ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - შაბათი, 29 სექტემბერი
მდებარეობა: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
ირაკლი გურგენიძე, კობა შონია

როცა ქვეყანა დიდია

რეჟისორი ირაკლი  გურგენიძე
სცენოგრაფია შოთა გლურჯიძის
ქორეოგრაფები კობა შონია, მარიამ ჭარხალაძე
მუსიკალური გაფორმება ირაკლი გურგენიძისა და კობა შონიასი
რეჟისორის თანაშემწე ელა კაზარიანი

 

მონაწილეობენ:

ეკა ანდრონიკაშვილი, ქეთი ასათიანი/ანა ნიკოლაშვილი, რუსუდან  ბოლქვაძე, ანა-მარია გურგენიშვილი, ირაკლი გურგენიძე, ვანო დუგლაძე, ნანუკა კუპატაძე, ცოტნე მეტონიძე, თემო ნატროშვილი, თორნიკე ქუთათელაძე, კობა  შონია, ნინელი ჭანკვეტაძე, ბექა ჯუმუტია, ელისაბედ ფერაძე

 

სპექტაკლის შესახებ:

სპექტაკლში  ტანგოს ენით ნაჩვენებია  დიდ  ქალაქში ჩამოსული გოგონას ამბავი, რომელიც  მისთვის მოულოდნელად, ერთდროულად  ეჯახება ცხოვრების მრავალმხრივ ხიფათს – პირველ სიყვარულს და იმედგაცრუებას, მეგობრობას, მტრობას, უცხო გარემოში თავის დამკვიდრებას და წარმატებისთვის ბრძოლას...  გვიჩვენებს ძლიერი ადამიანის სვლას ცხოვრების რთულ ლაბირინთებში და მისი ჩამოყალიბების პროცესს – აბსოლოტური უცხოობიდან, მისი გარემოცვის, ერთგვარი მიკროსამყაროს, ყურადღების ცენტრად  ქცევამდე.

თეატრალურ წარმოდგენაში მიზანმიმართულად არაა დაკონკრეტებული მოქმედების დრო და სივრცე, რათა განზოგადებული სახით წარმოდგენილი ცხოვრების თანმდევი მარადიული თემების მიღმა, თითოეულმა მაყურებელმა საკუთარი ამბავი ამოიკითხოს და ამგვარად თანამონაწილე გახდეს ავტორების მიერ შეთავაზებული ისტორიისა. 

პრემიერის  თარიღი: 19.04. 2018
ხანგრძლივობა: 55 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 23 ადამიანი

 

ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში.

. თუმანიშვილი

1975 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე  შეიქმნა და 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა  თეატრალური სახელოსნო - კინომსახიობთა თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი უბრწყინვალესი რეფორმატორი რეჟისორი და უნიკალური პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი იყო, ხოლო ძირითადი ბირთვი  კი „თუმანიშვილის სკოლის“  მოწაფეები, ექსპერიმენტული ჯგუფის სტუდენტები - რეჟისორები და მსახიობები.

„ჩვენს სცენას არა აქვს კულისები, არა აქვს ფარდა, როგორც ეს თეატრ „გლობუსში“ იყო. ავდივართ ცარიელ ფიცარნაგზე, როგორც ეშაფოტზე. ვიწვით, ვცდილობთ ვიკაშკაშოთ და ბოლომდე დავიწვათ.“ (მიხეილ თუმანიშვილი, 1994 წ. ლონდონი, შექსპირის საერთაშორისო ფესტივალი)

თეატრის რეპერტუარი მუდამ ივსებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლებით, იყო ბევრი გასტროლი, საერთაშორისო ფესტივალები და დიდი წარმატება. რაც მთავარია,  ეს მცირე ფორმის სტუდიური თეატრი მუდამ უყვარდა, სჭირდებოდა და ეამაყებოდა ქართველ მაყუებელს.

1996 წელს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა და კინომსახიობთა თეატრს მისი სახელი ეწოდა. დღეს „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში“ მისი მოწაფეები მოღვაწეობენ.              

ძველ თაობასთან ერთად უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობა  დგას სცენაზე.   ყველანი ერთად ცდილობენ  ასახონ თანამედროვეობა, გულწრფელად, საინტერესოდ ისაუბრონ მაყურებელთან.  რეპერტუარში უწყვეტადაა გამორჩევით ხანდაზმული სპექტაკლი „ბაკულას ღორები“. თეატრი ცდილობს შეინარჩუნოს თუმანიშვილის „ჩვენი პატარა ქალაქი“,  რათა ახალგაზრდები ეზიარონ ძველ გამოცდილებას, იგრძნონ ატმოსფერო.

აფიშა მრავალფეროვანია და საინტერესო. სიამოვნებით მოდიან უცხოელი რეჟისორები და მუშაობენ განსხვავებული მეთოდიკით.  მიხეილ მარმარინოსმა დადგა „მედეა-მასალა“, „ეროვნული ჰიმნი“ , „რომეო და ჯულიეტა“ , ჰილარი ვუდმა - „კაბა“, „კამინო რეალი“, „ჭირვეულის მორჯულება“. გაი მასტერსონის „ცხოველების ფერმამ“ კი ნამდვილი ფურორი მოახდინა ედინბურგის ფესტივალზე. ცალკე აღნიშვნის ღირსია 2016 წელს დადგმული ზურაბ გეწაძისეული შექსპირის „მეფე ლირი“ (ზურაბ ყიფშიძე  მეფე ლირის როლში), რომელიც მაყურებლის უსაყვარლეს და ყველაზე პოპულარულ სპექტაკლად იქცა. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი  სიხარულიძე
საკონტაქტო პირი: ზურაბ გეწაძე 
ტელ: +995 599 550 912
E-mail : info@tumanishvilitheatre.ge
zuragets@yahoo.com

web: www.tumanishvilitheatre.ge

ირაკლი გურგენიძე

რეჟისორი, მსახიობი, ქორეოგრაფი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

პირველი ნაბიჯები შემოქმედებით ცხოვრებაში უკავშირდება  მოძრაობის თეატრ–სტუდია „იმპრო“–ს, სადაც მოძრაობის რამდენიმე სპექტაკლში მთავარი როლი შეასრულა. პარალელურად დადგა რამდენიმე მიმოდრამატული ნომერი სხვადასხვა შოუსთვის. ხოლო 2005 წელს, როგორც რეჟისორმა და ქორეოგრაფმა შექმნა სანახაობა „აფროშოუ“ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტა კავშირის დაკვეთით, როგორც  სცენარის ავტორს და რეჟისორს გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.                 განხორციელებული აქვს თეატრალური დადგმები თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში.

2016 წელს კინომსახიობთა თეატრში დადგმული სპექტაკლი „დაგვიანებული ჩაი“ თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციისა და ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ აღინიშნა როგორც „საუკეთესო დებიუტი“