პრესა

იგივე, როგორც ყოველთვის...
გაი ფოგესის „თამაშის დასასრული“
 

12.10.2017

თბილისის საეთაშორისო მე-9 თეატრალური ფესტივალი 18 სექტემბერს სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი სემუელ ბეკეტის „თამაშის დასასრულით“ გაიხსნა. რეჟისორმა კაი ფოგესმა - „შაუშპილ დორტმუნდში“ -  წმინდად გერმანული ექსპრესიონისტული ხერხებით შექმნილი, აბსურდის ჟანრის პიესის ერთობ საინტერესო და ორიგინალური გადაწყვეტა შესთავაზა თბილისელ მაყურბელს.  დორტმუნდის მუნიციპალური თეატრი აერთიანებს საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს: ოპერას, ბალეტს, მუსიკალურ, თეატრალურ წარმოდგენებს და კონცერტებს. 2010 წლიდან იგი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრია.

კაი ფოგესმა, მხატვარ მიხაელ ზიბეროკ-სერაფიმოვიჩთან ერთად, ბეკეტის პიესის სულის გამომხატველ, გამოუვალობის შეგრძნების გამამძაფრებელ დეკორაციაში მოათავსეს სპექტაკლის ორი პერსონაჟი. ძალიან მარტივი, სადა სცენოგრაფია, უბრალოდ სამი კედლისგან შეკრული  შავი ყუთია, ერთი კარითა და ერთი ჩარაზული ფანჯრით. კედლებზე დახატულ-მიმაგრებული ავტომატი, საათი-მაღვიძარა, კომოდი ზედ ყვავილების ლარნაკითა და მრგვალი სარკით - ფლუორისცენტული საღებავითაა შესრულებული, ისევე როგორც, მსახიობთა კოსტიუმების მოხაზულობა. ნახევარ ტონებში გაკეთებული განათება, ზევიდან ჩამოკიდებული მბჟუტავი ნათურა, ულტრაიისფერი განათების გამოყენება სულისშემხუთველ ატმოსფეროს ქმნის. თანდათან მაყურებელს, პერსონაჟებთან ერთად, თითქოს  სუნთქვა ეკვრის, ამოსუნთქვა უძნელდება.  მუსიკალური გაფორმება რეჟისორის კონცეფციის ჰარმონიულია. შიგა და შიგ გამჭოლი, გამყინავი სულის გამაწვრილებელი ჭრიალი-ხმაური. ხმოვან რიგში რამდენჯერმე გერმანული სიმღერის ნაწყვეტები შემოიჭრება ხოლმე.

გაი ფოგესის დადგმა გარკვეულწილად გროტესკულ-ირონიული ხასიათისაცაა. ეს გროტესკი და ირონია თავად ბეკეტის ნაწარმოების მიმართაც იგრძნობა. დადგმაში რეჟისორმა გერმანული მუნჯი კინოს ელემენტებიც გამოიყენა. მსახიობების ფრანკ გენზერისა და უვე შმიდერის შექმნილი პერსონაჟები, მიმიკით, ჟესტიკულაციით, პლასტიკით, თეთრი ფერუმარილით შეფერილი სახეებით - გარეგნულად ყოველგვარ სიცოცხლეს მოკლებულ, „გამოწუწნულ“ ჩონჩხებს მოგაგონებენ. მსახიობები გასაოცრად მაღალი პროფესიონალიზმით ქმნიან თავიანთ გმირებს. მათი ძუნეწი და ამავდროულად დახვეწილი საშემსრულებლო მანერა მაყურებელში ემოციისა და ფიქრის აღმძვრელია.

