სიახლეები

მაშ ასე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - დეკემბერი. ონლაინ!

12/7/2020

მაშ ასე, სექტემბერმა უჩვენოდ ჩაიარა. კი გვქონდა სექტემბრის იმედი, მერე დეკემბრის...მაგრამ არ გამოდის -  პანდემია გვიტევს. ყველას და ყველგან.  სამყაროს უმეტესი ნაწილი შეჩერებულია ან „დაკეტილი“.  კულტურას და თეატრს  გამოეცალა ცოცხალი კომუნიკაციის შესაძლებლობა, მისი მთავარი ამბავი. თეატრი უმთავრეს  „საშიშ ადგილად“ გამოცხადდა პანდემიის გავრცელების გამო. საკონცერტო დარბაზებიც; საგამოფენო სივრცეებიც; მუზეუმებიც.  ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მოვხვდით სამყაროში, სადაც არ არის არც სპექტაკლებით და კონცერტებით დატვირთული საღამოები; არც ხმაურიანი გამოფენის გახსნები; არც რეივი კლუბებში.. არაფერი. არავინ იყო მზად ასეთი სამყაროსათვის.  ‘საშიშ“ ადგილის გარეშე კი  ყველაფერი მოსაწყენი  და შინაარსს მოკლებული აღმოჩნდა. ერთის მხრივ არტისტები პროფესიებს შენარჩუნებისათვის იბრძვიან,  ხოლო მეორეს მხრივ -  ადამიანები კარგავენ შესაძლებლობას ისიამოვნონ, იფიქრონ, კრიტიკულად იაზროვნონ, ფანტაზიებში დაიკარგონ. სითამამე დაიკარგა -  ახალი აღმოჩენების და განსხვავებული გზების. ის სითამამე, რომელიც მხოლოდ არტისტებს შეუძლიათ რომ გვშთაბერონ.

TIME ZERO - ასეც ეძახიან ამ დროს თეატრში. გამოწვევა ურთულესია და გზადაგზა ვფიქრობთ -  როგორ უნდა გავუმკლავდეთ. არადა, უნდა გავუმკლავდეთ. ის, რომ მოცემულობა ასეთია, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შევეგუოთ. გამოწვევას აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ. გაჩერება გამორიცხულია.

 ამიტომაც „დროებით“ მდგომარეობაში გადავედით და ამჯერად თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ონლაინ , ინტერნეტ სივრცეში გადავიყვანთ. საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამა 15 დეკემბრიდან დაიწყება და გვჯერა დაანონსებულ დეკემბრის სირთულეებში  ოდნავ მაინც შეგახსენებთ, რომ ადამიანისათვის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თუ როგორ ვცხოვრობთ; რომ უჩვენოდ -  უთეატროდ, უკონცერტოდ, უფესტივალოდ, უმხატვროდ, უმწერლოდ, უმსახიობოდ სამყარო ვერ გაძლებს; რადგან ჩვენი ცხოვრების მრავალფეროვნებისათვის და მაღალი  ხარისხსათვის კულტურა და თეატრი გადამწყვეტია.

მაშ ასე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - დეკემბერი. ონლაინ!