ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - ხუთშაბათი, 27 სექტემბერი
მდებარეობა: რეზო გაბრიაძის თეატრი
რეზო გაბრიაძე

რამონა

სცნარის ავტორი, რეჟისორი, კომპოზიტორი  და მხატვარი _  რეზო გაბრიაძე 

 

როლებს ახმოვანებენ:

რამონა – ნინო კასრაძე
ერმონ – ზაზა პაპუაშვილი
ბაბახიდი – ალექსეი კოლგანი
სამარკანდსკი – რომან კარცევი
ქეთო – რუსუდან ბოლქვაძე
ვიქტორი – ზაზა პაპუაშვილი
ოლღა – ნინო არსენიშვილი
ბეგლარი – რუსლან მიქაბერიძე
მოხუცი – რეზო თავართქილაძე
ბოშა – ნანა შონია
ჯამბაზები უიმე და ვაიმე – დენის სურნოვი
მილიციონერი – დავით დვალიშვილი

გლეხი – ბადრი გვაზავა

ანიმატორები:

თამარ ამირეჯიბი, ბადრი გვაზავა,

ირაკლი შარაშიძე, ვლადიმერ მელცერი,

ანა ნიჟარაძე, ნინო საჯაია

სპექტაკლის შესახებ:

  კიპლინგს ეკუთვნის ერთი შთამაგონებელი ფრაზა: „ლოკომოტივი ადამიანის ყველაზე მგრძნობიარე ქმნილებაა!”

       ჩემს მეხსიერებაში უეცრად გაიღვიძა ერთმა თბილმა და მივიწყებულმა სიტყვამ: ორთქლმავალი! ეს არსება ორთქლის ღრუბლებით სუნთქავდა, ხრინწიანი საყვირით გვეხმიანებოდა და ნესტიან ამინდშიც ქვანახშირის მშრალი სუნი ასდიოდა. ორთქლმავლის ხსენებამ კიდევ ერთ ბედნიერ მოგონებასთან მიმიყვანა – მოხეტიალე ცირკი, ჩემი ბავშვობის შაპიტო, რომელშიც ბრეზენტის, ნახერხის და ნეხვის სუნი ტრიალებდა. ასე შეხვდა ერთმანეთს ეს ორი საყვარელი და სამუდამოდ ჩავლილი სახე-მოტივი: ორთქლმავალი და შაპიტო! მინდოდა მაყურებლისთვის გამეზიარებინა შეგრძნება სამოთხისა, რომელშიც დაუმსახურებლად აღმოვჩნდი და საიდანაც ცხოვრებამ გამომაძევა…

რეზო გაბრიაძე
 

 „რამონა“ – ორი ორთქლმავლის სიყვარულის ისტორიაა. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდგომ, რკინიგზის სადგურ ,,რიონში” ვითარდება. მძლავრი ორთქლმავალი ერმონი სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება შორეულ მხარეში „ხუთწლედის ოთხწლედში დასასრულებლად“. სამანევრო რამონა კი რკინიგზის პატარა სადგურში რჩება და ქმარს ელოდება. მისი დღეები მოგონებებითა და მონატრებითაა სავსე. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება ეს განშორება და ახალი განსაცდელი მოაქვს გმირებისათვის. რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი შაპიტო გამოჩნდება. განშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებებში, მაყურებლისათვის სპექტაკლის უკანასკნელ წუთებამდე გამოცანად რჩება.

 

პრესა:

„რამონამ“ თავისი პოეტური კვალი დატოვა ავინიონის ფესტივალზე. 

                                                            საფრანგეთი, ლა პროვენსე გრანდ ვაუკლუზე, 2017

ავინიონში „რამონას“ წარმოდგენის დროს დარბაზი გადაჭედილია მაყურებლებით, ბილეთები არ იშოვება. რეზო გაბრიაძე უდიდესი ოსტატია, ჩვენი დროის ბაროკოს ვარსკვლავი. ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა მოვახერხოთ მისი გასტროლებზე ჩამოყვანა.

                                                                საფრანგეთი, ლე მონდე, 2017

 

 

 

ხანგრძლივობა: 65 წუთი, შესვენების გარეშე
პრემიერა შედგა : 2013 წლის 8 იანვარს
საგასტროლო ჯგუფი: 11 ადამიანი

      1981 წელს რეზო გაბრიაძემ ქალაქ თბილისის ისტორიულ უბანში დააარსა მარიონეტული ჟანრის დრამატული თეატრი. რეზო გაბრიაძე ცნობილია,  როგორც სცენარისტი, რეჟისორი, სკულპტორი, მხატვარი.  მისი ავტორობით დაიდგა სპექტაკლები „ალფრედი და ვიოლეტა“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „ტრაპეზუნდის იმპერატორის ქალიშვილი“, „სტალინგრადი“, „რამონა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“.

      1981 წლიდან „გაბრიაძის თეატრი“ დიდი წარმატებით გამოდის სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ სცენებზე,  მონაწილეობს  მსოფლიოს ბევრი თეატრალურ  ფესტივალიზე. თეატრმა სპექტაკლები გამართა:  ავინიოში, ედინბურგში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, დრეზდენში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.

რეზო გაბრიაძე

რეზო გაბრიაძე ცნობილია მსოფლიოში როგორც მხატვარი,  სცენარისტი, კინოსა და თეატრის რეჟისორი და მოქანდაკე.

35-ზე მეტი ფილმია გადაღებული რეზო გაბრიაძის სცენარების მიხედვით, მათ შორის კლასიკად  ქცეული „არ იდარდო“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და სხვა.

1981  წელს თბილისში  რეზო გაბრიაძემ დააარსა მარიონეტების დრამატული თეატრი.  მისი ავტორობით შექმნილია სპექტაკლები: „ალფრედი და ვიოლეტა“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „ტრაპეზუნდის იმპერატორის ქალიშვილი“, „სტალინგრადი“, „რამონა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, რომლებმაც თეატრს საერთაშორისო აღიარება მოუტანეს.

რეზო გაბრიაძემ შექმნა ილუსტრაციები 50-ზე მეტი წიგნისათვის.  რეზო გაბრიაძის ნამუშევრები (ფერწერა,  გრაფიკა,  კერამიკა,  ქანდაკება) გამოფენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, მათ შორის: ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი),  დოსტოევსკის მუზეუმში (მოსკოვი), ლენბახის მუზეუმში (მიუნხენი). რეზო გაბრიაძის სიმბოლური ქანდაკებები „ჩიჟიკ-პიჟიკი“ და „მაიორ კოვალევის ცხვირი“  სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა.  

2012 წლის ოქტომბერში მოსკოვის პუშკინის სახვითი ხელოვნების მუზეუმმა გამართა რეზო გაბრიაძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა.

2018 წელს თბილისში გაიხსნა რეზო გაბრიაძის ნამუშევრების, მათ შორის კერამიკისა და თოჯინების  მუდმივი გამოფენა.

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მიღებული აქვს: საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.