სხვა პროექტები

"ბრეივ ფესტივალის" სემინარი თბილისში

04.10.2016

5 ოქტომბერი

"ბრეივ ფესტივალის" სემინარი თბილისში

თუ გსურთ შეიტყოთ მეტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პოლონური პროექტის შესახებ მობრძანდით 5 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ "ბრეივ ფესტივალის" სემინარზე. ჩვენ მოგიყვებით თეატრი თხის სიმღერის ასოციაციის მიზნებისა და მისი ყველაზე მთავარი პროექტების შესახებ: თეატრი თხის სიმღერა, "ბრეივ ფესტივალი" და პროექტი "გამბედავი ბავშვები".

1996 წელს გჟეგოჟ ბრალისა და ანა ზუბრჟიცკის მიერ დაარსებული "თეატრი თხის სიმღერა" (Teatr Pieśń Kozła) პოლონური "თეატრი - ლაბორატორიის" ტრადიციიდან ამოიზარდა. მან, როგორც ევროპის ერთ- ერთმა მოწინავე თეატრმა, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. კომპანია იკვლევს, თუ რითია თეატრი გამორჩეული ხელოვნების სხვა ფორმებისგან. "თეატრი თხის სიმღერის" მუდმივი თვითგანვითარების, წარმოდგენების გამართვისა და რეპეტიციების პროცესი დამახასიათებელია თეატრი - ლაბორატორიისთვის. ეს მიდგომა მსახიობისა და რეჟისორის უნარების კვლევის საშუალებას იძლევა, რაც ახალი მეთოდების, საშემსრულებლო ენისა თუ სამუშაო პროცესის განვითარებას უწყობს ხელს.

თეატრი თხის სიმღერის მუშაობის პირველ წლებში ეწყობოდა ექსპედიციები მსოფლიოს გარშემო, ეძებდნენ რა ხელოვნების ტრადიციულ და ადგილობრივ ფორმებსა და შემოქმედებს; ეცნობოდნენ ადამიანებს, რომლებიც დგანან საკუთარი თვითმყოფადი კულტურისა და ხელოვნების სადარაჯოზე. ექსპედიცია შთაგონების მოპოვების სურვილით იყო გამსჭვალული. მიზანი კულტურულად მდიდარი წყაროს მქონე ახალი წარმოდგენების ძიება გახლდათ: "დროთა განმავლობაში გავიაზრეთ, რომ ყველა ეს ხალხი და მათი ტრადიციები მალე აღარ იქნებოდა." რამდენიმე წლის შემდეგ, კომპანიამ ჩამოაყალიბა "ბრეივ ფესტივალი" და გეზი საპირისპირო მიმართულებით აიღო: ფესტივალი ამ ხალხს, მათი უნიკალური კულტურისა და ხელოვნების გასაზიარებლად, ვროცლავში ეპატიჟება. "ბრეივ ფესტივალის" შექმნის აუცილებლობა მსოფლიო კულტურული სიმდიდრის გაცვლის საჭიროებით იყო გამოწვეული. მისი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მარგინალური, გაქრობის პირას, ჩრდილში მყოფი შემოქმედებითი ტრადიციების წარმოჩენა. მსოფლიოს, სადაც დომინირებს მასმედიის კულტურა და რესურსების ინტენსიური ხარჯვა, ფესტივალი ცხოვრების გულწრფელი  გზისკენ, აზროვნებისა და შემოქმედობითობისკენ მოუწოდებს.

