სოფო კილასონია
24 საათი 14.09.11
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მესამე ვერსია იწყება
დღევანდელი საღამო ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც შეთანხმებულია იმაზე, რომ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში ამ ფესტივალზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. თუმცა მისი მნიშვნელობა იგივე საზოგადოებისთვის დედაქალაქის მცირე მასშტაბს სცილდება. დიახ, ასეა. დაე, გაბრაზდნენ ისინი, ვინც ამ ბოლო დროს ხმამაღლა აცხადებს, რომ თეატრი არ უყვართ და ამის შემდეგ თეატრალურ სივრცეში მომხდარსა და მომხდენს იოლად და ცალსახად აფასებენ.
თეატრი არც გარდაცვლილა და არც აქტუალობა დაუკარგავს. უბრალოდ, ჩვენ გვაკლია კარგი თეატრი, რომელიც სტერეოტიპებით კი არ იჟონგლიორებს, არამედ პროცესებს განიცდის - იცვლება და ამორფულია. თბილისის თეატრალური ფესტივალის ორწლიანმა გამოცდილებამ მეტ-ნაკლებად მაინც დაგვანახა ამ სიცოცხლის სხვადასხვა ასპექტები და თუკი ქვეყანაში, სადაც ბევრზე ბევრი ფესტივალი იმართება, მაგრამ ხარისხზე საუბარი გვიჭირს, ამ შემთხვევაში მისი ეს თვისება მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.
ვიზიარებ მათ მწუხარებას, ვინც ვერც ბილეთი შეიძინა და ვერც აბონემენტი. იმის მიუხედავად, რომ სასურველ წარმოდგენაზე ბილეთის შეძენა სხვადასხვა ბიუჯეტის მქონე მაყურებელს შეეძლო და, თანაც, თადარიგისთვის ფესტივალის ორგანიზატორებმა დიდი დროც მოგვცეს. მათ კი, ვინც იმ თეატრალების გუნდშია, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ერთგული მაყურებელი რომ ჰქვია, უბრალოდ მივულოცავ და ყოველი საღამოსთვის პაემანს დავუნიშნავ იქ, სადაც შეუძლებელია არ მოვიდეს ადამიანი, რომელსაც თეატრი უყვარს.
დღეს საღამომდე მოლოდინსა და ვარაუდებს მაყურებელი სულ სხვაგან გაუზიარებს ერთმანეთს. 15 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდ ფოიეში გაიხსნება გიორგი ალექსი-მესხიშვილის პერსონალური გამოფენა. ექსპოზიცია გვთავაზობს მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ ესკიზებს, კოსტიუმებს და იმ ნამუშევრების ფოტომასალას, რომლებიც საზღვარგარეთ შეიქმნა და საქართველოში ნაკლებად გვქონდა მათი გაცნობის საშუალება.
რუსთაველის თეატრის სივრცეში კიდევ ერთი ექსპოზიცია დაგხვდებათ. მცირე დარბაზის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილის ინსტალაცია - "ვაჟა-ფშაველა" და "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი". ორივე ნამუშევარი მხატვარმა 2011 წელს პრაღის კვადრინალეზე წარადგინა. გამოფენა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში შედის და ამიტომაც 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გოგი ალექსი-მესხიშვილის გამოფენის გახსნიდან რამდენიმე საათში რუსთაველის თეატრი ისევ მიიღებს პუბლიკას. წარმოდგენა, რომელსაც "ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღსარება" ჰქვია და რომლითაც საფესტივალო საღამოების სერია იწყება, სწორედ ამ თეატრში გაიმართება. ნუ დაიბნევით, საქმე ეხება ჯონ მალკოვიჩს, იმ ერთადერთ მსახიობს, რომელიც თეატრალურ ექსპერიმენტში მონაწილეობს. ეს ის ექსპერიმენტია, რომელიც სპეციალურად მისთვის დაიდგა და რომლითაც დადის თეატრალურ ფესტივალებზე საგასტროლოდ.
