ქართული პროგრამა

Georgian ShowCase - ქართული სპექტაკლების პროგრამა 2009 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან ერთად დაფუძნდა და ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ქართული სპექტაკლების პროგრამა  გასული  სეზონის  ერთგვარი შეჯამებაა და ყველა დაინტერესებულ თეატრს და კომპანიას საშუალებას აძლევს თავიანთი ნამუშევარი და ინიციატივები წარუდგინოს საერთაშორისო სტუმრებს.

შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების  მიზნით.   ქართული შოუ ქეისი  ერთგვარ თეატრალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს: დრამატულ თეატრს, თანამედროვე ცეკვასა და თანამედროვე დრმატურგიას, როგორც დედაქალაქიდან ასევე რეგიონებიდან.

პროგრამა  თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა  სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. სარეკომანდაციო  ჯგუფი შედგება  თეატრის კრიტიკოსებისაგან  -  5 ადამაინი -  რომელიც   თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს მიერ დასახელდა.  ქართული სპექტაკლების პროგრამაზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: რეჟისორები, ფესტივალის დირექტორები, კრიტიკოსები, პროდიუსერები და ჟურნალისტები.

წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე ველოდებით 80 - მდე  საერთაშორისო სტუმარს.

 

 

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ყველაზე არტისტულ და თეატრალურ ქვეყანაში, სადაც უყვართ თეატრი, სადაც  ცხოვრობენ თეატრით. ბევრი თქვენგანი კვლავ დაბრუნდა მონატრებულ ქართულ თეატრთან შესახვედრად, რომელიც მდიდარია „სამხრეთული ტემპერამენტით“ და „მამაცი არტისტულობით“, რამდენიმე თქვენგანი კი პირველადაა აქ, ახლა ეცნობა მას ახლოდან. გარწმუნებთ, რომ თქვენც დაბრუნდებით, რადგან შეგიყვარდებათ არა მხოლოდ ქართული თეატრი და საქართველო, არამედ ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მოგენატრებათ ის გულწრფელი სითბო, რომელსაც აქ იგრძნობთ თითოეული ფეხის ნაბიჯზე, ქუჩასა თუ სახლში სრულიად უცხო ადამიანებისგან.  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნამდვილად შეგიწყობთ ხელს, რომ უკეთ გაეცნოთ საქართველოს და ქართულ თეატრს, ამაში მალე თავად დარწმუნდებით.

თანამედროვე ქართული თეატრი დიდი ევროპული თეატრალური ოჯახის  ნაწილია. თუმცა, ამავე დროს,  არ კარგავს ინდივიდუალურ მახასიათებლებს და  წინაპრთა გაკვალულ გზას მისდევს. 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის 2017 წლის ქართული სპექტაკლების პროგრამა დახუნძლულია სიტკბოებითა და რაციონალიზმით, ეროვნული კოლორიტითა და ევროპული სურნელით, ახალი სამყაროს ძიებითა და გამოცდილებათა გადაფასების პროცესით. წარმოდგენილი სპექტაკლების 70% ახალგაზრდების ნამუშევრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ღირსეულ კონკურენციას უწევენ საშუალო, ან თუნდაც უფროს თაობებს. საშუალო თაობას კი წელს წარმოადგენენ: დავით დოიაშვილი სპექტაკლით „ბალიშის კაცუნა“ (მუსიკისა და დრამის თეატრი), რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს მაყურებელზე, გიორგი სიხარულიძის „რევიზორი“ (ქუთაისის დრამატული თეატრი) გოგოლის ცნობილი კომედიის  განსხვავებული და თვალისმომჭრელი სცენური ინტერპრეტაციაა, ხოლო ლევან წულაძის „ბაკულას ღორები“ კლასიკური ქართული მწერლობის ერთ–ერთი ნიმუშის ძალზედ ორიგინალური გადაწყვეტაა, რომელიც ტრაგიკომიკურობის ჟანრში ერთდროულად  ბევრ სევდას და იუმორს გვრის მაყურებელს. იგი არა მხოლოდ ქართულ, არამედ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება. 

