პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 13:00 - კვირა, 06 ოქტომბერი
მდებარეობა: ბერი გაბრიელ სალოსის 1-ლი შესახვევი #2 (ყოფილი ელექტრო ქარხანა)
დავით ხორბალაძე

გახეთქილი ყბა

რეჟისორი – დავით ხორბალაძე
სცენოგრაფია ანა გურგენიძის
კოსტიუმების მხატვრები  – ანა გურგენიძე
ქორეოგრაფი – ნათია ჩიკვაიძე
კომპოზიტორი – ანუშკა ჩხეიძე
 

მონაწილეობენ:
ნატა ბიჭიკაშვილი, დავით თურქია, ალექსანდრე დეკანოიძე, გვანცა ენუქიძე, ლაშა-გიორგი ლაშხი, ირაკლი სირბილაშვილი, თამარა ჩუმაშვილი,  ანუშკა ჩხეიძე, დავით ხორბალაძე

 

სპექტაკლის შესახებ:
ეძღვნება ნიქოს
2018 წლის მაისი თბილისისთვის ძალიან ცხელი იყო. ყველაფერი დაიწყო კლუბებში ნარკორეალიზატორებზე ნადირობით, სახელმწიფოს მიერ ძალის დემონსტრირებით, გაგრძელდა საპროტესტო აქციებით: „WE DANCE TOGETHER-WE FIGHT TOGETHER“. პარლამენტთან რამდენიმე დღის განმავლობაში ათიათასობით ახალგაზრდა აპროტესტებდა პოლიციურ ძალადობას. ამას მოჰყვა მთავრობის მიერვე წახალისებული ულტრანაციონალისტური ძალების დაპირისპირება „რეივერებთან“. საბოლოოდ კი სიტუაცია ისევ შ.ს.ს. მინისტრმა ჩააწყნარა. მან ბოდიში მოუხადა მოცეკვავე მომიტინგეებს და დაშლისკენ მოუწოდა. აქციები შეწყდა. მოსალოდნელი საშიშროების გამო გაუქმდა 17 მაისს დაგეგმილი ანტიჰომოფობიური აქციაც, თუმცა აქტივისტების ნაწილი მაინც გამოვიდა კანცელარიასთან. პოლიცია აქციას გაძლიერებულად იცავდა, მაგრამ 15 წლის მოზარდი მაინც შეიპარა შემოსაზღვრულ საპროტესტო აქციაზე და სწორედ მაშინ დაესხა თავს გამომსვლელ აქტივისტს და ყბა გაუხეთქა, როცა ის ამბობდა: „სიყვარული არის სიყვარული, ყოვეთვის და ყველგან“. იმავე დღეს ქება-დიდების ლექსიც კი მიუძღვნეს მოძალადე მოზარდს ზრდასრულმა მოქალაქეებმა. ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადებული 17 მაისი საზეიმო მსვლელობით აღნიშნა. თვის ბოლოს კი ზაზა სარალიძემ, რომლის შვილის მკვლელებიც დღემდე არ დასჯილან, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.  1 წელზე მეტი გადის, სარალიძე დღემდე პარლამენტის კიბეებთან ცხოვრობს კარავში და უშედეგოდ ითხოვს საკუთარი შვილის მკვლელების დასჯას.

2018 წლის მაისი დიდი იმედგაცრუებების სიმბოლოა. უშედეგო ბრძოლების შემდეგ ცეკვა განვაგრძეთ. კლუბები დაგვიბრუნეს და პროტესტმაც მხოლოდ დენსფლორზე გადაინაცვლა.

Raveოლუცია არ მომხდარა.

შესაძლოა სპექტაკლში ამ მოვლენებიდან ვერცერთი ვერ ამოიკითხოთ, შესაძლოა ყველაფერი გაუთავებელ ხმაურადაც მოგეჩვენოთ, თუმცა ამ შავ და უხამს კომედიაში ავტორების მიზანი სწორედ ასეთ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში მყოფი ფრუსტრირებული მოქალაქის ქაოტური თვითგამორკვევის მცდელობების, საკუთარ თავში სასიცოცხლო ძალების გამოძებნის პროცესის ასახვა და ამ უკიდურესად თეატრალიზებული გარემოს საპასუხოდ შესაბამისი სათეატრო ენის გამოძებნის მცდელობაა.

როგორია ასეთ გარემოში აკრძალული სექსუალობა, ნამდვილად  არის თუ არა „სიყვარული სიყვარული ყოველთვის და ყველგან“ , ვის აქვს სიამოვნების ან უბრალოდ სიცოცხლის უფლებაზე მონოპოლია, როგორ ვძალადობთ ერთმანეთზე და ბოლოს, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ყველაფერს თავი დააღწიო, გაიქცე საკუთარი ქვეყნიდან და გადარჩე? ალბათ შესაძლებელია, თუმცა გადარჩენა მეტისმეტად პატეთიკურად და ძველმოდურად ხომ არ ჯღერს?

„როგორ ვილაპარაკოთ, რაზე ვილაპარაკოთ,
მოგწონთ ეს ორმაგი ბოდვა?“

 

პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის  ქართული შოუქეისის ფარგლებში.
 

ხანგრძლივობა: 240 წუთი,  ორი შესვენებით
საგასტროლო ჯგუფი13 ადამიანი

 

„ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ 2016 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას.

„ღია სივრცის“ თეატრალური ლაბორატორია მიმართულია ახალი ხერხების, მეთოდების, ფორმების კვლევისკენ და გზას უხსნის არტისტებს, რომლებსაც სურთ არაკლასიკური თეატრალური  მეთოდებით იმუშაონ  ალტერნატიულ სივრცეში. 

ღია სივრცის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე არტისტებისგან შედგება, აქტიურად რეაგირებს ქვეყანაში მიდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე. კომპანია სწორედ იმ პრობლემებზე ამახვილებს მაყურებლის ყურადღებას, რომლებიც დღეს ჩვენ გარშემო ყველაზე მძაფრად დგას (სიღატაკე, უსახლკარობა, მშრომელთა უფლებების უგულებელყოფა, ჰომოფობია, სხვადასხვა სახის ძალადობა). ჯგუფი გვიჩვენებს ადამიანების ცხოვრებას  ამ პრობლემათა ფონზე.  .
„ღია სივრცემ“ შეძლო შეეძინა საკუთარი მაყურებელი და დაეკავებინა ადგილი კულტურულ პროცესებში, როგორც აქტივისტურ დაჯგუფებას, რომლისთვისაც თეატრი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის იარაღია.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელები: მიხეილ ჩარკვიანი, დავით ხორბალაძე
საკონტაქტო პირი: ანა გურგენიძე
ტელ:+995 551 400 403
E-mail:openspaceea@gmail.com
https://www.facebook.com/osoea/