ქართული პროგრამა

Georgian ShowCase - ქართული სპექტაკლების პროგრამა 2009 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან ერთად დაფუძნდა და ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ქართული სპექტაკლების პროგრამა  გასული  სეზონის  ერთგვარი შეჯამებაა და ყველა დაინტერესებულ თეატრს და კომპანიას საშუალებას აძლევს თავიანთი ნამუშევარი და ინიციატივები წარუდგინოს საერთაშორისო სტუმრებს.

შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების  მიზნით.   ქართული შოუ ქეისი  ერთგვარ თეატრალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს: დრამატულ თეატრს, თანამედროვე ცეკვასა და თანამედროვე დრმატურგიას, როგორც დედაქალაქიდან ასევე რეგიონებიდან.

პროგრამა  თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა  სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. სარეკომანდაციო  ჯგუფი შედგება  თეატრის კრიტიკოსებისაგან  -  5 ადამაინი -  რომელიც   თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს მიერ დასახელდა.  ქართული სპექტაკლების პროგრამაზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: რეჟისორები, ფესტივალის დირექტორები, კრიტიკოსები, პროდიუსერები და ჟურნალისტები.

წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე ველოდებით 80 - მდე  საერთაშორისო სტუმარს.

 

 

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი:
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ყველაზე არტისტულ და თეატრალურ ქვეყანაში, სადაც უყვართ თეატრი, სადაც  ცხოვრობენ თეატრით. ბევრი თქვენგანი კვლავ დაბრუნდა მონატრებულ ქართულ თეატრთან შესახვედრად, რომელიც მდიდარია „სამხრეთული ტემპერამენტით“ და „მამაცი არტისტულობით“, რამდენიმე თქვენგანი კი პირველადაა აქ, ახლა ეცნობა მას ახლოდან. გარწმუნებთ, რომ თქვენც დაბრუნდებით, რადგან შეგიყვარდებათ არა მხოლოდ ქართული თეატრი და საქართველო, არამედ ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მოგენატრებათ ის გულწრფელი სითბო, რომელსაც აქ იგრძნობთ თითოეული ფეხის ნაბიჯზე, ქუჩასა თუ სახლში სრულიად უცხო ადამიანებისგან.  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნამდვილად შეგიწყობთ ხელს, რომ უკეთ გაეცნოთ საქართველოს და ქართულ თეატრს, ამაში მალე თავად დარწმუნდებით.

თანამედროვე ქართული თეატრი დიდი ევროპული თეატრალური ოჯახის  ნაწილია. თუმცა, ამავე დროს,  არ კარგავს ინდივიდუალურ მახასიათებლებს და  წინაპრთა გაკვალულ გზას მისდევს. 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის 2017 წლის ქართული სპექტაკლების პროგრამა დახუნძლულია სიტკბოებითა და რაციონალიზმით, ეროვნული კოლორიტითა და ევროპული სურნელით, ახალი სამყაროს ძიებითა და გამოცდილებათა გადაფასების პროცესით. წარმოდგენილი სპექტაკლების 70% ახალგაზრდების ნამუშევრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ღირსეულ კონკურენციას უწევენ საშუალო, ან თუნდაც უფროს თაობებს. საშუალო თაობას კი წელს წარმოადგენენ: დავით დოიაშვილი სპექტაკლით „ბალიშის კაცუნა“ (მუსიკისა და დრამის თეატრი), რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს მაყურებელზე, გიორგი სიხარულიძის „რევიზორი“ (ქუთაისის დრამატული თეატრი) გოგოლის ცნობილი კომედიის  განსხვავებული და თვალისმომჭრელი სცენური ინტერპრეტაციაა, ხოლო ლევან წულაძის „ბაკულას ღორები“ კლასიკური ქართული მწერლობის ერთ–ერთი ნიმუშის ძალზედ ორიგინალური გადაწყვეტაა, რომელიც ტრაგიკომიკურობის ჟანრში ერთდროულად  ბევრ სევდას და იუმორს გვრის მაყურებელს. იგი არა მხოლოდ ქართულ, არამედ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ეხება. 

გურამ მაცხონაშვილის „გათვლა“ თანამედროვე ქართველი მწერლის ორიგინალური რომანის თეატრის ენით უცნაურად თხრობას წარმოადგენს, სადაც ომის ფონზე ვეცნობით ორი თინეიჯერის ცხოვრებას. პაატა ციკოლიას „მე მქვია ლალი“ კი მომავლის ეპოქას ეხება, რეჟისორი წინასწარ გვმაზადებს იმ პრობლემებთან შესახვედრად, რაც შეიძლება მომავალში, კიბერსივრცის ეპოქაში შეგვხდეს და მასთან გამკლავება მოგვიხდეს. დათა თავაძის „სახეები“ კი მთლიანად ახალგაზრდული ნამუშევარია, რომელიც სათეატრო თხრობის ორიგინალური ენითა და ფორმით გამოირჩევა. ახალგაზრდა რეჟისორ-პედაგოგის შეხვედრა სტუდენტებთან თავისუფალ გარემოში მეტად საინტერესო გამოცდილებას იძლევა  შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში.

