ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - პარასკევი, 30 September
მდებარეობა: 
ჰაინერ მიულერი

ჰამლეტი/მანქანა

რეჟისორი: ზურაბ გეწაძე
სცენოგრაფია: შოთა გლურჯიძე, ზურაბ გეწაძე
კოსტიუმების მხატვარი: სოფო მარიამ ქორიძე
ქორეოგრაფი: ქეთი ასათიანი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : ერეკლე გეწაძე
ვიდეო: გიორგი ხოსიტაშვილი
რეჟისორის თანაშემწე: :  ელენე მონასელიძე

 

მონაწილეობენ:

პაატა ინაური, ვანო თარხნიშვილი, ლია კაპანაძე, ნინი იაშვილი, ქეთა შათირიშვილი, ნიკა წერედიანი, ნანუკა ლითანიშვილი,  ქეთი ასათიანი,  გაგი შენგელია, თორნიკე ქასრაშვილი, ერეკლე გეწაძე.

 

სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი „ჰამლეტი/მანქანა“ თანამედროვე მაყურებელს წარმოუდგენს მოულოდნელი, ორიგინალური კუთხით დანახულ, საუკუნეების წინ წამოწეულ „ჰამლეტის პრობლემას“ - მოაზროვნე ადამიანის მდგომარეობას დღევანდელ მსოფლიოში, რომლისთვისაც ისევე რთულია ადათ-წესებზე დაფუძნებული, კარგად მოფიქრებული და გააზრებული გადაწყვეტილების განხორციელება, როგორც 1600 წელს შექსპირის პერსონაჟისათვის. სპექტაკლის ე.წ. „ხერხემალი“ გერმანელი დრამატურგის თანამედროვე პოსტმოდერნული ტექსტია, რომელიც თითქოს დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ამ ფონზე სასოწარკვეთილებამდე მისული მოაზროვნე ადამიანების მდგომარეობაზე და გამოსავლის ძიებაზეა დაწერილი. სპექტაკლი სავსეა სხვადასხვა სიმბოლოებითა და ალუზიებით და, შესაბამისად, იძლევა  მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას. ძირითადი თემები, რომლებიც მჲულერს აქვს წამოწეული, არის მსოფლიო სიგიჟე, ომი, ფემინიზმი, ტოტალიტარიზმი,  გლობალიზაცია და ა.შ.
პოსტმოდერნული დრამის ამ თვალსაჩინო მაგალითში, ჰამლეტის სახე არაერთაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე მსოფლიოს გიჟურ რეალობაში  ადამიანის პრობლემაზე.  ძნელი სათქმელია, ეს  წარმოსახვითი სიგიჟეა, თუ არა.
მჲულერის ჰამლეტის შინაგანი მონოლოგი, ისევე როგორც შექსპირთან,  არის ნიმუში ფილოსოფოსის  დაძაბული ფიქრისა და შრომისა ნააზრევის ფორმირებისთვის. სისხლის შერევის მოტივი აქაც არსებობს, თუმცა ის არ არის ცენტრალური. დრამატურგი  თავიდან იაზრებს ჰამლეტისეულ „ყოფნა-არყოფნას“, კითხვა კარგავს ყველანაირ მნიშვნელობას, რადგან კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენლებსაც კი არ აქვთ მცირედი შესაძლებლობა იმისა, რომ თავი აარიდონ მსოფლიოში მიმდინარე  „კოლექტიური დანაშაულებების ორომტრიალს“.

 

პრემიერის თარიღი:  03.04.2021
ხანგრძლივობა:  80 წუთი, შესვენების გარეშე

 

„ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში“
მიხეილ თუმანიშვილი  (1921-1996)

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე  1975 წელს შეიქმნა და 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა   თეატრალური სახელოსნო – კინომსახიობთა თეატრი, რომელსაც მიხეილ თუმანიშვილმა თავის სტუდენტებთან ერთად ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ თუმანიშვილი  გახლდათ XX საუკუნის ქართული თეატრის ერთ-ერთი რეფორმატორი, დრამისა და ოპერის რეჟისორი, ქართული სატელევიზიო თეატრის დამფუძნებელი, თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი, თეორეტიკოსი და პედაგოგი.

დაარსების დღიდან ექსპერიმენტულმა თეატრალურმა სახლოსნომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა  ქართულ და საერთაშორისო  სახელოვნებო სივრცეში. წლების განმავლობაში კინომსახიობთა თეატრი წარდგა ევროპის, აშშ-ის, ლათინური ამერიკისა და ავსტრალიის ფესტივალებზე, სადაც არაერთი ჯილდო მოიპოვა.

შემოქმედებითი ჯგუფი მიხეილ თუმანიშვილის მიერ ან მისი სასწავლო მეთოდით აღზრდილი რეჟისორებისა და მსახიობებისაგან შედგება, რომლებიც წარმატებით განაგრძობენ ახალი  ხერხებისა და ფორმების ძიებას თეატრალურ სფეროში და არაერთ საინტერესო სპექტაკლს სთავაზობენ მაყურებელს. ბოლო პერიოდში თეატრში დაიდგა რამდენიმე საერთაშორისო კო-პროდუქციით შექმნილი სპექტაკლი, რომელიც განსხვავებულია ესთეტიკითა და დადგმის მეთოდით.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი  სარეპერტუარო თეატრია და მას სახელმწიფო აფინანსებს. თეატრში ფუნქციონირებს ორი სცენა. მთავარი სცენა შექსპირის „გლობუსის“ სცენას წააგავს, მას არც კულისები გააჩნია და არც ფარდა. ის თუმანიშვილის სქემით აიგო და სამივე მხრიდან გახსნილია.მცირე სცენას 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ძირითადად გამიზნულია თეატრალური ძიებებისა და სტუდიური მუშაობისათვის.

თეატრის მაყურებელთა ფოიეში ფუნქციონირებს საგამოფენო დარბაზი და არტ-კაფე.

 

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: გიორგი სიხარულიძე
საკონტაქტო პირი: ბუკა კარტოზია
ტელ:+995 579 444 139
E-mail:jazz@bukajazz.com
www.tumanishvilitheatre.ge