საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - კვირა, 16 სექტემბერი
მდებარეობა: სამეფო უბნის თეატრი
დავით გაბუნია

ვეფხვი და ლომი

რეჟისორი დათა თავაძე
მუსიკის ავტორი  ნიკა ფასური
დიზაინერი  სებასტიან ჰანაკი

მონაწილეობენ:
ანაგერლინდე  დოდენჰოფი, ტიმო ტანკი, ანტონია მორი, სონია ვეგენერი, გუნარ შმიდტი, ალექსანდერ კიუსტერსი. 

 

სპექტაკლის შესახებ:
1937 წლის სტალინურ რეპრესიებს საქართველოში უამრავი ხელოვანი და ინტელექტუალი შეეწირა; მათ შორის იყო 100-ზე მეტი მწერალი. რა ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ტოტალურ კონტროლს ამყარებს და ცდილობს, ჩანასახშივე ჩაკლას თავისუფალი გამოხატვის ნებისმიერი მცდელობა?

„ვეფხვი და ლომი“ დოკუმენტური წყაროების გამოყენებით შექმნილი ფიქციური ნაწარმოებია, რომელშიც პერსონაჟებს სახელები არა აქვთ. ისინი კრებითი სახეებია, რომლებიც საბჭოთა საქართველოს სისხლიანი ისტორიიდან ამოკრებილ მრავალ ბიოგრაფიას აერთიანებენ. ტიციან ტაბიძე, ოლია ოკუჯავა, მიხეილ ჯავახიშვილი... მხოლოდ რამდენიმე მათგანია, ვისი ტრაგიკული ბედიც წარმოდგენაში აისახა. ცენტრალური ადგილი კი პაოლო იაშვილის „პროვოკაციულ“ თვითმკვლელობას უჭირავს, მაჩაბლის ქუჩაზე, იმჟამინდელ მწერალთა კავშირში მომხდარ ტრაგედიას, რომლის უტყვი მოწმეები ვეფხვის და ლომის ფიტულები, დღემდე ინახება შენობაში.

გერმანულ-ქართულ კოპროდუქციაში რეჟისორი დათა თავაძე და დრამატურგი დავით გაბუნია კარლსრუეს თეატრის გერმანელ მსახიობებთან ერთად გვთავაზობენ ტრაგიკული მოვლენების დისტანცირებულ და მკაცრ ანალიზს; ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის მცდელობა, იპოვოს საწყისი წერტილი, საიდანაც უნდა „დაიწყოს ისტორია“.

სპექტაკლი განხორციელდა გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით

 

ხანგრძლივობა: 100 წუთი უანტრაქტოდ
ბილეთები: პარტერი - 35 ლარი | აივანი - 25 ლარი

კარლსრუეს სახელმწიფო თეატრი ევროპის ყველაზე დიდი მრავალპროფილიანი თეატრია, მასში ერთდროულად 750 პირი მუშაობს და 330 000 მაყურებელზე მეტი წელიწადში 750 სპექტაკლს წარმოადგენს.  საოპერო, საკონცერტო, საბალეტო და დრამატულ განყოფილებებს თეატრში ორი ახალი განყოფილება დაემატა მას შემდეგ, რაც მას სათავეში პეტერ სპილერი ჩაუდგა 2011 წელს: საყმაწვილო და მაყურებლის სათანამონაწილეო თეატრი ( participatory theatre). 2018 წლის შემოდგომის შემდეგ სამ ძირითად განყოფილებას (საოპერო, საკონცერტო, საბალეტო) სათავეში ქალები ჩაუდგნენ. თეატრს სამასზე მეტი წლის ისტორია აქვს: 1719 წელს, ქალაქის აშენებისთანავე, იგი სამეფო კარის თეატრად დაარსდა, მაგრამ მისი კარი მუდამ ღია იყო ფართო მაყურებლისათვის. თეატრი რამდენიმე საერთაშორისო თეატრალური ქსელის - მათ შორის,  Opera Europa და European Theatre convention( ETC) -ის აქტიური წევრია. ამავე სისტემაში თეატრის ერთ-ერთი პარტნიორი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრია. მათი თანამშრომლობის უკანასკნელი ნაყოფის, ციფრული თეატრის პროექტის ,, დადგი სცენაზე საკუთარი ქალაქი“ პრემიერა 2018 წლის აპრილში გაიმართა ნანსიში, საფრანგეთში.