პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ხუთშაბათი, 5ოქტომბერი
მდებარეობა: თოჯინების თეატრის ახალი შენობა.
თამთა მელაშვილი

გ–ა–თ–ვ–ლ–ა

 

დამდგმელი რეჟისორი – გურამ მაცხონაშვილი
სცენოგრაფია  გურამ მაცხონაშვილის
კომპოზიტორი –  ერეკლე დეისაძე
რეჟისორის თანაშემწე –  თამარ მედოევი
 

მონაწილეობენ: ანიკო ცეცხლაძე, ეკა დემეტრაძე, თეა კიწმარიშვილი, ნათია შეშაბერიძე, მარიკა ძაგნიძე, ნინო ნატროშვილი, ნათია ხმიადაშვილი, ნინო პაპიაშვილი, მაია სულხანიშვილი, მანანა წიკლაური

 

პრემიერა შედგა:  2017 წლის 9 აპრილს
ხანგრძლივობა:  95 წუთი.  ერთ მოქმედებად
საგასტროლო ჯგუფი:  16 ადამიანი


სპექტაკლის შესახებ:

სამი დღე კონფლიქტის ზონაში – 13 წლის გოგონების თვალით დანახული ომი და ძალადობა. გარემო, სადაც სიკვდილი ჩვეულებრივი ამბავია. მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ერთადერთი მიზანი არსებობს – გადარჩენა. ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს – შეიარაღებულ კონფლიქტს გამართლება არა აქვს.
„საბას“ გამარჯვებული რომანი „გათვლა“ სამჯერ დაიდგა გერმანიაში, ერთხელ – შვეიცარიაში. თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სცენაზე დადგმული „გათვლა“ რომანის პირველი ქართული სცენური ვერსიაა.

ავტორი არ აკონკრეტებს ლოკაციას, მაგრამ დეტალებიდან ადვილად შეიძლება დავინახოთ 2008 წლის ქართულ-რუსული სამხედრო კონფლიქტი. რომანის სცენურ, ადაპტირებულ ვერსიაში ყველა პერსონაჟს განასახიერებენ ქალები. ე.წ. „ქალაქის ხმა“ კი წარმოდგენილია პატარძლების ქოროს სახით, რომლის თითეული მონაწილე სხვა პერსონაჟებსაც, მათ შორის მამაკაცებსაც  განასახიერებს.  რას აკეთებენ ქალები და ბავშვები ომში? მაშინ, როცა მამაკაცები „საომარ თამაშში“ არიან ჩაბმულნი, ქალები „სახლობანას თამაშობენ“.

სპექტაკლის მიზნობრივი აუდიტორია +18 განისაზღვრა. თეატრი ამ წარმოდგენას მართავს აღმაშენებლის #136-ში, თოჯინების თეატრის ახალ, მშენებარე შენობაში, რომელიც ამ ეტაპზე წარმოადგენს შავ კარკასს და სპექტაკლის თემატიკიდან გამომდინარე, საუკეთესოა ამ დადგმისთვის. სპექტაკლით გვინდა, დავანგრიოთ საბჭოთა კავშირში დანერგილი სტერეოტიპი, რომ თოჯინების თეატრი მხოლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

 

პრესა:
 

„მთელი სცენური ანტურაჟი, ანუ „ვარდისეფერ-კიჩური“ გარემო: თოჯინებით, საბავშვო ეტლებით, სათამაშოებით, ცოცხებით, კალათებით, ფარდებით, პლუს „ქოროს“ თეთრი საპატარძლო კაბები, ერთი მხრივ, აჩენს სრულიად გასაგებ დისტანციასა და ირონიას თავად გარემოს მიმართ და, მეორე მხრივ, ამძაფრებს დაკარგული თუ „აღმოჩენილი“ქალური საწყისის მნიშვნელობას, სქესს. ისიც გასაგებია, რომ რეჟისორი შეგნებულად არღვევს სტერეოტიპებს, საზოგადოებრივ დაკვეთასაც და ომის მიღმა დარჩენილ ლანდშაფტს სწორედ ომების მთავარი შემოქმედების კაცების გარეშე წარმოგვიდგენს.