ის ბაროკალური მუსიკის თანხლებით გამოვა სცენაზე. ტრადიციულად, ბაროკალური ხასიათისა იქნება მისი ხელოვნებაც - მოულოდნელი გარდასახვით, იმპულსურობით და განუზომელი ვნებით, რომლითაც ღიმილით დადის ნორმასა და ფსიქოზურ გადახრებს შორის არსებულ ზღვარზე. ამ დადგმასაც და იმ პერსონაჟსაც, რომელსაც ანსახიერებს, სწორედ ეს ხიფათიანი სვლა სჭირდება. "ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღიარება" არც რომელიმე ევროპული ტრადიციული თეატრის წარმოდგენაა და არც რომელიმე ცნობილი დრამატურგის ნაწარმოები, რომელიც წინასწარ უნდა გადაიკითხოთ. ტექსტი მკვლელს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც რამდენიმე მიცვალებულია, რამდენიმე ქალის შეწყვეტილი სიმღერა. მალკოვიჩი ავსტრიელი სერიული მკვლელის დღიურებს გაათამაშებს, ცოტას წაიკითხავს, ცოტას მიგვახვედრებს და ბევრს გაითამაშებს იქიდან, რაც ჯეკ უნტერვეგერმა ციხეში დაწერა.
ვიცი, რომ მხოლოდ ჯონ მალკოვიჩის სანახავად მიდიხართ, მაგრამ მე მაინც გაგაფრთხილებთ, რომ დღეს რუსთაველის თეატრის სცენაზე დაგხვდებათ ექსპერიმენტი, რომელიც ავსტრიელმა რეჟისორმა მიხეილ შტურმინგერმა ჯონ მალკოვიჩთან ერთად განახორციელა. სანახევროდ - ოპერა, რომლის წარმოდგენისთვის ერთადერთ მსახიობ მამაკაცს პარტნიორობას ორი სოპრანო და ვენიდან ჩამოსული ორკესტრი გაუწევს.
მალკოვიჩი დღეს საღამოს საკუთარი ოსტატობის დიდ ნაწილს გაგვიზიარებს, რათა ვივალდის, გლუკის, ჰაიდნის, მოცარტის და ვებერის მუსიკის თანხლებით ავსტრიელი სერიული მკვლელის, ჯეკ უნტერვეგერის ამბავი მოგვიყვეს, უფრო სწორად, თავად განასახიეროს. რომელი სახე და თვისება უნდა გეუცნაუროთ მალკოვიჩისგან? ორსახოვნება, ფარისევლობა, მომხიბვლელობა, კეთილშობილება, სიძულვილი თუ სისასტიკე? არც ერთი. იქნებ ზღვარგადასული ნერვული აშლილობა? არა. მისი მოყვარულები ამ ყველაფერს ვიცნობთ, მაგრამ ევროპული კრიტიკა გვატყობინებს, რომ ამ დადგმაში მალკოვიჩი ამ ყველაფერს და ბევრ სხვა რამესაც ერთბაშად გვიჩვენებს და თან ეს იქნება არა მონტაჟით მოწოდებული, არამედ, თეატრალებს რომ უყვართ ხოლმე თქმა - "ცოცხლად". მხოლოდ აქ, დღეს, მხოლოდ ჩვენთვის.
"ჯეკ უნტერვეგერის გმირი დადგმაში ხშირად ადამიანურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მომწონს. უბრალოდ, ცხოვრებაში არაფერია ცალსახა, მით უფრო, ადამიანები. შეიძლება, ადამიანმა თავისი ემოციურობით, მგრძნობიარობით მოგხიბლოს, მერე კი აუღელვებლად გაგგუდოს. მეორეს მხრივ, ის, რომ მე და თქვენ არ ვართ მკვლელები და მის მსგავსად არ ვხოცავთ ქალებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კარგები ვართ და რომ ამას ვერ შევძლებთ ან პოტენციური მკვლელები არ ვართ. ადამიანი არაპროგნოზირებადი არსებაა... არსებობს ძალიან დიდი პროცენტი "წესიერი" ადამიანებისა, რომლებმაც იციან, რომ რაიმე მსგავსს თავადაც სიამოვნებით ჩაიდენდნენ, მაგრამ შედეგების გაძლების უნარი არ აქვთ. ამიტომაც დადიან ტრილერების სანახავად კინოში და თუნდაც ასეთი წარმოდგენის საყურებლად თეატრში. ამ ფორმით საკუთარი ნეგატიური ენერგიისგან იცლებიან," - ამბობს ჯონ მალკოვიჩი იმას, რაც გულის სიღრმეში ალბათ თითოეულმა ჩვენგანმა მშვენივრად...
