პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 13:30 - სამშაბათი, 3ოქტომბერი
მდებარეობა: ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
მარტინ მაკდონა

ბალიშის კაცუნა

 

თარგმნა მანანა ანთაძემ
დამდგმელი რეჟისორი – დავით დოიაშვილი
სცენოგრაფია  დავით დოიაშვილის
კოსტიუმების მხატვარი  –  ანანო მოსიძე
ქორეოგრაფი  –  კონსტანტინე ფურცელაძე
რეჟისორის თანაშემწე  –  ნინო ჭავჭავაძე

სპექტაკლში გამოყენებულია ფრიდერიკ  შოპენის მუსიკა
 

მონაწილეობენ:

კახა კინწურაშვილი

  დავით ბეშიტაიშვილი

დევი ბიბილეიშვილი

ნანა ბუთხუზი

 ბუბა გოგორიშვილი

ალეკო ბეგალიშვილი

გიგი ქარსელაძე

 

პრემიერა შედგა:  2016 წლის 6 ოქტომბერს
ხანგრძლივობა:  190 წუთი,  ორ მოქმედებად
საგასტროლო ჯგუფი:  15 ადამიანი


სპექტაკლის შესახებ:

,,ბალიშის კაცუნა“ –  ორი „ტონის“, „ოლივიეს“ და „ოსკარის“ მფლობელი  თანამედროვე  ირლანდიელი დრამატურგის,  მარტინ მაკდონას ამავე სახელწოდების  პიესის მიხედვით დაიდგა.

სპექტაკლი  „ბალიშის კაცუნა“  დაკითხვის სცენით იწყება.  მთავარი გმირი –  ნიჭიერი მწერალი კატურიენი, დეტექტივებმა ტუპოლსკიმ და არიელმა დააპატიმრეს, რადგან  მის მოთხრობებში აღწერილი სასტიკი ძალადობა ბავშვების მიმართ, ძალიან გავს ბოლოდროინდელ რეალურად ჩადენილ ბავშთა მკვლელობებს. 

სიმართლის  გარკევასთან ერთად უფრო და უფრო ძლიერდება ბლანტ კოშმარში ჩაძირვის შეგრძნება... აღმოჩნდება, რომ მწერლის ძმა – მიშელი – უნარშეზღუდულია, მისი მშობლები – ფანატიკოსები, მანიაკები და სადისტები იყვნენ, დეტექტივები – საკუთარი წარსულის მძევლები არიან....

შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ მაკდონას ეს პიესა ძალიან შორსაა ჩვენი რეალობისგან, მაგრამ

ეს არის სპექტაკლი, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ, თუ საიდან მოდის  თქვენი ბავშვობის ამდენი ტრავმა?!

აღმოაჩენთ, რომ საყვარელმა მშობლებმა  მხოლოდ მსხვერპლად გაგზარდეს, ან უარესი, ზოგი თქვენგანი, მოძალადედაც?!

დაფიქრდებით, რომ   ექვსი  ადამიანის  მკვლელი  შეიძლება  იყოს უდანაშაულოც?!

შეამჩნევთ,   როგორ გიჭირთ სიახლეებთან   შეგუება და როგორ გაღიზიანებენ ადამიანები –  სხვისგან გამორჩეული და განსხვავებული ადამიანები?!

მიხვდებით,  რომ ღმერთი მხოლოდ  იმიტომ უნდა გიყვარდეთ,  რომ მას  ჰყავს რჩეული და  ერთ მშვენიერ დღეს  ეს რჩეული შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ?!

და საერთოდ,  გაიგებთ,  რომ  „ჰეფი ენდი“  –  დიდი ტყუილია! ბედნიერი დასასრული ცხოვრებაში არ არსებობს!

 

 

 

პრესა:

 „ბალიშის კაცუნა“ საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლია!

 

დიდხანს ველოდი იმ რეჟისორს, ვინც ქართულ თეატრში ახალ სიტყვას პირველი იტყოდა. ეს დავით დოიაშვილია! მან მუსიკისა და დრამის თეატრში თანამედროვე ავტორის მარტინ მაკდონას პიესა „ბალიშის კაცუნა“ ბრწყინვალედ დადგა.

დავით დოიაშვილი და მისი დასი დიდი ტკივილით აშიშვლებს დღევანდელ საზოგადოებას, თვით მსახიობებიც მაყურებლის თვალწინ სულიერად შიშვლდებიან და როცა სცენაზე დამონტაჟებულ აუზებში ჩასხმულ წყალში, ალბათ, ცრემლების მორევში მოძრაობენ, შენც ამ მორევში ჩათრევას გაიძულებენ. რეჟისორი და მსახიობები თითქოს შერლოკ ჰოლმსის გამადიდებელი შუშით იკვლევენ დღევანდელ დღეს გამეფებულ ადამიანთა სისასტიკეს, რომლის მიზეზს წარსულში, ოჯახში ეძებენ, თუმც სპექტაკლის ყველა ეპიზოდი, რომელიც ხან რეალურია და ხან ფანტასმაგორიული ზმანება, მაყურებელში მშვენიერების განცდას იწვევს. წარმოდგენა ფრთებს გიშლით და, შეიძლება ითქვას, ფრენას გასწავლით.