„გ-ა-თ-ვ-ლ-ა“ ეს არის ერთდროულად მკვდართა და ცოცხალთა ათვლაც, რომელიც მაცდური, მგრძნობიარე და „ვარდისფერი სისასტიკითაა“ შემოსილი და ნათლად გვაგრძნობინებს, რომ ომს სწორედაც რომ ქალის სახე აქვს. კაცებს ვერსად ნახავთ, რადგან ისინი აქ უბრალოდ არ არსებობენ. მათ იქვე, ხევში აყროლებული მკვდრების დამარხვაც არ ძალუძთ“.

(„ვარდისფერი სიკვდილის ტურები“ / დავით ბუხრიკიძე/ჟურნალი „ლიბერალი“)

რეკომენდაცია:

„გათვლა“ თბილისის თოჯინების თეატრის ის პროექტია, რომელიც +18 ასაკის მაყურებელზეა გათვლილი. ამ თეატრში კი, ეს უკვე მერამდენე „გადახვევაა“ ტრადიციული კურსიდან (სფეციფიკიდან). სინამდვილეში ეს „გადახვევები“ ყველაზე ლოგიკური და აუცილებელი გზაა ნებისმიერი თეატრის განვითარებისთვის, რათა შემოქმედებითმა რესურსმა მუდმივი თვითგანახლება განიცადოს. მეორე მხრივ, თეატრიც აფართოვებს მაყურებლის არეალსაც და სეგმენტსაც. ის, რომ თოჯინების თეატრი ერთგვარ დრომოჭმულ, ჩანასახშივე შეცდომით შექმნილ სტერეოტიპებს არღვევს თავისი რეპერტუარით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გურამ მაცხონაშვილი არ გვთავაზობს ახალ, ან უცხო სათეატრო ფორმებს, არც უცნობ გამომსახველობით საშუალებებს, ის მხოლოდ თხრობის უცნაური, გამორჩეული სტილით იპყრობს თეატრისმოყვარულთა ყურადღებას. ამაში მას ტრადიციებისგან გამიჯვნა და შეიძლება ითქვას ღია პროტესტიც ეხმარება, რაც მას გარკვეული გავლენებისგან ათავისუფლებს. გზას, რომელსაც ახალგაზრდა რეჟისორი გადის საინტერესო პროცესია, ხოლო მისი ბოლო ნამუშევარი „გათვლა“ კი საკუთარის ძიების წარმატებული შედეგის ერთი ეტაპი, არა მხოლოდ მისთვის, როგორც არტისტისთვის, არამედ თავად თოჯინების თეატრისთვისაც.

ლაშა ჩხარტიშვილი
თეატრის კრიტიკოსი

თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ისტორია 1934 წლიდან იწყება, როდესაც  საქართველოს სახალხო არტისტმა - გიორგი მიქელაძემ გადაწყვიტა გარშემო შემოეკრიბა თანამოაზრეები და ამ მნიშვნელოვან საქმეს შეჭიდებოდა.

დღესდღეობით თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლი რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია. თეატრის დირექტორი - თემურ ბადრიაშვილი.

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში თეატრი დიდი პრობლემის წინაშე იდგა - ის საკუთარი შენობის გარეშე ფუნქციონირებდა. დღესდღეობით ეს საკითხი მოგვარების ეტაპზეა და სულ მალე მაყურებელს განახლებულ შენობაში ვუმასპინძლებთ.

მიუხედავად რთული სამუშაო პირობებისა, თოჯინების თეატრს არცერთი დღით არ შეუწყვეტია ფუნქციონირება. წელიწადში საშუალოდ, 5-7 სპექტაკლის პრემიერას ვთავაზობთ მაყურებელს.

ბოლო პერიოდში ვსტუმრობდით სომხეთს, ყაზახეთს, ასევე,  ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის გაიმართა სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!“

მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებაშიც დღესდღეობით თოჯინების თეატრია ჩართული, არის შშმ პირების დასაქმება თეატრში. ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის თოჯინების თეატრი საქმიანი ვიზიტით ეწვია ლონდონის ჩიქენშედის თეატრს, რომელიც მორგებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონდე ადამიანებზე. სწორედ ამ მიზნით, თოჯინების თეატრის ახალი შენობა მთლიანად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ და იყვნენ ჩართულები თეატრის ყოველდღიურ საქმიანობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ელენე მაცხონაშვილი
თეატრის დირექტორი: თემურ ბადრიაშვილი
საკონტაქტო პირი: თათია კვალიაშვილი (პიარ-მენეჯერი)
ტელ:+995  599 33 87 36
E-mail: tatiakvalishvili@gmail.com