სიახლეები

ლოდინს შევეშვით... სექტემბერი არ გამოვიდა...

9/30/2020

 
ლოდინს შევეშვით... სექტემბერი არ გამოვიდა... დეკემბერიც არარეალისტური გვეჩვენება ერთი პატარა მაგრამ ბრაზიანი და საშიში ვირუსის გამო.
2020ის ფესტივალის ისტორია კი ასეთია:
მარტში ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა მზად იყო. მარტშივე „დავიკეტეთ". გაურკვევლობაში გადავედით მთელს მსოფლიოსთან ერთად. მაისში უკვე რთულად ჩანდა სექტემბრის ფესტივალის ამბები, მაგრამ დეკემბერი რეალისტური იყო თითქოს და დეკემბერზე დავიწყეთ შეთანხმებები პარტნიორებთან და სტუმრებთან...
ეხლა კი დეკემბერი ძალიან ახლოსაა და სამყარო კვლავ ებრძვის ვირუსს ჩაკეტილობით, მკურნალობით, პირბადეებით, აკრძალვებით, წამლებით, ექიმების და პაციენტების თავგანწირვით ...
კულტურა „შეკავბულია“ და ყველაზე მეტად სწორედ თეატრები, ფესტივალები, საკონცერტო მოღვაწეობა , საშემსრულებლო ხელოვნება დაზარალდა - ზოგი ფესტივალი შეჩერდა, ზოგი გადაიდო. ზოგი - ონლაინ გადანაცვლდა სრულად ან ნაწილობრივ. ფაქტია - ცვლილებები ყველას შეეხო. და ვფიქრობთ, ეს ცვლილებების მხოლოდ დასაწყისია -პანდემია გავლენას მოახდენს ყველაფერზე, მაგრამ, ვფიქრობთ, არა მხოლოდ უარყოფითად.
მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად დღეს ურთულესი პირობებისა, შეკავებულ-შეჩერებული კულტურისა, ცარიელი დარბაზების, გაურკვევლობის - თეატრი, ხელოვნება, კულტურა მაინც გამოიტანს დადებითს ამ გამოცდილებიდან და განსხვავებული აზრით და „ჩაბუდებული“ ენერგიით ააფეთქებს სამყაროს მალე, ძალიან მალე !
მანამდე კი ჩვენს გეგმას მალე შემოგთავაზებთ !