მანანა ტურიაშვილი

 

 

 

 

 

რეკომენდაცია:

 

რა არის პირველადი – შემოქმედება თუ რეალობა? ვინ არის პასუხისმგებელი სამყაროში გამეფებულ ძალადობაზე და სადაა მისი სათავე? ვინ ვართ ჩვენ და ვაგებთ თუ არა პასუხს იმ ტანჯვასა და ტკივილზე ქვეყნად რომ სუფევს? მუსიკისა და დრამის თეატრის სპეტქაკლი „ბალიშის კაცუნა“ ადამიანისა და საზოგადოების წინაშე მდგარ უმწვავეს კითხვებზე პასუხების ძიებაშია. დავით დოიაშვილის სპექტაკლის პირქუში ლირიზმი და გულახდილობა, სიყვარულისა და სისასტიკის სიმბიოზი მომნუსხველ ზემოქმედებას ახდენს მაყურებელზე, რომელიც განიარაღებული ერთვება ამ ერთობლივი  რეფლექსიისა თუ თერაპიის „სეანსში“, რომელიც მარტინ მაკდონას ,,დეტექტიური თრილერისა“ და „ფსიქოლოგიური ზღაპრის“ საფუძველზე შეიქმნა. რეჟისორისა და მსახიობთა მოგზაურობა  ფსიქიკის სიღრმეებში უძველეს კოლექტიურ შრეებს წვდება, არაცნობიერის ყველაზე ბნელი „წყალსატევების“ სარქველებს ახდის და საკუთარ ჩრდილებს შეგვახვედრებს. წყალი წარმოდგენის დომინანტური სიმბოლოა, რომელიც ერთსა და იმავე დროს არაცნობიერ ფსიქიკასა და აფექტთაგან განწმენდას აღნიშნავს. სპექტაკლი სცდება ტოტალიტარულ სახელმწიფოში ხელოვანის თავისუფალი თვითგამოხატვის პრობლემის ფარგლებს და კულტურისა და ყოფიერების ფუძისეული წინააღმდეგობების წინაშე გვაყენებს. ის ერთსა და იმავე დროს მძაფრად ემოციურია, ინტელექტუალური და ტარგიკული გროტესკითა და შავი იუმორით აღსავსე. ჩვენ ყველანი წარმოშობით ბავშვობიდან ვართ, ამბობდა ეგზიუპერი, თუმცა ბავშვობის ზღაპარი  ურჩხულებით შეიძლება იყოს აღსასავსე. რეჟისორ დოიაშვილის თქმით, თუ ჩვენი წარსულის ტრამვებს გავაანალიზებთ, უკეთესი მომავალი გვექნება, რადგან „თანამედროვე ადამიანი მხოლოდ ის არის, ვინც რეალობას სრულად აცნობიერებს“ (კარლ გუსტავ იუნგი, „თანამედროვე ადამიანის სულის პრობლემები“) და მის წინაშე პირისპირ დარჩენის გამბედაობა ჰყოფნის.

 

თამარ ბოკუჩავა

თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი 1926 წელს დაარსდა.  თეატრის რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ მუსიკალური კომედიებისაგან. წლების განმავლობაში ამ თეატრში მოღვაწეობდნენ  გამოჩენილი ქართველი რეჟისორები და მსახიობები, კომპოზიტორები და დრამატურგები, მხატვრები და ქორეოგრაფები...  თეატრის პოპულარობა  სწრაფად იზრდებოდა და ის ქართული თეატრალური და მუსიკალური კულტურის უმნიშვენელოვანეს  ნაწილს წარმოადგენდა....

მას შემდეგ,  რაც 2004 წელს   თეატრს სათავეში ჩაუდგა  ახალგაზრდა  რეჟისორი დავით დოიაშვილი ჩატარდა ფუნდამენტური რეფორმები და შეიქმნა სინთეზური ხასიათის თეატრი, რომელმაც თავის რეპერტუარში ჩართო სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები: დრამა, ოპერა, კომედია, მიუზიკლი, მუსიკალური დრამა, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული  წარმოდგენები.

მიუხადავად იმისა, რომ ახალი თეატრის მშენებლობის საქმე   ჯერ კვლავაც პროცესშია, რის გამოც   სპექტაკლების დადგმა და შესრულება გვიწეევს ექპერიმენტულ სცენაზე, თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი ერთ-ერთი ინოვატორული და წარმატებული თეატრია ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება  თეატრის მნიშვნელოვანი ჯილდოებისა და პრიზების რაოდენობა, და ასევე მისი საერთაშორისო აღიარება და სახელი. 

2015 წელს თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი გახდა „NETA NETWORK”-ის (ახალი ევროპული თეატრების ასოციაცია) წევრი და შეუერთდა ცნობილი ევროპული თეატრალური კომპანიების ოჯახს.

დღესდღეობით, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ განვაახლოთ და გავამდიდროთ თეატრის რეპერტუარი და   ასევე შევქმნათ ჯანსაღი და პროდუქტიული გარემო ერთობლივი თანამშრომლობისათვის ცნობილ და ახალგაზრდა  ქართველ თუ მსოფლიოს  სხვადსხვა  ქვეყნის არტისტებთან.   

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით დოიაშვილი

თეატრის მმართველი: დავით დოიაშვილი
საკონტაქტო პირი: პროდიუსერი   მურმან-დავით კარტოზია
ტელ: +995 579444139
E-mail: musicandrama@gmail.com
bukajazz@gmail.com

www.musictheatre.ge