ქართული პროგრამა

Georgian ShowCase - ქართული სპექტაკლების პროგრამა 2009 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან ერთად დაფუძნდა და ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ქართული სპექტაკლების პროგრამა  გასული  სეზონის  ერთგვარი შეჯამებაა და ყველა დაინტერესებულ თეატრს და კომპანიას საშუალებას აძლევს თავიანთი ნამუშევარი და ინიციატივები წარუდგინოს საერთაშორისო სტუმრებს.

შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების  მიზნით.   ქართული შოუ ქეისი  ერთგვარ თეატრალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს: დრამატულ თეატრს, თანამედროვე ცეკვასა და თანამედროვე დრმატურგიას, როგორც დედაქალაქიდან ასევე რეგიონებიდან.

პროგრამა  თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა  სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. სარეკომანდაციო  ჯგუფი შედგება  თეატრის კრიტიკოსებისაგან  -  5 ადამაინი -  რომელიც   თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს მიერ დასახელდა.  ქართული სპექტაკლების პროგრამაზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: რეჟისორები, ფესტივალის დირექტორები, კრიტიკოსები, პროდიუსერები და ჟურნალისტები.

წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე ველოდებით 80 - მდე  საერთაშორისო სტუმარს.

 

 

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ყველაზე არტისტულ და თეატრალურ ქვეყანაში, სადაც უყვართ თეატრი, სადაც  ცხოვრობენ თეატრით. ბევრი თქვენგანი კვლავ დაბრუნდა მონატრებულ ქართულ თეატრთან შესახვედრად, რომელიც მდიდარია „სამხრეთული ტემპერამენტით“ და „მამაცი არტისტულობით“, რამდენიმე თქვენგანი კი პირველადაა აქ, ახლა ეცნობა მას ახლოდან. გარწმუნებთ, რომ თქვენც დაბრუნდებით, რადგან შეგიყვარდებათ არა მხოლოდ ქართული თეატრი და საქართველო, არამედ ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მოგენატრებათ ის გულწრფელი სითბო, რომელსაც აქ იგრძნობთ თითოეული ფეხის ნაბიჯზე, ქუჩასა თუ სახლში სრულიად უცხო ადამიანებისგან.  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნამდვილად შეგიწყობთ ხელს, რომ უკეთ გაეცნოთ საქართველოს და ქართულ თეატრს, ამაში მალე თავად დარწმუნდებით.

თანამედროვე ქართული თეატრი დიდი ევროპული თეატრალური ოჯახის  ნაწილია. თუმცა, ამავე დროს,  არ კარგავს ინდივიდუალურ მახასიათებლებს და  წინაპრთა გაკვალულ გზას მისდევს. 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის 2017 წლის ქართული სპექტაკლების პროგრამა დახუნძლულია სიტკბოებითა და რაციონალიზმით, ეროვნული კოლორიტითა და ევროპული სურნელით, ახალი სამყაროს ძიებითა და გამოცდილებათა გადაფასების პროცესით. წარმოდგენილი სპექტაკლების 70% ახალგაზრდების ნამუშევრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ღირსეულ კონკურენციას უწევენ საშუალო, ან თუნდაც უფროს თაობებს. საშუალო თაობას კი წელს წარმოადგენენ: დავით დოიაშვილი სპექტაკლით „ბალიშის კაცუნა“ (მუსიკისა და დრამის თეატრი), რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს მაყურებელზე, გიორგი სიხარულიძის „რევიზორი“ (ქუთაისის დრამატული თეატრი) გოგოლის ცნობილი კომედიის  განსხვავებული და თვალისმომჭრელი სცენური ინტერპრეტაციაა, ხოლო ლევან წულაძის „ბაკულას ღორები“ კლასიკური ქართული მწერლობის ერთ–ერთი ნიმუშის ძალზედ ორიგინალური გადაწყვეტაა, რომელიც ტრაგიკომიკურობის ჟანრში ერთდროულად  ბევრ სევდას და იუმორს გვრის მაყურებელს. იგი არა მხოლოდ ქართულ, არამედ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება. 

