ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ხუთშაბათი, 27 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
ჟან პოლ სარტრის მიხედვით

ცუდი დედა

„ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა _ მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა.“

სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით, დიდმა ქართველმა რეჟისორმა და რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. მარჯანიშვილის თეატრს წლების განმავლობაში ქმნიდნენ ცნობილი მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, რომლებმაც  იგი ქვეყნის  კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქციეს.

მარჯანიშვილის თეატრს  დაარსებიდან 90 წელი უსრულდება.  თეატრი მისი დამაარსებლის _ კოტე მარჯანიშვილის  ტრადიციების ერთგული რჩება.   ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით,  მაყურებელზე ორიენტირებული რეპერტუარით მან მოახერხა „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელი დაემკვიდრებინა. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია. მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს.

2006 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძე. თეატრში მუშაობენ საუკეთესო მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები,  კომპოზიტორები, ეს ის გუნდია, რომელიც განაპირობებს  თეატრის წარმატებას და აქტუალურობას.  ყველა საპრემიერო წარმოდგენა დიდი მოვლენაა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. 

მარჯანიშვილის თეატრი  მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა.

2015 წლიდან  მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალურ კონვენციის _ ETC -ის  სრულუფლებიანი წევრი გახდა!

კონვენციის წევრობა გულისხმობს ევროპული თეატრების ოჯახში გაერთიანებას.  მნიშვნელოვან  პროექტებში მონაწილეობას, ერთობლივი პროდუქციის შექმნას და იდეების განხორციელების შესაძლებლობას.

თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი წერდა:

„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ლევან წულაძე
თეატრის დირექტორი: ეკატერინე მაზმიშვილი
საკონტაქტო პირი: თამარ ლალიაშვილი
ტელ: (+995) 574771171
E-mail: tamuna@marjanishvili.com
eka@marjanishvili.com
Web: www.marjanishvili.com

 

ლევან წულაძე

ლევან წულაძე დღეს ქართული თეატრის ნამდვილ ავანგარდშია და ეს ბევრი ფაქტითა და ნიშნით დასტურდება. დასტურდება ათობით წარმატებული სპექტაკლით, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პრემიებითა და მაყურებლით, რომელიც მის სპექტაკლებს არასოდეს აკლდა და არასდროს ელევა.

მან კოლეგა-მეგობრებთან ერთად, XX საუკუნის 90-იან წლებში, თბილისის ცენტრალურ უბნებში - რუსთაველზე, შემდეგ ვაკეში -პირველი დამოუკიდებელი თეატრები „თეატრალური სარდაფები“  შექმნა.  2006 წელს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლად დანიშვნის შემდეგ, ახალი მხატვრული ამოცანების გადაჭრისა და ახალი ფორმების ძიება-დამკვიდრების პარალელურად,  უშუალოდ თეატრში კიდევ 2 „თეატრი“ შექნა - „სხვენი“ და „სარდაფი“ და თანამედროვე  ქართულ თეატრს   კიდევ რამდენიმე  ახალი გეზი მისცა - სივრცეების რეპერტუარიც და ფორმაც სწორედ მდებარეობიდან და ფორმატიდან განსაზღვრა.

ძიებების პროცესი (საკუთარი თუ სხვებთან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან ერთად) რამდენიმე მიმართულებით გააგრძელა. სხვადასხვა ჟანის, ფორმის, სტილისტიკის სპექტაკლები - სევდიანი კომედიებიდან ტრაგიკომედიამდე, დრამიდან ტრაგედიამდე, შექსპირიდან თომას მანამდე, ბრეხტიდან გოგოლამდე, ჩეხოვიდან ზიუსკინდამდე, პოლიკარპე კაკაბაძიდან ლაშა ბუღაძემდე, შალომ ალეიხემიდან და გურამ ბათიაშვილიდან გოეთემდე და კაფკამდე და სხვა და სხვა - წარმოადგენენ ლევან წულაძეს, როგორც მრავალსახოვან ხელოვანს, რომლისთვისაც შემოქმედებაში წინააღმდგობები არ არსებობს და თუ არსებობს, მათი დაძლევის ბევრი ხერხი და საშუალებაა ცნობილი. და თუ ცნობილი არაა, ახლის გამოგონება შეუძლია.  

ასეთი „გამონაგონია“ მისი „ნავიგატორი“, (რომელიც ფრანკფურტის  თეატრალური პროგრამის ნაწილია) ახალი ქართული დრამატურგიის გამორჩეულ წარმომადგენელ ლაშა ბუღაძის (რომელსაც დღეს თეატრში ყველაზე აქტიურად  დგამენ) პოპულარულ პიესაზე, რომელიც ადამიანისა და ხმის, ოღონდ, არა ადამიანის - ნავიგატორის (გზის მაჩვენებლის)  სიყვარულის ისტორიაა.

ამ სპექტაკლით  ლევან წულაძემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ცხოვრება მართლაც თეატრია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მოულოდნელი და დაუჯერებელი; სადაც წაშლილია ყველა ზღვარი რეალობასა და პირობითობას, ნამდვილსა და გამონაგონს, სიზმარსა და ცხადს, ზღაპარსა და სინამდვილეს; ვირტუალურსა და ფიზიკურს შორის. სადაც შესაძლებელია ბოროტი კეთილად იქცეს,  სახე და ზნე იცვალოს;  უბედურებასა და ტანჯვას  კი, ბედნიერებამ და სიხარულმა აჯობოს.

იშვიათია, როდესაც პიროვნება, მისი თვისებები (და არა, ვთქვათ, პოზიცია, აზროვნება, სათქმელი) ასე ჩანს ნამუშევარში. ლევან წულაძის ყველა სპექტაკლი ყოველ მორიგ ჯერზე გვაჩვენებს, თუ როგორი ადამიანია ის, როგორ უყვარს ადამიანები, როგორ შეუძლია მათი პრობლემები საკუთარად აქციოს და დაპირდეს, შემდეგ აასრულოს  დაპირებები, რომ, მაშინაც კი, როდესაც აღარ არსებობს იმედი და რაც მოხდა, ვეღარასოდეს დაბრუნდება. მოგცეს რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.