოსტენდორფის ადაპტირებული მუსიკალური გაფორმება, ნაცნობი მუსიკალური თემები, რომლებიც ჯერ კიდევ ფასბინდერმა თხრობის ერთ-ერთ ელემენტად გამოიყენა ფილმში.

მთელი სპექტაკლის განმავლობაში, როგორც სცენის უკანა ფარდაზე, ასევე მსახიობების კოსტიუმებზე გაშვებული, სებასტიენ დიუპუის მიერ გაფორმებული ფირზე აღბეჭდილი ვიდეოსურათები სპექტაკლს კიდევ უფრო სახიერსა და მეტყველს ხდიან. სწორედ ეკრანის ეკრანზე თამაშდება წარმოდგენის ფინალური სცენა: ხანძარი, რომელიც თითქოს მთელ სათამაშო სივრცეს იტევს, ცეცხლი ეკიდება და დარბაზში მთელი წარმოსახვითი სიძლიერით გადმოდის. ხანძარი შენს არსებასაც სწვდება... ყველაფერი, რაც სულ სოტა ხნის წინ, შენ თვალწინ ხდებოდა, ერთი ხელის მოსმით ნადგურდება, - იწვის, იფერფლება... შემდეგ კი უჩინარდება, რათა მომავლისთვის, სწორედ ცეცხლისფრად მოგიზგიზე სურათად, გაკვეთილივით ამოტივტივდეს მეხსიერების არქივში...

მარიამ იაშვილი

03/10.2016