ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ოთხშაბათი, 26 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
ჟან პოლ სარტრის მიხედვით

ცუდი დედა

„ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა - მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა.“
სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით, დიდმა ქართველმა რეჟისორმა და რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. მარჯანიშვილის თეატრს წლების მანძილზე ქმნიდნენ ცნობილი მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, რომლებმაც მარჯანიშვილის თეატრი თბილისის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქციეს.
თეატრი დღემდე რჩება იმ ტრადიციების გამგრძელებელი, რომელიც დაარსების დღიდან გამოეკვეთა.
თეატრს აქვს 3 სცენა: დიდი სცენა, „სხვენი“, და 2013 წლიდან უკვე ახალი სცენა.
2006 წლიდან დღემდე მარჯანიშვილის თეატრს თანამედროვეობის გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძე ხელმძღვანელობს.
თეატრი ყოველთვის კარს უღებს ნოვაციებს. სწორედ ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით და მაყურებელზე ორიენტირებული რეპერტუარით მან მოახერხა „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელის დამკვიდრება.
შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია. მარჯანიშვილის თეატრის ცხოვრება მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია:
 ახალი პიესების მოძიება, კითხვა და დადგმა, სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები, კოპროდუქციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

დაარსებიდან 85 წლის შემდეგ, გაზეთი გარდიანი წერს - „თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ“

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ლევან წულაძე
თატრის მმართველი:  ეკატერინე მაზმიშვილი
საკონტაქტო პირი:  ეკატერინე მაზმიშვილი (თატრის მმართველი)
                                   ტელ: +995 322 95 40 01; + 995 32 295 35 82;
                               E-mail : eka@marjanishvili.com
                                    web:  www.marjanishvili.com

„გარდიანი“

ლევან წულაძე

ლევან წულაძე დღეს ქართული თეატრის ნამდვილ ავანგარდშია და ეს ბევრი ფაქტითა და ნიშნით დასტურდება. დასტურდება ათობით წარმატებული სპექტაკლით, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პრემიებითა და მაყურებლით, რომელიც მის სპექტაკლებს არასოდეს აკლდა და არასდროს ელევა.

მან კოლეგა-მეგობრებთან ერთად, XX საუკუნის 90-იან წლებში, თბილისის ცენტრალურ უბნებში - რუსთაველზე, შემდეგ ვაკეში -პირველი დამოუკიდებელი თეატრები „თეატრალური სარდაფები“  შექმნა.  2006 წელს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლად დანიშვნის შემდეგ, ახალი მხატვრული ამოცანების გადაჭრისა და ახალი ფორმების ძიება-დამკვიდრების პარალელურად,  უშუალოდ თეატრში კიდევ 2 „თეატრი“ შექნა - „სხვენი“ და „სარდაფი“ და თანამედროვე  ქართულ თეატრს   კიდევ რამდენიმე  ახალი გეზი მისცა - სივრცეების რეპერტუარიც და ფორმაც სწორედ მდებარეობიდან და ფორმატიდან განსაზღვრა.

ძიებების პროცესი (საკუთარი თუ სხვებთან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან ერთად) რამდენიმე მიმართულებით გააგრძელა. სხვადასხვა ჟანის, ფორმის, სტილისტიკის სპექტაკლები - სევდიანი კომედიებიდან ტრაგიკომედიამდე, დრამიდან ტრაგედიამდე, შექსპირიდან თომას მანამდე, ბრეხტიდან გოგოლამდე, ჩეხოვიდან ზიუსკინდამდე, პოლიკარპე კაკაბაძიდან ლაშა ბუღაძემდე, შალომ ალეიხემიდან და გურამ ბათიაშვილიდან გოეთემდე და კაფკამდე და სხვა და სხვა - წარმოადგენენ ლევან წულაძეს, როგორც მრავალსახოვან ხელოვანს, რომლისთვისაც შემოქმედებაში წინააღმდგობები არ არსებობს და თუ არსებობს, მათი დაძლევის ბევრი ხერხი და საშუალებაა ცნობილი. და თუ ცნობილი არაა, ახლის გამოგონება შეუძლია.  

ასეთი „გამონაგონია“ მისი „ნავიგატორი“, (რომელიც ფრანკფურტის  თეატრალური პროგრამის ნაწილია) ახალი ქართული დრამატურგიის გამორჩეულ წარმომადგენელ ლაშა ბუღაძის (რომელსაც დღეს თეატრში ყველაზე აქტიურად  დგამენ) პოპულარულ პიესაზე, რომელიც ადამიანისა და ხმის, ოღონდ, არა ადამიანის - ნავიგატორის (გზის მაჩვენებლის)  სიყვარულის ისტორიაა.

ამ სპექტაკლით  ლევან წულაძემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ცხოვრება მართლაც თეატრია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მოულოდნელი და დაუჯერებელი; სადაც წაშლილია ყველა ზღვარი რეალობასა და პირობითობას, ნამდვილსა და გამონაგონს, სიზმარსა და ცხადს, ზღაპარსა და სინამდვილეს; ვირტუალურსა და ფიზიკურს შორის. სადაც შესაძლებელია ბოროტი კეთილად იქცეს,  სახე და ზნე იცვალოს;  უბედურებასა და ტანჯვას  კი, ბედნიერებამ და სიხარულმა აჯობოს.

იშვიათია, როდესაც პიროვნება, მისი თვისებები (და არა, ვთქვათ, პოზიცია, აზროვნება, სათქმელი) ასე ჩანს ნამუშევარში. ლევან წულაძის ყველა სპექტაკლი ყოველ მორიგ ჯერზე გვაჩვენებს, თუ როგორი ადამიანია ის, როგორ უყვარს ადამიანები, როგორ შეუძლია მათი პრობლემები საკუთარად აქციოს და დაპირდეს, შემდეგ აასრულოს  დაპირებები, რომ, მაშინაც კი, როდესაც აღარ არსებობს იმედი და რაც მოხდა, ვეღარასოდეს დაბრუნდება. მოგცეს რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.