საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 15:00 - სამშაბათი, 15 December
მდებარეობა: 
უილიამ შექსპირი

ოტელო

რეჟისორი - ეიმუნტას ნეკროშიუსი
დეკორაციები, სასცენო დიზაინი  -  ნადეჟდა გულტიაევა
კოსტიუმების დიზაინერი  - ნადეჟდა გულტიაევა
კომპოზიტორი  - ფაუსტას ლატენასი
განათების დიზაინერი  - აუდრიუს იანკაუსკასი
რეჟისორის თანაშემწეები: რომას ტრეინისი, ტაურას ჩიჟასი
ხმის რეჟისორი: რიმვიდას გაიგალასი, ვიქტორ არეფიევი, არვიდას დიუკშტა
რეკვიზიტი:  გენადი ვირკოვსკი
ტექნიკური კოორდინატორი: ჯიუგას ვაკრინასი


მონაწილეობენ: 

ოტელო  - ვლადას ბაგდონასი
დეზდემონა  - ეგლე შპოკაიტე
იაგო - როლანდას კაზლასი
ემილია  - მარგარიტა ჟიემეტიტე
კასიო  - კიასტუტის იაკშტასი
როდერიგო  - სალვიუს ტრეპულისი
ბრაბანციო - პოვილას ბუდრისი
ბიანკა - ედიტა ზიზაიტე
მუსიკოსი  - ტომას კიზელისი
ძმები  - იონას ბაუბლისი, ვიკტორას ბაუბლისი

პრესა:       
ორი უკან-უკან მავალი ფიგურა
 ნეკროშიუსის წარმოდგენებში ჯერ არასდროს ყოფილა ამდენი და ასეთი გახსნილი სივრცე პერსონაჟებისა და მსახიობების წარმოსაჩენად. ამ სივრცეს ბუნების ელემენტები, მისი სტიქია მართავს, რასაც ადამიანის ბუნების ძალაც მოჰყავს მოძრაობაში. მშვიდი თუ მღელვარე ზღვა, წყლის მიმოქცევა, შუადღის ხვატი თუ გვიანი ღამის სუსხი; ზღვა, მზე, ქარი - ეს ყველაფერი ხან აჩქარებს, ხანაც ანელებს ფიქრების მსვლელობას, პერსონაჟების მოქმედებას, მთელი წარმოდგენის ტემპს. ამ პროდუქციაში, რომელიც დაუოკებელი ბუნების სიმფონიასავით ჟღერს, სწორედ ხმის პარტიტურიდან იბადება მოქმედება, საკუთარი რიტმით სუნთქვის თავისუფლებასაც იგი ანიჭებს - ეს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ხან მშვიდია და მთვლემარე, ხან - ავისმომასწავებელი და შიშისმომგვრელად წყდება. რიტმს თან ერთვის ფერი: ცივი, დამაბრავებელი თეთრისა და ხავერდოვანი, ღრმა ყვითლის მკვეთრი მონასმები, რომლებიც ხანდახან ოდნავ ბრჭყვიალა, კამკამა ცისფრითაა შეზავებული. შთაბეჭდილება: თითქოს მშვიდად მოთამთამე წყლის აუმღვრეველი ზედაპირი მოულოდნელად შეეცვალოს სიბნელის პირდაღებულ უფსკრულს.

 “ოტელო“  კონტრასტების წარმოდგენაა. თეთრი და შავი, სტატიკური და მოძრავი, ჰორიზონტალური და ვერტიკალური. ესეც ვთქვათ: შავ-თეთრის კონტრასტს განსაკუთრებულად არც ესმევა ხაზი, ეს კონტურირება უფროა, რადგან რეჟისორის მიზანი იმდენად შავკანიანი ოტელოსა და თეთრი დეზდემონას შეპირისპირება არ არის, რამდენადაც ოტელოს ბუნებისა - დანარჩენი პერსონაჟების ბუნებასთან, იმ ხერხებთან, როგორებითაც ისინი ქმედებენ...  