რეჟისორმა ბეკეტის პიესის ინტერპრეტირებისას გააკეთა კუპიურები, ზოგან ამოაგდო, ზოგან კი შეცვალა ტექსტი. პიესაში არსებული ოთხი პერსონაჟიდან ორი დატოვა და სახელებიც შეუცვალა. ჰამი - პერლად, ხოლო კლოვი კი ლუმად იქცა. იმავდროულად გაი ფოქსმა შეინარჩუნა ბეკეტის ტექსტის რითმიკა. იმისდამიუხედავად რომ გერმანული ენა არ მესმის, მსახიობთა მეტყველება, ტექსტის გადმოცემა საოცრად მუსიკალურად, რიტმულად ჟღერდა. ლუმს რეჟისორმა  ძველბერძენი ტრაგიკოსი მსახიობის ფეხსაცმელი -  კოტურნები ჩააცვა. ლუმი თითქმის მთელი წარმოდგენის განმავლობაში მოძრაობს, არ ჩერდება, გამუდმებით გარს უვლის ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ პერლს. გარდა ამისა, იგი ცოტათი წელში მოხრილიცაა. ეს ფიზიკურად ძალიან ძნელი შესასრულებელია, მაგრამ უვე შმიდერმა შესაშური პროფესიონალიზმით გაართვა თავი. ლუმის სიარულისას ხის კოტურნით გამოწვეული მონოტონური კაკუნი პერლ-ჰამს თან სტანჯავს და თანაც სიამოვნებს. გარდა ამისა ეს კაკუნი, დრო და დრო კარის ჭრიალი სპექტაკლის რიტმიკის შემქმნელიცაა.

ბეკეტის პიესის მსგავსად, სპექტაკლშიც ერთი და იგივე ტექსტი, ერთი და იგივე ქმედება რამდენჯერმე მეორდება. წარმოდგენაში რეჟისორმა ეს გამეორება უფრო აქცენტირებული გახადა. ბრმა, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულისთვის და მისი მომვლელისთვის არაფერი არ იცვლება. მათი ცხოვრება, უფრო მეტიც, მათ გარშემო არსებული სამყარო ერთფეროვნად ნაცრისფერია. ღმერთი არ არსებობს და სიცოცხლე არა მარტო მათთვის, არამედ მათ გარშემოც დასრულდა. მზე აღარაა, ცა ნაცრისფერია, ოკეანეც ნაცრისფერია და აღარ ღელავს, ცოცხალი არსებები აღარ არიან, ფინალისკენ შორს გამოჩენილი ბავშვიც ან, ცოცხალია და ან, არა. მუდმივად ჩარაზული ფანჯრის მიღმაც აღარაფერია. ლუმი პერისკოპით ათვალიერებს ხოლმე გარე სამყაროს. პიესაშიც და სპექტაკლშიც მხოლოდ ერთხელ იღება ფანჯარა და მის მიღმა არაფერი ჩანს. რეჟისორმა უტრირებაც კი გააკეთა და როდესაც ლუმი ფანჯარას გამოაღებს შავ ფონზე თეთრად გაკეთებული დიდი წარწერა ჩნდება: ნული. ერთ დახურულ სივრცეში გამოკეტილი ორი ადამიანის ცხოვრება ერთი და იმავე კითხვებსა და პასუხებში, ერთი და იგივე ქმედებებით მიმდინარეობს. ორივეს გაქცევა, თავის დაღწევა სურს, უნდათ რომ დასრულდეს ეს ყველაფერი, მაგრამ თან არ ძალუძთ და თანაც ეჭვი ეპარებათ: უნდათ კი?  - დაძინება რომ შემეძლოს, სიყვარულსაც შევძლებდი, ტყეში წავიდოდი, ტყის ენას ვისწავლიდი... ამბობს პერლი. მათი ცხოვრება ჯოჯოხეთია, სიზმარში გაქცევა სურთ, მაგრამ არ შეუძლიათ. აქ შექსპირის სენტენცია გამახსენდა: ცხოვრება -სიზმარია? ამ ორ ადამიანს სძულთ ერთმანეთი, მაგრამ მთელი ირონია ისაა, რომ უერთმანეთოდაც არ შეუძლიათ. მათ აღარ შეუძლიათ აღარც სიცოცხლე და აღარც სიკვდილი, ისინი მუდმივ უფერულ, უმოძრაო ჯოჯოხეთში  იმყოფებიან.

კაი ფოგესმა „თამაშის დასასრულის“ ფინალიც შეცვალა. ბეკეტის პიესაში კლოვი თითქოს გასამგზავრებლად ჩაცმული შემოდის სცენაზე, იგი შეშდება და ისმენს ჰამის ბოლო, თითქოს აბსურდულ, მაგრამ ტკივილითა და სასოწარკვეთით აღვსილ მონოლოგს - თამაში სრულდება. სპექტაკლში თითქოს წასასვლელად გამზადებული ლუმი ისევ კეტავს კარს და პერლთან ერთად გამოკეტილი რჩება. პერლის კითხვაზე - რომელი საათია? ლუმი უპასუხებს: იგივე, როგორც ყოველთვის.  

მაკა ვასაძე