უკვე ტრადიციად იქცა ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში პრემიერების გამართვა. თეატრები განგებ სთავაზობენ ფესტივალის მაყურებელს ახალ სპექტაკლებს და , საბედნიეროდ,  ხშირად სასიამოვნო სიურპრიზიც გამოსდით ხოლმე. 

 „Georgian Show Case 2017“ -ის პროგრამაში რამდენიმე საინტერესო რეჟისორის ორიგინალური დადგმაც გველოდება.  ცხადია, ქართული თეატრი ცდილობს ფეხი აუწყოს ყველა სიახლეს და ევროპულ ბაზარზე თავადაც გახდეს  გარკვეული აღმოჩენების სტიმულატორი. სიახლისკენ დაუოკებელი სწრაფვა და ტრადიციის მოურიდებელი მოდერნიზაცია ქართული თეატრის მთავარი მახასიათებელია. მოდით არ იჩქაროთ, მშვიდად მივყვეთ  ფესტივალზე წარმოდგელილ  რეპერტუარს და  მეტ-ნაკლებად დავინახავთ იმ სურათს, რომელიც ამ დროისთვის იკვეთება ქართულ თეატრში.


 

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - ხუთშაბათი, 5ოქტომბერი
მდებარეობა: ადგილმდებარეობა მოგვიანებით გამოცხადდება
პაატა ციკოლია

მე მქვია ლალი

დამდგმელი რეჟისორი – პაატა ციკოლია
სცენოგრაფია  ქეთი ნადიბაიძის

მონაწილეობს:

მეგი კობალაძე

პრემიერა შედგა:  2016 წლის   6 სექტემებერს (ბათუმის მონოპიესების ფესტივალი 2016 -ის ფარგლებში)
ხანგრძლივობა:  60 წუთი,  ერთ მოქმედებად
საგასტროლო ჯგუფი:  4 ადამიანი


სპექტაკლის შესახებ:

კიბერპანკი ერთ მოქმედებად

ახლო თუ შორეულ მომავალში „უფლებები მარტოობაზე  კანონითაა განსაზღვრული, მეგობრობა დაცული და გარანტირებულია".

ლალი არის „სინთეტიკა", რომელიც „ქალაქმა" „მომხმარებელს" დაბადების დღის აღსანიშნავად საჩუქრად გაუგზავნა.

მომავლის ყოველმხრივ „მოწესრიგებულ", „ოპტიმალურ" ყოფაში ტანჯვისა და განსაცდელის „ალბათობა ნულს უტოლდება“.  


რეკომენდაცია:

თანამედროვე და, უფრო მეტად,  მომავლის სამყარო... ვირტუალური სივრცე, რომელიც რეალობას თანდათან ანაცვლებს. თანამედროვე/მომავლის ფრანკენშტაინი. ადამიანის ხელით შექმნილი და მისივე განადგურებული ვირტუალური ადამიანი.

ლალი _ რომელიც ამ შემთხვევაში მატერიალიზებულია და კომპიუტერის ჩარჩოდან გადმოდის, ერთი მსახიობის მიერაა განსახიერებული და რამდენიმე განზომილებაში უწევს არსებობა. ერთი სივრცე მეორითაა ჩანაცვლებული და მაყურებელიც რეალობას მიღმა აღმოჩნდება.

პაატა ციკოლია _ ახალი თაობის ქართველი რეჟისორებში ერთ-ერთი გამორჩეული და თავისთავადი ავტორია,  რომელსაც ზოგჯერ შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მიიღო ან არ მიიღო სამყაროს მისეული აღქმა და მაგრამ არ აღიარო, რომ აქვს ინდივიდუალური ხედვა, მძაფრი, სპეციფიკური ხელწერა და სათქმელი, რომლის მხატვრული ენით გამოთქმის ძლიერი უნარი გააჩნია, შეუძლებელია.

 

ლელა ოჩიაური
თეატრის კრიტიკოსი

დამოუკიდებელი პროექტი „MONO ტრილოგია“  ექსპერიმენტული ძალისხმევაა რამდენიმე ამოცანის გათვალისწინებით: 1. ალტერნატიული სირვცე; 2. რესურსების მინიმალური დანახარჯი (დრო, მატერიალური, ფინანსრული); 3. ახალი მაყურებლის, აუდიტორიის ძიება ახალი თემების, ფორმებისა და მიდგომის გზით.

საკონტაქტო ინფორმაცია
სამხატვრო ხელმძღვანელი: პაატა ციკოლია
თეატრის მმართველი: პაატა ციკოლია
საკონტაქტო პირი: პაატა ციკოლია
ტელ: +995 579014215
E-mail: paatatsikolia@gmail.com