და, ალბათ, მხოლოდ ვლადას ბაგდონასს შეუძლია სუნთქვის ასე შეკავება, როდესაც ყველაზე მწარე სიტყვებს წარმოთქვამს და მოქმედებისთვის ისე იწყებს მზადებას, რომ ძაღვებში სისხლი გვეყინება. მხოლოდ ამ მსახიობს შეუძლია დეზდემონას მხარს ასე დააყდნოს თავი, ისე მოფეროს, ისე დაარტყას ხელისგულზე, როგორც ბაგდონასი აკეთებს. თავდაჭერილი და მკაცრი, მაგრამ, ამასთან, უნაზესიც, ისე, რომ ერთი ხელოვნური ბგერა არ დასცდება - სწორედ ასეთია ოტელო, რომელიც თავის ტანჯვას მხოლოდ საკუთარ თავს უზიარებს, სანამ ეს თავშეკავება უფრო და უფრო აუტანელი და შეუძლებელი არ გახდება, სარდალს წელში არ გასწყვეტს და ქედს არ მოახრევინებს, რის მერეც იმ ერთადერთ რამეს ეყრდნობა მხოლოდ, რასაც მისთვის ჯერ არ  უმტყუვნებია - ერთგულ ხმალს, ქანცაგწყვეტილი, საზარელი ფიქრებისგან განაწამები, ხმალს თავზე იდებს;  უკანასკნელად ასწორებს მისი და დეზდემონას საწოლს; ბასრი ხმლით ემუქრება დეზდემონას, თითქოს ცდილობს,  მისგან თავი დაიცვას და უსასრულო მოგზაურობაში თან მხოლოდ ხმალი მიაქვს.

ეგლე შპოკაიტეს დეზდემონა სხვა სამყაროების არსებობას წარმოგვადგენინებს. იგი იმ თეთრ კარს ჰგავს, რომლის გამღებს გამძვინვარებული ტალღები ასკდება - დეზდემონა, როგორც ბედისწერის მსხვერპლი, ბედნისწერის, რომლის სახელიც ოტელოა. მსახიობის მეტყველების სრულიად განსხვავებული მანერა, სიტყვების სულ სხვა შეფერილობის მიცემა, განსსხვავებულად მოძრაობა, რეაგირება, მას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მარტოობაში გვიჩვენებს, სცენაზე გამოსული კოლეგების ფონზე იგი თითქოს უსუსური ჩანს, მაგრამ მათზე სუსტი - არანაირად. დეზდემონას -სინათლეს, მიუღწეველს, მოულაგმავს, მოუთვინიერებელს  - მოგვიანებით - სრულიად უცხოს, ძნელად საცნობსა და არაპროგნოზირებადს, წარმოდგენის ესთეტიკაში უცნაური და დამატყველებელი სისტემური ,,შეცდომის“ ეფექტი შემოაქვს.

შპოკაიტე მოქმედებაში სხვების თანაბრად მონაწილეობს, მაგრამ დრამატული სცენისათვის არადამახასიათებელი მისი მანერა ესთეტიკის პირობითობის გარკვეულ შესაძლებლობას ხსნის. ოტელოსთან ერთად ნათამაშევი მისი სცენები ერთიანი ეპიკური თხრობის დამამშვენებელი, მოულოდნელი პოეტური ჩანართებია. მის წყენასა და შიშს ცეკვაში ვკითხილობთ, სიკვდილზეც მისი ცეკვა გველაპარაკება. და ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ფიბიჩის იგივე ვალსი ხდება წარმოდგენის გამორჩეული და მთავარი მუსიკალური თემა. ეს ვალსი სდევს თან ოტელოს მრისხანებას, დეზდემონაც მისი თანხლებით გადის ამ სამყაროდან.  
რასა ვასინაუსკაიტე/ Rasa Vasinauskaitė, “Two Reclining Figures”, ჟურნალი 7 meno dienos No. 44 (453), 2000