გურამ მაცხონაშვილის „გათვლა“ თანამედროვე ქართველი მწერლის ორიგინალური რომანის თეატრის ენით უცნაურად თხრობას წარმოადგენს, სადაც ომის ფონზე ვეცნობით ორი თინეიჯერის ცხოვრებას. პაატა ციკოლიას „მე მქვია ლალი“ კი მომავლის ეპოქას ეხება, რეჟისორი წინასწარ გვმაზადებს იმ პრობლემებთან შესახვედრად, რაც შეიძლება მომავალში, კიბერსივრცის ეპოქაში შეგვხდეს და მასთან გამკლავება მოგვიხდეს. დათა თავაძის „სახეები“ კი მთლიანად ახალგაზრდული ნამუშევარია, რომელიც სათეატრო თხრობის ორიგინალური ენითა და ფორმით გამოირჩევა. ახალგაზრდა რეჟისორ-პედაგოგის შეხვედრა სტუდენტებთან თავისუფალ გარემოში მეტად საინტერესო გამოცდილებას იძლევა  შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში.

უკვე ტრადიციად იქცა ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში პრემიერების გამართვა. თეატრები განგებ სთავაზობენ ფესტივალის მაყურებელს ახალ სპექტაკლებს და , საბედნიეროდ,  ხშირად სასიამოვნო სიურპრიზიც გამოსდით ხოლმე. 

 „Georgian Show Case 2017“ -ის პროგრამაში რამდენიმე საინტერესო რეჟისორის ორიგინალური დადგმაც გველოდება.  ცხადია, ქართული თეატრი ცდილობს ფეხი აუწყოს ყველა სიახლეს და ევროპულ ბაზარზე თავადაც გახდეს  გარკვეული აღმოჩენების სტიმულატორი. სიახლისკენ დაუოკებელი სწრაფვა და ტრადიციის მოურიდებელი მოდერნიზაცია ქართული თეატრის მთავარი მახასიათებელია. მოდით არ იჩქაროთ, მშვიდად მივყვეთ  ფესტივალზე წარმოდგელილ  რეპერტუარს და  მეტ-ნაკლებად დავინახავთ იმ სურათს, რომელიც ამ დროისთვის იკვეთება ქართულ თეატრში.


 

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ორშაბათი, 2ოქტომბერი
მდებარეობა: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
ნიკოლოზ გოგოლი

რევიზორი

 

დამდგმელი რეჟისორი  – გიორგი სიხარულიძე
სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება  გიორგი სიხარულიძისა
რეჟისორის თანაშემწე – ვახტანგ ამანათიძე

მონაწილეობენ:
გელა ებანოიძე, ენდი ძიძავა, ინგა კაკიაშვილი, გიგა მიქაძე, გოჩა ნემსიწვერიძე, სულხან გოგოლაშვილი, ალექსანდრე ტოროტაძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, აბელ სოსელია, რეზი ქაროსანიძე, გიორგი ჩაჩანიძე,  ნიკოლოზ ჯანგავაძე, კონსტანტინე რობაქიძე, ვახტანგ ამანათიძე
თენგიზ ფხაკაძე, ლელა ლომთაძე, ლამარა ვაშაკიძე, გიზო ღელეყვა,  დავით გაჩეჩილაძე. ნიკოლოზ კობახიძე, გიორგი ქართველიშვილი, ნანა ცხვირაშვილი, გიგა აბულაძე,    ნიკა ძნელაძე
განსაკუთრებული სტუმარი –  გაგი შენგელია

 

 

პრემიერა შედგა:  2016 წლის 27 სექტემბერს
ხანგრძლივობა:  90 წუთი, ერთ მოქმედებად
საგასტროლო ჯგუფი:  45 ადამიანი


სპექტაკლის შესახებ:

ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი" მესხიშვილის თეატრში რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა. ხუთმოქმედებიანი პიესიდან, მან შექმნა ერთმოქმედებიანი ორიგინალური კონცეპტუალური სპექტაკლი. რეჟისორმა ორიგინალურად გადაწყვიტა სპექტაკლის ფორმა და ჟანრი; კომედიის ნაცვლად იგავ-არაკი. სპექტაკლი დატვირთულია თეატრალური  მეტაფორებითა და სიმბოლოებით. რეჟისორი სცენაზე ქმნის ოთხ განსხვავებულ სამოქმედო სივრცეს, რომლებსაც მუსიკალურად აერთიანებს  სხვადასხვა ქვეყნების საეკლესიო საგალობლებით. სიურეალისტური სცენოგრაფია რეჟისორის კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.  ქართულად წაკითხული რუსული კლასიკა, საზოგადოების და ჩინოვნიკთა მანკიერებები, ფარისევლობა, სიხარბე და გაუმაძღრობა, მარადიული პრობლემატიკა...  რეჟისორის მიზანია, მოცემული სიუჟეტით ფარდა ახადოს ქვეცნობიერს და  ერთი შეხედვით ბანალური ამბავი კიდევ ერთხელ აქციოს სამყაროს შეცნობის მამხილებელ იარაღად.   გიორგი სიხარულიძის „რევიზორში" კარგად იკითხება მწერლისა და რეჟისორის დამოუკიდებელ ნააზრევთა სინთეზი.                                                                                              

 სპექტაკლში სხვადასხვა თაობის მსახიობები შესანიშნავ ანსამბლს ქმნიან, რაც  კარგად წარმოაჩენს დღევანდელი მესხიშვილის თეატრის სამსახიობო რესურსსა და მხატვრულ შესაძლებლობებს.

 

რეკომენდაცია:

გიორგი სიხარულიძის მიერ ქუთაისის თეატრში განხორციელებული  „რევიზორი“ გოგოლის ნაწარმოების კიდევ ერთი ახლებური, ორიგინალური ინტერპრეტაციაა. რეჟისორმა კუპიურებით, გადაადგილებით,  პერსონაჟთა ხასიათებისათვის ახალი შტრიხების დამატებით, კომიკური თუ დრამატულ-ტრაგიკული მომენტების გამძაფრებით, გოგოლის „რევიზორში“ არსებული პრობლემატიკა საინტერესოდ და კომპაქტურად წარმოაჩინა. სპექტაკლში გიორგი სიხარულიძის ფანტაზია და გამომგონებლობა განსაკუთრებულად აისახა სცენოგრაფიაში.

მაკა ვასაძე
თეატრის კრიტიკოსი

 

 

 

2011 წელს ქუთაისის ლადო მესახიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრს დაარსებიდან 150 წელი შეუსრულდა.

1861 წლის 3 მარტს ქუთაისში სცენისმოყვარეების მონაწილეობით გაიმართა პირველი, ისტორიული წარმოდგენა, გ. ერისთავის კომედია ,,გაყრა”, რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში.

1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა დიდი ქართველი მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი.

1928 წელს  კოტე მარჯანიშვილმა ქუთაისში დააარსა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით, 1928-1930 წლებში, ორი სათეატრო სეზონის განმავლობაში, ქართული თეატრის რეფორმატორმა, დიდმა რეჟისორმა ქართული სცენის მსახიობთა ჭეშმარიტ თანავარსკვლავედთან ერთად აქ  თავისი საუკეთესო სპექტაკლები დადგა.  

1941 წელს ქუთაისის დრამატულ თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.

1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
2007 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი, სანდრო ახმეტელისა და ლადო მესხიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი გიორგი სიხარულიძე.

2008 წელს მესხიშვილის თეატრში გაიხსნა მცირე სცენა და ქუთაისის თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი.

2009-2012 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრის შენობის წინ საზეიმოდ გაიხსნა მესხიშვილის თეატრის ხუთი  მსახიობის: ევა ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის,  ერემო სვანაძის, ნათელა საღარაძის და ლამარა ვაშაკიძის სახელობითი ვარსკვლავები.

ქუთაისის თეატრის ისტორია მდიდარია ქართული თეატრისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწების სახელებით, მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენებით და ფაქტებით. მის ტრადიციებს დღეს ღირსეულად აგრძელებს მესხიშვილელთა ახალი თაობა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი სიხარულიძე
თეატრის მმართველი: სულხან გოგოლაშვილი
საკონტაქტო პირი:  პიარ მენეჯერი ნანა ქაჯაია
ტელ: +995595659488;  +995595900 511

E-mail: nanakajaia@gmail.com

Imereti2010@gmail.com

 

www.meskhishvilitheatre.ge