გურამ მაცხონაშვილის „გათვლა“ თანამედროვე ქართველი მწერლის ორიგინალური რომანის თეატრის ენით უცნაურად თხრობას წარმოადგენს, სადაც ომის ფონზე ვეცნობით ორი თინეიჯერის ცხოვრებას. პაატა ციკოლიას „მე მქვია ლალი“ კი მომავლის ეპოქას ეხება, რეჟისორი წინასწარ გვმაზადებს იმ პრობლემებთან შესახვედრად, რაც შეიძლება მომავალში, კიბერსივრცის ეპოქაში შეგვხდეს და მასთან გამკლავება მოგვიხდეს. დათა თავაძის „სახეები“ კი მთლიანად ახალგაზრდული ნამუშევარია, რომელიც სათეატრო თხრობის ორიგინალური ენითა და ფორმით გამოირჩევა. ახალგაზრდა რეჟისორ-პედაგოგის შეხვედრა სტუდენტებთან თავისუფალ გარემოში მეტად საინტერესო გამოცდილებას იძლევა  შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში.

უკვე ტრადიციად იქცა ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში პრემიერების გამართვა. თეატრები განგებ სთავაზობენ ფესტივალის მაყურებელს ახალ სპექტაკლებს და , საბედნიეროდ,  ხშირად სასიამოვნო სიურპრიზიც გამოსდით ხოლმე. 

 „Georgian Show Case 2017“ -ის პროგრამაში რამდენიმე საინტერესო რეჟისორის ორიგინალური დადგმაც გველოდება.  ცხადია, ქართული თეატრი ცდილობს ფეხი აუწყოს ყველა სიახლეს და ევროპულ ბაზარზე თავადაც გახდეს  გარკვეული აღმოჩენების სტიმულატორი. სიახლისკენ დაუოკებელი სწრაფვა და ტრადიციის მოურიდებელი მოდერნიზაცია ქართული თეატრის მთავარი მახასიათებელია. მოდით არ იჩქაროთ, მშვიდად მივყვეთ  ფესტივალზე წარმოდგელილ  რეპერტუარს და  მეტ-ნაკლებად დავინახავთ იმ სურათს, რომელიც ამ დროისთვის იკვეთება ქართულ თეატრში.


 

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:30 - სამშაბათი, 3ოქტომბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
ლაშა ბუღაძე

ნავიგატორი

დამდგმელი რეჟისორები –  ლევან წულაძე და ანა ცუცქირიძე
სცენოგრაფები –  ლევან წულაძე, შაკო ჩაგუნავა
კოსტიუმების მხატვარი –  ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი –    თინათინ წულაძე
კომპოზიტორები –  ნიკა მაჩაიძე, ნატალია ბერიძე
ვიდეო  ნიკა მაჩაიძის
ვიდეოინჟინერი – ზაკო
რეჟისორის თანაშემწე  – ნინო კალანდაძე
 

მონაწილეობენ:
თემიკო ჭიჭინაძე, ანა ვასაძე, ანა გრიგოლია, ნიკა კუჭავა, ბესო ბარათაშვილი, ონისე ონიანი, გივი ჩუგუაშვილი, კესარია ჯავახიშვილი, ნოდარ ძოწენიძე, ირაკლი ჩხიკვაძე.

 

პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული შოუქეისის ფარგლებში.

სპექტაკლის შესახებ:

ნავიგატორი – სინამდვილე და სიმულაცია

„ნავიგატორი” მარტოობას შეჩვეული ადამიანის ამბავია – როსტომის, რომელსაც თითქოს ძალით გამოგლეჯენ „კომფორტის ზონას”, სახლს, ოთახს, ჩვევებსა და აკვიატებებს…

„ნავიგატორი” საკუთარ კომპლექსებს შეჩვეული (თუ შეყვარებული) ადამიანის ამბავია – როსტომის, რომელსაც არცთუ სიმპათიურ, მაგრამ მოწესრიგებულ და წესიერ ადამიანად მიაჩნია თავი, კაცად, რომელსაც საკუთარი მამა მუდმივად ჩასჩიჩინებს, შეელიოს თავის „სამარცხვინო მარტოობას” და სანამ გვიანი არაა, ოჯახი შექმნას; კაცად, რომელსაც სჯერა, რომ თანამშრომელ კლარას არასდროს მოეწონება, მაგრამ თავს ირწმუნებს (თუ იმხნევებს), რომ მას და თუნდაც ამ კლარას „რაღაცნაირი რომანი მაინც აქვთ” – ყოველ შემთხვევაში, კლარა უამრავ ისეთ ნიშანს აძლევს, რითიც სხვას ნამდვილად არ გააბედნიერებს…

