ქართული პროგრამა

Georgian ShowCase - ქართული სპექტაკლების პროგრამა 2009 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან ერთად დაფუძნდა და ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ქართული სპექტაკლების პროგრამა  გასული  სეზონის  ერთგვარი შეჯამებაა და ყველა დაინტერესებულ თეატრს და კომპანიას საშუალებას აძლევს თავიანთი ნამუშევარი და ინიციატივები წარუდგინოს საერთაშორისო სტუმრებს.

შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების  მიზნით.   ქართული შოუ ქეისი  ერთგვარ თეატრალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს: დრამატულ თეატრს, თანამედროვე ცეკვასა და თანამედროვე დრმატურგიას, როგორც დედაქალაქიდან ასევე რეგიონებიდან.

პროგრამა  თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა  სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. სარეკომანდაციო  ჯგუფი შედგება  თეატრის კრიტიკოსებისაგან  -  5 ადამაინი -  რომელიც   თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს მიერ დასახელდა.  ქართული სპექტაკლების პროგრამაზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: რეჟისორები, ფესტივალის დირექტორები, კრიტიკოსები, პროდიუსერები და ჟურნალისტები.

წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე ველოდებით 80 - მდე  საერთაშორისო სტუმარს.

 

 

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ყველაზე არტისტულ და თეატრალურ ქვეყანაში, სადაც უყვართ თეატრი, სადაც  ცხოვრობენ თეატრით. ბევრი თქვენგანი კვლავ დაბრუნდა მონატრებულ ქართულ თეატრთან შესახვედრად, რომელიც მდიდარია „სამხრეთული ტემპერამენტით“ და „მამაცი არტისტულობით“, რამდენიმე თქვენგანი კი პირველადაა აქ, ახლა ეცნობა მას ახლოდან. გარწმუნებთ, რომ თქვენც დაბრუნდებით, რადგან შეგიყვარდებათ არა მხოლოდ ქართული თეატრი და საქართველო, არამედ ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მოგენატრებათ ის გულწრფელი სითბო, რომელსაც აქ იგრძნობთ თითოეული ფეხის ნაბიჯზე, ქუჩასა თუ სახლში სრულიად უცხო ადამიანებისგან.  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნამდვილად შეგიწყობთ ხელს, რომ უკეთ გაეცნოთ საქართველოს და ქართულ თეატრს, ამაში მალე თავად დარწმუნდებით.

თანამედროვე ქართული თეატრი დიდი ევროპული თეატრალური ოჯახის  ნაწილია. თუმცა, ამავე დროს,  არ კარგავს ინდივიდუალურ მახასიათებლებს და  წინაპრთა გაკვალულ გზას მისდევს. 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის 2017 წლის ქართული სპექტაკლების პროგრამა დახუნძლულია სიტკბოებითა და რაციონალიზმით, ეროვნული კოლორიტითა და ევროპული სურნელით, ახალი სამყაროს ძიებითა და გამოცდილებათა გადაფასების პროცესით. წარმოდგენილი სპექტაკლების 70% ახალგაზრდების ნამუშევრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ღირსეულ კონკურენციას უწევენ საშუალო, ან თუნდაც უფროს თაობებს. საშუალო თაობას კი წელს წარმოადგენენ: დავით დოიაშვილი სპექტაკლით „ბალიშის კაცუნა“ (მუსიკისა და დრამის თეატრი), რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს მაყურებელზე, გიორგი სიხარულიძის „რევიზორი“ (ქუთაისის დრამატული თეატრი) გოგოლის ცნობილი კომედიის  განსხვავებული და თვალისმომჭრელი სცენური ინტერპრეტაციაა, ხოლო ლევან წულაძის „ბაკულას ღორები“ კლასიკური ქართული მწერლობის ერთ–ერთი ნიმუშის ძალზედ ორიგინალური გადაწყვეტაა, რომელიც ტრაგიკომიკურობის ჟანრში ერთდროულად  ბევრ სევდას და იუმორს გვრის მაყურებელს. იგი არა მხოლოდ ქართულ, არამედ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება. 

გურამ მაცხონაშვილის „გათვლა“ თანამედროვე ქართველი მწერლის ორიგინალური რომანის თეატრის ენით უცნაურად თხრობას წარმოადგენს, სადაც ომის ფონზე ვეცნობით ორი თინეიჯერის ცხოვრებას. პაატა ციკოლიას „მე მქვია ლალი“ კი მომავლის ეპოქას ეხება, რეჟისორი წინასწარ გვმაზადებს იმ პრობლემებთან შესახვედრად, რაც შეიძლება მომავალში, კიბერსივრცის ეპოქაში შეგვხდეს და მასთან გამკლავება მოგვიხდეს. დათა თავაძის „სახეები“ კი მთლიანად ახალგაზრდული ნამუშევარია, რომელიც სათეატრო თხრობის ორიგინალური ენითა და ფორმით გამოირჩევა. ახალგაზრდა რეჟისორ-პედაგოგის შეხვედრა სტუდენტებთან თავისუფალ გარემოში მეტად საინტერესო გამოცდილებას იძლევა  შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში.

უკვე ტრადიციად იქცა ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში პრემიერების გამართვა. თეატრები განგებ სთავაზობენ ფესტივალის მაყურებელს ახალ სპექტაკლებს და , საბედნიეროდ,  ხშირად სასიამოვნო სიურპრიზიც გამოსდით ხოლმე. 