მოტირალ კარებს შორის
რა არის მნიშვნლოვანი ეიმუნტას ნეკროშიუსის "ოტელოს" - ამ ცოცხალ თეატრალურ წარმოდგენაში? წარმოდგენა იკავებს სცენის მთელ სივრცეს, რომელიც ატარებს და წარმოშობს ყველა ილუზიას, აქ იქმნება პერსონაჟები, აქ იღვრება პირობითად ნამდვილი წყალი და ორგანულად რეალური ოფლი, სცენა იატაკზე მოკლე თუ გრძელ, მსუბუქ თუ მძიმე ნაბიჯებქვეშ ცახცახებს, ხოლო ჰაერი  - ვოკალურ აკორდებთან ერთად - პოეტურ, პროზაულ და მუსიკალურ ტექსტს ქმნის და ვიბრირებს.
ვნება, ეჭვიანობა, სინათლე, სიბნელე, სიყვარული და სიძულვილი, ახალგაზრდობა და სიბერე - აქ არის ყველაფერი, დეზდემონას სისხლივით წითელ ყაყაჩოებიან ცხვირსახოცთან ერთად თვალნათვლივ ვხედავთ მათ გამოვლინებებს დაუნდობლად ნაზი ვალსის თითოეულ ნოტში, იაგოს ციებცხელებიან შფოთვაში, სიტყვებში, მოძრაობებში, საგნებში.. მაგრამ წარმოდგენის ზოგადი სურათი მხოლოდ იმ მომენტებში ხდება ხილული ( ეს მართლაც დაუვიწყარია), როდესაც მზერა, თავშეკავებული მოძრაობა, სულების სწრაფვა იქით იხრება, იმ რაღაცისკენ, რაც მუდამ ა რ ი ს, იკითხება ჰორიზნოტს მიღმა.
ოტელო მხოლოდ აშკარად ხნოვანი კი არ არის, იგი უხსოვარი დროის ადამიანია, უძველესი ხანიდან , ძველი ფოტოსურათებიდან, იმ დროებიდან მოსული კაცი, როდესაც ადამიანები სიტყვებს ისე წარმოთქვამდნენ, როგორც წიგნის თავების პირველ, კაზმულ ასოებს და სიყვარულითაც ასე უყვარდათ, როდესაც ცოცხალი იყო ცნებები ,, გმირობა“, ,,მოვალეობა“ და კიდევ ბევრი სხვა, როცა ყველაფერი იმდენად სერიოზული და მტკივნეული იყო, რომ დაკნინებული სიმართლის სახელით ომები იწყებოდა, რომლებშიც ნამდვილ იარაღით იბრძოდნენ და ნამდვილ ხელ-ფეხს და თავს ჰკარგავდნენ.. . 
მან სულში სულ სხვაგვარი ბუნების ქმნილების სიყვარული ( ან სიყვარულის იდეა თუ ხსოვნა) შეუშვა და უკვე ამის გამოც არის დასანგრევად განწირული, ხოლო ის, რაც მისი არსებიდან დარჩება, ბალახმა უნდა დაფაროს. 
კვიპროსის მმართველი იაგოს ,,სამსალით“ იწამლება და ეჭვიანობის გამოგონილი სამყაროს სიმძიმის ქვეშ ჰყვება, არა იმიტომ, რომ მიმნდობია მისი კეთილშობილი ბუნება ან მავრული გზნება აკარგინებს გონებას - ოტელო აღმოაჩებს, რა ძნელია უხილავი და მოუხელთებელი სულის გარჩევა, ხშირად მხოლოდ კონკრეტულ ფორმას ხედავს, სურს შეაჩეროს სხეულთა დრო ( ხომ ამბობენ, რომ ეჭვიანობა  მხოლოდ სხეულზეა შესაძლებელი, ადამიანის მკვლელობა მისი სხეულის მოკვლას ნიშნავს), ამიტომაა, რომ ოტელო თავიდავე ცდილობს, დეზდემონა რომელიმე მყარ უსულო სხეულს მიუახლოვოს - მართხკუთხა კარს, ვერტიკალურ ბოძს, რომლზეც შკალაა გამოსახული ( ამ შკალით თითქოს მოსალოდნელი მოქცევა, დაუკოებელი სტიქიის მოახლოება უნდა გაიზომოს). ისინი ყოველთვის მყარი ზედაპირების მეშვეობით ახერხებენ ურთიერთობას, მხოლოდ მათი სიყვარულის ვალსი და სიკვდილია თავისთავად მყარი.  . 
ოტელო მარცხდება, მაგრამ არა გოლიათებთან ბრძოლაში, არა თანაბარ, მასავით მძლავრ მოწინააღმდეგესთან - მან მხოლოდ ის იცის, როგორც მიჰყვეს თამაშს და არ სცნობს სამყაროს, რომელშიც ყველაფერი ზედაპირზე დევს, სადაც კასიოს წვერი არ აქვს, ცხვირსახოცით რომ შეიმშრალოს. ოტელოს ტრაგედია ალბათ იმ ფაქტში ძევს, რომ დიადი, მაგრამ გარდასული და არარსებული ღირებულებებისა სწამს, მაგრამ სიმარტივის და ნაივური უმანკოებისა არ სჯერა. კომანდორის ქვის ქანდაკების მსგავსად, იმას სჯის, ვინც უყვარდა, ვისი სიმართლეც მისივე შექმნილი აბსტრაქციების მიღმა ვერ დაინახა.
ვალდა კალპოკაიტე /Vlada Kalpokaitė, “მოტირალ კარებს შორის”, Literatūra ir menas No. 49 (2825), 2000

             

თანაპროდიუსირება:
ვენეციის ბიენალე
ალდო მიგელ გრომპონე
ლიტვის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით

პირველად სპექტაკლის ჩვენება მოხდა ვილნიუსში, ლიტვის აკადემიური დრამის თეატრში, 2000 წლის 25 ნოემბერს.

 ხანგრძლივობა: 4 საათი, 10 წთ.

დაარსდა 1998 წელს რეჟისორ ეიმუნტას ნეკროშუსის მიერ. ,, მენო ფორტასი“ ვილნიუსის კამერული თეატრია. წარმოდგენები და ნებისმიერი სხვა პროდუქციის ავტორები ეიმუნტას ნეკორშიუსი და მისი მოსწავლეები არიან.