"ბრეივ ფესტივალი" ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ  ხელოვნების ყველა შესაძლო ფორმაზე და იცავენ მას, მათ შორის: თეატრს, მუსიკას, კინოსა და ლიტერატურის ზეპირსიტყვიერ ფორმას. ფესტივალი ეძღვნება ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ კულტურისა და ცხოვრებისადმი შემოქმედებით მიდგომას თითოეული ჩვენგანის არსებობისა და ყოველდღიურობის შეცვლის ძალა შესწევს. ფესტივალზე წარმოდგენილია კონცერტები, გამოფენები, ვორქშოფები (ცეკვაზე, მუსიკასა და სამსახიობო ოსტატობაზე) და ფილმების პროგრამა. ყველა ღონისძიება ღიაა მაყურებლისთვის, ეძლევა რა მას საშუალება ნახოს და შეიგრძნოს ის, რისი ხილვაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი ფესტივალის ყოველი სეზონი კაცობრიობის სხვადასხვა ასპექტსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეზე ამახვილებს ყურადღებას. წარსული სეზონის თემები იყო: ჯადოსნური ხმები, აზიის ხმები, ჩაძირული სიმღერები, რიტუალები: აფრიკის გარეთ, მსოფლიოს მლოცველები, გრძნეულები, ნიღაბი, ქალის ინიციაცია, დაკარგული რიტმი, წმინდა სხეული, გრიოტი, განდევნილი. "ბრეივ ფესტივალმა" უმასპინძლა შემოქმედებსა და დასებს შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იაპონია, კორეა, ტაივანი, სინგაპური, რუსეთი, ავსტრალია, ეგვიპტე, საქართველო, ბულგარეთი, ინდოეთი, მალი, ტანზანია, ბურკინა - ფასო, ჩილე, ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, უგანდა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, მონღოლეთი, ნიგერი, აზერბაიჯანი, პაკისტანი, პოლონეთი, კორსიკა, რუმინეთი, ისრაელი, სარდინია, მაკედონია, მაროკო, ბრაზილია, მალაიზია და სხვ. ფესტივალი ბილეთებიდან მიღებული შემოსავლით მხარს უჭერს ტიბეტში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის ROKPA-ს მიერ გამართულ ჰუმანიტარულ აქტივობებს.

პროექტი "გამბედავი ბავშვები" 2009 წელს ერთი არაჩვეულებრივი ადამიანის,  ტიბეტელი ლამის, ფიზიკოსისა და ფილანტროპისტის, დოქტორი აკონგ ტულკუ რინპოშეს ჩაგონებით შეიქმნა. მისი დაარსებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ROKPA. ის ამბობდა, რომ ჩვენ, "თეატრი თხის სიმღერის ასოციაციამ", განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ბავშვთა განვითარებას, რადგან სწორედ ბავშვები განსაზღვრავენ ჩვენი მსოფლიოს მომავალს. ბავშვებს უნდა მისცემოდათ თავიანთი უნარებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ერთმანეთთან გაზიარების შესაძლებლობა. პროექტის "გამბედავი ბავშვები" ძირითად იდეას წარმოადგენს კულტურათა და ტრადიციების მრავალფეროვნებაზე შემდგარი დისკუსიისა და მსჯელობის განვითარება, ყოველი ადამიანის მიმართ პატივისცემის, თანაგრძნობისა და ემპათიის გაღვივება. 2009 წელს, "გამბედავი ბავშვების ფესტივალის" საცდელი პერიოდის განმავლობაში ერთამნეთს ახალგაზრდა შემოქმედთა სამი ჯგუფი შეხვდა. 2016 წელს კი , ფესტივალის მე-7 სეზონზე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, კერძოდ 19 ქვეყნის 23 შემოქმედებითი გუნდიდან, 144 ბავშვი შეიკრიბა.

"თეატრი თხის სიმღერის ასოციაცია" თავის ხედვასა და გამოცდილებას მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებს უზიარებს. ადამიანებს, რომლებიც მსოფლიოში პოზიტიური ცვლილების მიმართ აღძრულ ჩვენს წადილს იზიარებენ და რომლებსაც თავიანთი ხედვების განხორციელების დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. ეს არის ოცნება პოტენციალის გაღვივებაზე ადამიანებში, რომლებიც თავიანთ მხრივ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სხვა ადამიანებსაც აღუძრავენ საკუთარი ღრმა პოტენციალის დანახვის უნარს.

თუ გსურთ, რომ შემოგვიერთდეთ, მობრძანდით "ბრეივ ფესტივალის" სემინარზე თბილისში! ეს წარმოადგენს შეხვედრას იმ ორგანიზაციებისთვის და კერძო პირებისთვის, რომელთაც სურთ შეიტყონ მეტი პროექტის "გამბედავი ბავშვები" და "ბრეივ ფესტივალის" შესახებ. შეხვედრაზე გეტყვით თუ როგორ შეძლებთ ჩვენთან შემოერთებას. გეტყვით, როგორ შექმნათ და გამართოთ დიდი, მრავალფუნქციური ფესტივალი. თქვენ შეხვდებით დამფუძნებლებს, პროდიუსერებს, კოორდინატორებსა და ახალგაზრდა მონაწილეებს.