 „Georgian Show Case 2017“ -ის პროგრამაში რამდენიმე საინტერესო რეჟისორის ორიგინალური დადგმაც გველოდება.  ცხადია, ქართული თეატრი ცდილობს ფეხი აუწყოს ყველა სიახლეს და ევროპულ ბაზარზე თავადაც გახდეს  გარკვეული აღმოჩენების სტიმულატორი. სიახლისკენ დაუოკებელი სწრაფვა და ტრადიციის მოურიდებელი მოდერნიზაცია ქართული თეატრის მთავარი მახასიათებელია. მოდით არ იჩქაროთ, მშვიდად მივყვეთ  ფესტივალზე წარმოდგელილ  რეპერტუარს და  მეტ-ნაკლებად დავინახავთ იმ სურათს, რომელიც ამ დროისთვის იკვეთება ქართულ თეატრში.


 

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 13:00 - ხუთშაბათი, 5ოქტომბერი
მდებარეობა: ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
სარა კეინი

წყურვილი

რეჟისორი – დავით ხორბალაძე
სცენოგრაფია  ანა გურგენიძის
კომპოზიტორი – დავით ხორბალაძე
რეჟისორის თანაშემწე – ნინო ჭავჭავაძე

მონაწილეობენ:
ალექსანდრე ბეგალიშვილი, გვანცა ენუქიძე, კახა კინწურაშვილი, მარინე ჯოხაძე.

ხანგრძლივობა:  70 წუთი,  ერთ მოქმედებად
საგასტროლო ჯგუფი:  7 ადამიანი

 

სპექტაკლის შესახებ:

„წყურვილი“ საქართველოში პირველად იდგმება და ეს იქნება  მცდელობა, შექმნას სიტყვებისა და ხმების ახალი განზომილება, რომელიც მაყურებელს განუსაზღვრელი ასოციაციების გარემოში ამყოფებს და  მას ერთიანი პროცესის თანამონაწილედ აქცევს.

რეჟისორი მსახიობებთან და მხატვართან ერთად ქმნის ყოფით, ნატურალისტურ გარემოს, რომელშიც ნამდვილ ფიზიკურ ტკივილებსა და, ამავე დროს, უკიდურესად აბსტრაქტულ შეგრძნებებს ერთმანეთს უპირისპირებს. სწორედ ამ გადაკვეთაზე იქმნება ის უძრავი წერტილი, სადაც სიცოცხლე დახუთული და გაშეშებულია, სადაც სიყვარული, როგორც წყევლა ყველაფერს თან სდევს და შლის, ანაწევრებს, იმ უსასრულო ჯოჯოხეთად აქცევს, რომელშიც არსებობა მხოლოდ ტკივილის შეგრძნებით დასტურდება.

 

თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი 1926 წელს დაარსდა.  თეატრის რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ მუსიკალური კომედიებისაგან. წლების განმავლობაში ამ თეატრში მოღვაწეობდნენ  გამოჩენილი ქართველი რეჟისორები და მსახიობები, კომპოზიტორები და დრამატურგები, მხატვრები და ქორეოგრაფები...  თეატრის პოპულარობა  სწრაფად იზრდებოდა და ის ქართული თეატრალური და მუსიკალური კულტურის უმნიშვენელოვანეს  ნაწილს წარმოადგენდა....

მას შემდეგ,  რაც 2004 წელს   თეატრს სათავეში ჩაუდგა  ახალგაზრდა  რეჟისორი დავით დოიაშვილი ჩატარდა ფუნდამენტური რეფორმები და შეიქმნა სინთეზური ხასიათის თეატრი, რომელმაც თავის რეპერტუარში ჩართო სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები: დრამა, ოპერა, კომედია, მიუზიკლი, მუსიკალური დრამა, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული  წარმოდგენები.

მიუხადავად იმისა, რომ ახალი თეატრის მშენებლობის საქმე   ჯერ კვლავაც პროცესშია, რის გამოც   სპექტაკლების დადგმა და შესრულება გვიწეევს ექპერიმენტულ სცენაზე, თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი ერთ-ერთი ინოვატორული და წარმატებული თეატრია ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება  თეატრის მნიშვნელოვანი ჯილდოებისა და პრიზების რაოდენობა, და ასევე მისი საერთაშორისო აღიარება და სახელი. 

2015 წელს თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი გახდა „NETA NETWORK”-ის (ახალი ევროპული თეატრების ასოციაცია) წევრი და შეუერთდა ცნობილი ევროპული თეატრალური კომპანიების ოჯახს.

დღესდღეობით, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ განვაახლოთ და გავამდიდროთ თეატრის რეპერტუარი და   ასევე შევქმნათ ჯანსაღი და პროდუქტიული გარემო ერთობლივი თანამშრომლობისათვის ცნობილ და ახალგაზრდა  ქართველ თუ მსოფლიოს  სხვადსხვა  ქვეყნის არტისტებთან.   

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით დოიაშვილი

თეატრის მმართველი: დავით დოიაშვილი
საკონტაქტო პირი: პროდიუსერი   მურმან-დავით კარტოზია
ტელ: +995 579444139
E-mail: musicandrama@gmail.com
bukajazz@gmail.com

www.musictheatre.ge