„ნავიგატორი” კომპენსაციების ამბავია, როცა რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთს არ შეესაბამება და როცა „სინამდვილისგან” დათრგუნულ მსუბუქ და „ცოტა საყვარელ ფსიქოპატ” როსტომს რეალობიდან გაქცევა უნდა… რადგან რეალობა – ახალი და პიქუში ტექნოლოგიები, უშინაარსო და უემოციო თანამშრომლები, ეგოისტი და გულგრილი დირექტორი, აგრესიული და უზრდელი მშობელი, ცივი და ქედმაღალი კლარა – მისთვის მტრული და ჩაკეტილია…

„ნავიგატორი” ნავიგატორის ხმის და როსტომის სიყვარულის ამბავია… ქალის ხმა, რომელიც საგზაო მითითებებს აძლევს როსტომს, მის ერთდადერთ და მთავარ სინამდვილედ იქცევა…

რადგან როსტომის ემპირიულ სინამდვილეში – ნავიგატორის გარდა – ყველაფერი სხვა სიმულაციური, პლასტმასის და ხელოვნურია…   

 

2011 წლის შემოდგომაზე პიესამ BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა, ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ს რადიოში და მასში ბრიტანელმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.

ამონარიდები BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ წლის საუკეთესო რადიოპიესების კონკურსის ჟიურის შეფასებებიდან:

  • ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა".
  • პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია... პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა ნამდვილად რადიოსთვისაა შექმნილი."

 

 „ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა.“

სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით, დიდმა ქართველმა რეჟისორმა და რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. მარჯანიშვილის თეატრს წლების განმავლობაში ქმნიდნენ ცნობილი მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, რომლებმაც მარჯანიშვილის თეატრი თბილისის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქციეს.

თეატრი დღემდე რჩება იმ ტრადიციების გამგრძელებელი, რომელიც დაარსების დღიდან გამოეკვეთა. თეატრს აქვს 3 სცენა: დიდი სცენა, „სხვენი“, და 2013 წლიდან უკვე ახალი სცენა.

2006 წლიდან დღემდე მარჯანიშვილის თეატრს თანამედროვეობის გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძე ხელმძღვანელობს. თეატრი ყოველთვის კარს უღებს ნოვაციებს. სწორედ ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით და მაყურებელზე ორიენტირებული რეპერტუარით მან მოახერხა „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელის დამკვიდრება.  შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია. მარჯანიშვილის თეატრის ცხოვრება მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია ახალი პიესების მოძიება, კითხვა და დადგმა.

თეატრის წარმატებას განაპირობებს მუდმივად მაყურებლით გადავსებული დარბაზები, რაც იმის მანიშნებელია, რომ “მარჯანიშვილი” აქტუალური და მიმზიდველია ყველა თაობის მაყურებლისთვის - როგორც ესთეტიკით, ასევე თემებითა და პოზიციით. იმ ეპოქაში, როცა აქა-იქ გაისმის სკეპტიკოსთა აზრები თეატრის საჭიროების შესახებ, “მარჯანიშვილი” თავისი წარმატებით და ანშლაგებით ამტკიცებს, რომ სცენა, ანუ სივრცე, სადაც “ახლა და აქაა” მნიშვნელოვანი აგერ უკვე 25 საუკუნეზე მეტია, არათუ მხოლოდ აქტუალურია, არამედ განუზომლად საჭიროც, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ტექნოლოგიებმა თითქოს სრულად შეცვალეს შთაბეჭდილებების (ინფორმაციის) აღქმის თუ გაცემის მოდელები. ახლებურ, სტრუქტურირებულ და ტექნოლოგიებით სისტემატიზირებულ თუ დიფერენცირებულ სამყაროში “ცოცხალ პროცესს” განსაკუთრებული, უნიკალური მნიშვნელობა ენიჭება: ის, რაც სწორედ ახლა და აქ ხდება თეატრში, არსად და არასდროს განმეორდება, და მისი ღირებულებაც ამაშია. “მარჯანიშვილი” კი სწორედ “ცოცხალი თეატრია” - ცოცხალი პროცესების გამტარი და აკუმულატორი, რომელიც თითქმის ერთი საუკუნეა ეპოქასთან, თავის მაყურებელთან ერთად სუნთქავს...     

 

 

 

დაარსებიდან 85 წლის შემდეგ, გაზეთი „გარდიანი“ წერს

თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.

გარდიანი