ქართული პროგრამა

Georgian ShowCase - ქართული სპექტაკლების პროგრამა 2009 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან ერთად დაფუძნდა და ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ქართული სპექტაკლების პროგრამა  გასული  სეზონის  ერთგვარი შეჯამებაა და ყველა დაინტერესებულ თეატრს და კომპანიას საშუალებას აძლევს თავიანთი ნამუშევარი და ინიციატივები წარუდგინოს საერთაშორისო სტუმრებს.

შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების  მიზნით.   ქართული შოუ ქეისი  ერთგვარ თეატრალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს: დრამატულ თეატრს, თანამედროვე ცეკვასა და თანამედროვე დრმატურგიას, როგორც დედაქალაქიდან ასევე რეგიონებიდან.

პროგრამა  თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა  სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. სარეკომანდაციო  ჯგუფი შედგება  თეატრის კრიტიკოსებისაგან  -  5 ადამაინი -  რომელიც   თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს მიერ დასახელდა.  ქართული სპექტაკლების პროგრამაზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: რეჟისორები, ფესტივალის დირექტორები, კრიტიკოსები, პროდიუსერები და ჟურნალისტები.

წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე ველოდებით 80 - მდე  საერთაშორისო სტუმარს.

 

 

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ყველაზე არტისტულ და თეატრალურ ქვეყანაში, სადაც უყვართ თეატრი, სადაც  ცხოვრობენ თეატრით. ბევრი თქვენგანი კვლავ დაბრუნდა მონატრებულ ქართულ თეატრთან შესახვედრად, რომელიც მდიდარია „სამხრეთული ტემპერამენტით“ და „მამაცი არტისტულობით“, რამდენიმე თქვენგანი კი პირველადაა აქ, ახლა ეცნობა მას ახლოდან. გარწმუნებთ, რომ თქვენც დაბრუნდებით, რადგან შეგიყვარდებათ არა მხოლოდ ქართული თეატრი და საქართველო, არამედ ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მოგენატრებათ ის გულწრფელი სითბო, რომელსაც აქ იგრძნობთ თითოეული ფეხის ნაბიჯზე, ქუჩასა თუ სახლში სრულიად უცხო ადამიანებისგან.  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნამდვილად შეგიწყობთ ხელს, რომ უკეთ გაეცნოთ საქართველოს და ქართულ თეატრს, ამაში მალე თავად დარწმუნდებით.

თანამედროვე ქართული თეატრი დიდი ევროპული თეატრალური ოჯახის  ნაწილია. თუმცა, ამავე დროს,  არ კარგავს ინდივიდუალურ მახასიათებლებს და  წინაპრთა გაკვალულ გზას მისდევს. 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის 2017 წლის ქართული სპექტაკლების პროგრამა დახუნძლულია სიტკბოებითა და რაციონალიზმით, ეროვნული კოლორიტითა და ევროპული სურნელით, ახალი სამყაროს ძიებითა და გამოცდილებათა გადაფასების პროცესით. წარმოდგენილი სპექტაკლების 70% ახალგაზრდების ნამუშევრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ღირსეულ კონკურენციას უწევენ საშუალო, ან თუნდაც უფროს თაობებს. საშუალო თაობას კი წელს წარმოადგენენ: დავით დოიაშვილი სპექტაკლით „ბალიშის კაცუნა“ (მუსიკისა და დრამის თეატრი), რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს მაყურებელზე, გიორგი სიხარულიძის „რევიზორი“ (ქუთაისის დრამატული თეატრი) გოგოლის ცნობილი კომედიის  განსხვავებული და თვალისმომჭრელი სცენური ინტერპრეტაციაა, ხოლო ლევან წულაძის „ბაკულას ღორები“ კლასიკური ქართული მწერლობის ერთ–ერთი ნიმუშის ძალზედ ორიგინალური გადაწყვეტაა, რომელიც ტრაგიკომიკურობის ჟანრში ერთდროულად  ბევრ სევდას და იუმორს გვრის მაყურებელს. იგი არა მხოლოდ ქართულ, არამედ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება. 

გურამ მაცხონაშვილის „გათვლა“ თანამედროვე ქართველი მწერლის ორიგინალური რომანის თეატრის ენით უცნაურად თხრობას წარმოადგენს, სადაც ომის ფონზე ვეცნობით ორი თინეიჯერის ცხოვრებას. პაატა ციკოლიას „მე მქვია ლალი“ კი მომავლის ეპოქას ეხება, რეჟისორი წინასწარ გვმაზადებს იმ პრობლემებთან შესახვედრად, რაც შეიძლება მომავალში, კიბერსივრცის ეპოქაში შეგვხდეს და მასთან გამკლავება მოგვიხდეს. დათა თავაძის „სახეები“ კი მთლიანად ახალგაზრდული ნამუშევარია, რომელიც სათეატრო თხრობის ორიგინალური ენითა და ფორმით გამოირჩევა. ახალგაზრდა რეჟისორ-პედაგოგის შეხვედრა სტუდენტებთან თავისუფალ გარემოში მეტად საინტერესო გამოცდილებას იძლევა  შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში.

უკვე ტრადიციად იქცა ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში პრემიერების გამართვა. თეატრები განგებ სთავაზობენ ფესტივალის მაყურებელს ახალ სპექტაკლებს და , საბედნიეროდ,  ხშირად სასიამოვნო სიურპრიზიც გამოსდით ხოლმე. 