ჩვენ მხოლოდ საუბარს არ ვაპირებთ! "ბრეივ ფესტივალის" სემინარზე ასევე იხილავთ გამბედავი ბავშვების ქართველი მონაწილეების პატარა წარმოდგენებს. მოგეცემათ შესაძლებლობა შეიგრძნოთ ამ ახალგაზრდა შემოქმედთა ენერგია - მათი გატაცება და ნიჭი - ნახავთ არაჩვეულებრივ საცეკვაო წარმოდგენებს, მოისმენთ მშვენიერ ხმებსა და ფანდურის ბგერებს.

"ბრეივ ფესტივალის" სემინარი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, "თეატრი თხის სიმღერის" მიერ გამართული პრეზენტაციის ნაწილია. ქართველ მაყურებელს ეძლევა შესაძლებლობა ნახოს ანტონ ჩეხოვის პიესის მიხედვით დადგმული ბრწყინვალე წარმოდგენა "ალუბლის ბაღის პორტრეტები". გჟეგოჟ ბრალი, "თეატრი თხის სიმღერისა" და ბრალის სამსახიობო სკოლის დირექტორი, ასევე გამართავს ინტენსიურ ვორქშოფს მისივე გამომუშავებულ კოორდინაციის ტექნიკაში, რომელშიც თეატრი მუშაობს.


ღონისძიებებისა და აქტივობების პროგრამის   დეტალური აღწერა


1. ალუბლის ბაღის პორტრერები,
თეატრი თხის სიმღერა (რეჟისორი გჟეგოჟ ბრალი)
4, 5 ოქტომბერი
დასაწყისი: 20:00 | სამეფო უბნის თეატრი
(დამეტებითი ინფორმაციისთვის:http://www.tbilisiinternational.com/en/program/full-program?n=49)

2. "ბრეივ ფესტივალის" სემინარი

5 ოქტომბერი
დრო: 10:00 - 18:00 | მარჯანიშვილის თეატრი, მცირე სცენა (გთხოვთ, შემოგვიერთდით თქვენთვის ხელსაყრელ დროს, თუმცა ყველა აქტივობაში მონაწილეობის მიღება სასურველია)

1) თეატრი თხის სიმღერის ყველაზე მნიშვნელოვანი
 აქტივობების გაცნობა

  დასაწყისი: 10:00
- გჟეგოჟ ბრალი ("ბრეივ ფესტივალის" და "გამბედავი ბავშვების ფესტივალის"   იდეა)
- ალისია ბრალის ოფიციალური სიტყვა (თეატრი თხის სიმღერა)
- ადრიან პოდგორნი (მოკლე შესავალი "ბრეივ ფესტივალის" შესახებ )

- ივონა სტანკოვა (მოკლე შესავალი "გამბედავი ბავშვების" შესახებ)

2) "გამბედავი ბავშვების" სემინარი  
დასაწყისი: 11:30

- ივონა სტანკოვა (როგორ გავუწიოთ ორგანიზება "გამბედავ ბავშვებს")

- ცირა მესხიშვილი (როგორ გავუწიოთ ორგანიზება "გამბედავ ბავშვებს" საქართველოში)

- შეკითხვები და პასუხები


3) წარმოდგენები და შეხვედრა გამბედავი ბავშვების ყოფილ მონაწილეებთან
დასაწყისი: 14:00

- "გამბედავი ბავშვების ფესტივალის" ყოფილი მონაწილეების კონცერტი (ფანდური) –
ზაჰესის სკოლა N 5

- "გამბედავი ბავშვების ფესტივალის" ყოფილი მონაწილეების საცეკვაო წარმოდგენა
(ქართული ცეკვები)

-პანელი "გამბედავი ბავშვების ფესტივალის" ხუთ ყოფილ მონაწილესთან ერთად - 30 წუთი

-  "გამბედავი ბავშვების ფესტივალის" ფილმი (“გამბედავი ბავშვები - მსოფლიოს ბავშვები")

4) "ბრეივ ფესტივალის" სემინარი
დასაწყისი: 16:00

- ადრიან პოდგორნი – როგორ გავუწიოთ ორგანიზება მრავალფუნქციურ ფესტივალს
- "ბრეივ ფესტივალის" ფილმები


3. კოორდინაციის ტექნიკის ვორქშოფი
ოქტომბერი 6, 7, 8

დასაყწისი: 11:00 | მარჯანიშვილის თეატრი, სარეპეტიციო ოთახი.
დამატებითი ინფორმაციისთვის: http://www.tbilisiinternational.com/en/news?n=630

დასწრება თავისუფალია