პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 19:00 - სამშაბათი, 3ოქტომბერი
მდებარეობა: სამეფო უბნის თეატრი
იასუნარი კავაბატა

სახეები


დამდგმელი რეჟისორი – დათა თავაძე
სცენოგრაფია  ქეთი ნადიბაიძის
კოსტიუმების მხატვარი – ქეთი ნადიბაიძე
რეჟისორის თანაშემწე – ნათია შალიკაშვილი


 

მონაწილეობენ:

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები:
ნატალია გაბისონია, ანა-მარია გურგენიშვილი, ნიკოლოზ გოგიძე, სოფიო ზერაგია, ლიკა მაისურაძე, ივა ქიმერიძე, ლევან სარალიძე, გიორგი რაზმაძე, ანასტასია ჭანტურაია, ბექა ხაჩიძე

 

პრემიერა შედგა:  2017 წლის 16 მარტს
ხანგრძლივობა:  90 წუთი,  ერთ მოქმედებად
საგასტროლო ჯგუფი:  15 ადამიანი
 

 

სპექტაკლის შესახებ:

სპექტაკლს საფუძვლად დაედო დიდი იაპონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, იასუნარი კავაბატას რამდენიმე მოთხრობა ციკლიდან „ხელისგულისოდენა მოთხრობები“. უჩვეულო სიღრმით, მომნუსხავი ლიტერატურული ჟღერადობით სავსე ნოველები რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლში ერთ უწყვეტ ნაკადად გადაიქცევა; ახალგაზრდა მსახიობთა ანსამბლი ცდილობს ჩაუღრმავდეს კავაბატას სიყვარულით, ტრაგიზმით, ფილოსოფიური წიაღსვლებით სავსე სამყაროს. 

 

 

რეკომენდაცია:

„სახეები“ სამეფო უბნის თეატრისა და საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტ-მსახიობების გაბედული ერთობლივი ნამუშევარია, სადაც ახალგაზრდა მსახიობები თითქოს ახალგაზრდა პედაგოგის – დათა თავაძის „რეჟისორულ ანბანს“ საკუთარი ნიჭიერებისა და შესაძლებლობლობის ფარგლებში სწავლობენ. კავაბატას პროზაული ნაწარმოებები ნორჩი მსახიობების მიერ ერთგვარ მთლიანობად, „გეშტალტად“  აღიქმება, რომელშიც ნაწილი და მთელი  ქორეოგრაფიულ-დრამატული ბალანსით ერთიანდება.

სპექტაკლში ბევრია ორიგინალური და ზოგჯერ თვითმიზნური სავარჯიშები და ეტიუდები, მაგრამ ამავე დროს, მასში მკაფიოდ იკითხება სიახლის და ფორმის ძიების სურვილი... გარდა ამისა, ეს ერთვარი ტესტია ახლგაზრდა მსახიობების ნიჭის, ენერგიისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

დავით ბუხრიკიძე
ხელოვნების კრიტიკოსი

 

სამეფო უბნის თეატრი დაარსდა 1997 წელს გამოჩენილი ქართველი მსახიობის იზა გიგოშვილის ინიციატივით. დღიდან დაარსებისა თეატრი ხელს უწყობს ინოვაციურ და თავისუფალ თეატრალურ ექსპერიმენტებს, თანამედროვე, ან საქართველოში ჯერ არ განხორციელებული დრამის პოპულარიზაციას, რითიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული თეატრის საზღვრების გაფართოებაში. 2008 წლიდან აქ აქტიურად მუშაობს ახალგაზრდული ჯგუფი, რომელმაც სამეფო უბნის თეატრს საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოუტანა პოპულარობა ფორმით ინოვაციური და თემატურად აქტუალური  სპექტაკლებით. 2013 წელს  სპექტაკლის „ტროელი ქალების“ პრემიერა გაიმართა ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეატრალური ღონისძიების ფარგლებში „სასცენო ხელოვნების ბიენალეზე“ (შვედეთი), სადაც მაყურებლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ დასს ორი დამატებითი სპექტაკლის თამაში მოუწია, ასევე „ტროელი ქალები“ ნახეს ბრიუსელის სახელოვნებო ცენტრ BOZAR-ში, სადაც ქართული დასი პირველად წარსდგა, წლის ბოლოს კი სპექტაკლი თეატრალური პრემია „დურუჯით“ აღინიშნა. 
2008-2011 წლებში სამეფო უბნის თეატრმა დააფუძნა 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი „არდიფესტი,“ რომლის მიზანი ახალი სახელების აღმოჩენა და მათი წახალისება იყო. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ „არდიფესტის“ ფარგლებში აღმოჩენილი რეჟისორები, დრამატურგები, მსახიობები, კომპოზიტორები და სცენოგრაფები წარმოადგენენ დღეს ქართული თეატრის ახალგაზრდულ სახეს.   
სამეფო უბნის თეატრი ასევე აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში, მის ბაზაზე არსებობს „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი –  თემურ ჩხეიძის სახელოსნო", რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. თეატრი აქტიურად თანამშრომლობს გეტებორგის მუსიკისა და დრამის აკადემიასთან (შვედეთი) და თვეში ერთხელ მართავს პროფესიულ ღია ლექციებსა და  სემინარებს, უორქშოფებსა და მასტერ-კლასებს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებსაც ქართველი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან. 
სამეფო უბნის თეატრი რეპერტუარისთვის მასალის შერჩევისას ყოველთვის ითვალისწინებს სოციალურ ღირებულებებს, თანამედროვე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რადგან გვჯერა, რომ თეატრი არის რეფლექსიისა და რეაგირების, დიალოგისა და ანალიზის სივრცე. 

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: მერაბ თავაძე
თეატრის მმართველი: ნიკა თავაძე
საკონტაქტო პირი: დრამატურგი დავით გაბუნია
ტელ: +995 322996171
E-mail: dgabunia@yahoo.com

www.rdt.ge