 „Georgian Show Case 2017“ -ის პროგრამაში რამდენიმე საინტერესო რეჟისორის ორიგინალური დადგმაც გველოდება.  ცხადია, ქართული თეატრი ცდილობს ფეხი აუწყოს ყველა სიახლეს და ევროპულ ბაზარზე თავადაც გახდეს  გარკვეული აღმოჩენების სტიმულატორი. სიახლისკენ დაუოკებელი სწრაფვა და ტრადიციის მოურიდებელი მოდერნიზაცია ქართული თეატრის მთავარი მახასიათებელია. მოდით არ იჩქაროთ, მშვიდად მივყვეთ  ფესტივალზე წარმოდგელილ  რეპერტუარს და  მეტ-ნაკლებად დავინახავთ იმ სურათს, რომელიც ამ დროისთვის იკვეთება ქართულ თეატრში.


 

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 13:00 - ოთხშაბათი, 4ოქტომბერი
მდებარეობა: ბერი გაბრიელ სალოსის 1-ლი შესახვევი #2 (ყოფილი ელექტრო ქარხანა)
ტექსტი შექმნილია მსახიობებისა და რეჟისორების მიერ.

მშობელთა კრება

დამდგმელი რეჟისორები  – მიხეილ ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე
სცენოგრაფია  ანა გურგენიძის


სპექტაკლში გამოყენებულია ნენე ჩერის, ევერლი ბრაზერსის, გიორგი ცაბაძის, გურამ ბზვანელის, ართურ ჰამილტონის, ისმაელ ლოს და რევაზ ლაღიძის სიმღერები
 

მონაწილეობენ:
მიხეილ აბრამიშვილი, ნატა ბიჭიკაშვილი, ერეკლე გეწაძე, ნუცა გუჩაშვილი, გვანცა ენუქიძე,  ნინი იაშვილი, ლაშა ლაშხი, თეონა ლეჟავა, ანანო მახარაძე, თემო რეხვიაშვილი, გიგი რეხვიაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი სირბილაშვილი, მარიამ შალიკაშვილი, თამარა ჩუმაშვილი, ბიჭკა ჭეიშვილი


ხანგრძლივობა:  180 წუთი, ერთ მოქმედებად
საგასტროლო ჯგუფი:  21 ადამიანი


სპექტაკლის შესახებ:

„მშობელთ კრება“ „ღია სივრცის“ მეორე სპექტაკლია. ამჯერად შემოქმედებითი ჯგუფი საკუთარ თავზე იწყებს ლაპარაკს და პირადი ემოციური გამოცდილების გაზიარებით მაყურებელს თვითანალიზის მონაწილეს ხდის.

რას ნიშნავს მშობლობა, როგორ ცვლის ჩვენს ცხოვრებას სხვისთვის უმნიშვნელო დეტალებიც კი, რა მოთხოვნებს გვიწესებს გენდერული სტერეოტიპებით სავსე გარემო და როგორ ცდილობს შეზღუდოს ჩვენთვის ბუნებრივი მისწრაფებები. რა როლი აქვს მამაკაცს გენდერულ თანასწორობაში და არის თუ არა პატრიარქალური სამყარო ისეთივე მჩაგვრელი მამაკაცისთვის, როგორიც ქალისთვის. რაზე გვიწევს უარის თქმა, როცა სამყაროს უფლებას ვაძლევთ შეზღუდოს ჩვენი სურვილები არსებული ნორმების გამო.

სწორედ ამ საკითხების კვლევაა „მშობელთა კრება“, რომელიც მთლიანად ეყრდნობა სპექტაკლში მონაწილე მსახიობების პირად ცხოვრებას, რიგითი მოქალაქეების ინტერვიუებს და ქართველი კლასიკოსი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის ნოველას „ტრაგედია უგმიროდ“.

„ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ 2016 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას. ორგანიზაციის თეატრალური ლაბორატორია მიმართულია ახალი ხერხების, მეთოდების, ფორმების კვლევისკენ და გზას უხსნის არტისტებს, რომლებსაც იზიდავთ  არაკლასიკური თეატრალური პროცესი ალტერნატიულ სივრცეში. 

ღია სივრცის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც ორი რეჟისორის, ერთი მხატვრისა და 18 მსახიობისგან შედგება აქტიურად ეხმაურება ქვეყანაში მიდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს. სპექტაკლები – „შიმშლის ღმერთი“ „წუხილი“, პერფორმანსები: „შრომის  კოდექსი/კლასგარეშე საკითხავი“ და ანდრო დადიანის „უფრო სქელი კანი“ სწორედ იმ პრობლემებზე ამახვილებს მაყურებლის ყურადღებას, რომლებიც დღეს ჩვენ გარშემო ყველაზე მძაფრად დგას: სიღატაკე, უსახლკარობა, მშრომელთა უფლებების უგულებელყოფა, ჰომოფობია, სხვადასხვა სახის ძალადობა.

„ღია სივრცემ“ არსებობიდან ერთი წლის განმავლობაში მოახერხა შეეძინა საკუთარი მაყურებელი და დაეკავებინა ადგილი კულტურულ პროცესებში, როგორც აქტივისტურ დაჯგუფებას, რომლისთვისაც თეატრი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის იარაღია.

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

სამხატვრო ხელმძღვანელები: მიხეილ ჩარკვიანი და დავით ხორბალაძე
თეატრის მმართველი: ანა გურგენიძე
საკონტაქტო პირი: ანა გურგენიძე
ტელ: +995 551 400 403
E-mail: openspaceea@gmail.com

https://www.facebook.com/osoea/