ექსპერიმენტული დადგმის რეჟისორი მაიკლ შტურმინგერი ვენის მუსიკის და სამსახიობო ხელოვნების უნივერსიტეტში ეუფლებოდა რეჟისურასა და დრამატურგიის ხელოვნებას. 1990 წლიდან იღებს ფილმებს, დგამს თეატრალურ წარმოდგენებსა და ოპერებს. იგი მოღვაწეობდა ციურიხის ოპერის თეატრში, ვენის სახელმწიფო ოპერაში, ვენის სახალხო ოპერაში, კლაგენფურტის სტადთეატრში, ასევე გრაცის, კიოლნის, ვისბადენის, ვუპერტალის, გელზენკირხენის და ინსბრუკის ოპერის თეატრებში. მიწვეული იყო ვენის თანამედროვე, ტორონტოს, თეთრი ღამეების, სიდნეის, ბრეგენცის, ზალცბურგისა და სხვა ფესტივალებზე.
მოცარტის შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია მის კარიერაზე. "მოტაცება სერალიდან" და "ასე იქცევა ყველა ქალის" შემდეგ, მაიკლ შტურმინგერმა 2006 წელს, კომპოზიტორის დაბადებიდან 250 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ზალცბურგის ფესტივალზე დადგა "სციპიონის სიზმარი". 2007 წელს გრაცის ოპერის თეატრში გახლდათ "ტიტოს გულკეთილობის (გულმოწყალება)" დამდგმელი რეჟისორი. 2009 წელს, მაესტრო ვალერი გერგიევთან ერთად, სანქტ-პეტერბურგის სახელგანთქმულ მარინის თეატრში დადგა "იდომენეოსი", ამას მოჰყვა "არიადნა ნაქსოსზე" ისევ ვალერი გერგიევის მუსიკალური ხელმძღვანელობით.
2006 წელს, მოცარტის შემოქმედებასთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად, ვენის თეატრში დაიდგა ორიგინალური ოპერა "მე მძულს მოცარტი". ლიბრეტო ეკუთვნოდა თავად მაიკლს, მუსიკის ავტორი კი იყო ბერნარდ ლანგი, რომელიც თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კომპოზიტორია.
საოპერო წარმოდგენებთან ერთად, შტურმინგერი რეგულარულად დგამს დრამატულ ნაწარმოებებს ვენის სახალხო ოპერაში ("პერ გინტი", "სამსახური", "დარჩები ჩემ გვერდით"). ასევე დადგა რამდენიმე ოპერეტა, მათ შორის "ღამურა"(2008), ფრანც ველზერ მოსტთან ერთად, ციურიხის ოპერის თეატრში და "სცარდას პრინცესები", დირიჟორ შტეფან სოლტეზცთან ერთად, ესენის აალტოს თეატრში (2010).
ასეთი გამოცდილებით შეიძლება საფუძვლიანი იმედი გვქონდეს, რომ თბილისის თეატრალური ფესტივალის პირველი საღამო საინტერესო დისკუსიის საშუალებას მისცემს მაყურებელსა და კრიტიკას.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფესტივალის განრიგსა და მცირე რეპორტაჟებს პერმანენტულად წაიკითხავთ "24 საათში". ფესტივალის მიმოხილვას კი გაეცნობით ყოველ WEEKEND-ში, რომელიც ყოველ პარასკევს გამოდის.
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2011-09-14/19839.html