დიდი ინტერესით ველოდით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში გამოცხადებულ, სილვიუ პურკარეტეს „ქარიშხალს“. ჩვენი მოლოდინი გასაგებია, ვინაიდან, ორი წლის წინ, რეჟისორის დადგმამ - „გულივერის მოგზაურობა“ (ჯონატან სვიფტის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით), წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა პროფესიონალ თუ თეატრის მოყვარულ მაყურებელზე. სილვიუ პურკარეტე მსოფლიო თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. იგი დგამს სპექტაკლებს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც დრამატული, ასევე საოპერო თეატრებისთვის. მისი სათეატრო ენა გამოირჩევა სანახაობრივი, ვიზუალური ფორმებით და დრამატურგიული ტექსტის თავისუფალი მონტაჟით.
2013 წ. ფესტივალმა შემოგვთავაზა პურკარეტეს - ორ განსხვავებულ სტილისტიკაში შექმნილი წარმოდგენა, ერთი, როგორც აღვნიშნე, მასშტაბური ხასიათის დიდი ტილო - „გულივერის მოგზაურობა“ და მეორე, სამუელ ბეკეტის - „გოდოს მოლოდინი“, რომელიც ყოველგვარ ვიზუალურ, გამომსახველობით ეფექტებს მოკლებული, აბსურდის თეატრის ჟანრში გადაწყვეტილი სპექტაკლი იყო.
შექსპირის „ქარიშხლის“ მიხედვით, რუმინეთის კრაიოვას მარინ სორესკუს ეროვნულ თეატრში, დადგმული სპექტაკლი, უდავოდ საინტერესო ნამუშევარია. რეჟისორი პროსპეროს, ჯადოსნური კუნძულის და მისი ბინადრების, პროსპეროს ქალიშვილის მირანდას, ნეაპოლის დიდგვაროვანთა ამბავს ეპიზოდებად გადმოსცემს. თითოეული ეპიზოდი კი ფერწერული ნახატის კომპოზიციას მოგვაგონებს. პურკარეტეს ინტერპრეტაციით მთელი სპექტაკლი პროსპეროს სიზმარია. ამ სიზმარში რეჟისორი, პერსონაჟების სახეების შექმნისას, სხვადასხვა გამომსახველობითი ხელოვნების: ოპერის, ფილმის ციტირებებს აკეთებს. მაგალითად, უფლისწული ფერდინანდი - ჯონი დეპის ჯეკი ბეღურას ჩამოგავს, ფილმიდან „კარიბის ზღვის მეკობრეები“, მირანდა-კანიბალი კი ექიმი ფრანკენშტეინის მიერ შექმნილ ადამიან-ურჩხულს. აქვე აღვნიშნავ, რომ რეჟისორმა შექსპირის პიესის ეს ორი მოქმედი პერსონაჟი: პროსპეროს ქალიშვილი მირანდა და კუნძულის ბოროტი ჯადოქრის შვილი კალიბანი ერთ სახეში გააერთიანა. ხოლო, უფლისწული ფერდინანდის როლი ქალ მსახიობს განასახიერებინა. რატომ? - მართალი გითხრათ ვერ მივხვდი. მილანის დიდგვაროვანები მილოშ ფორმანის ფილმის „მოცარტი და სალიერის“ პერსონაჟებს მოგაგონებენ, არიელი და სულები კი წითელცხვრიანი ჯამბაზებად გამოსახა. ძალიან კარგი, საინტერესო სცენოგრაფია და კოსტიუმები შექმნა დრაგოშ ბუჰაგირაიმ. სათამაშო მოედანი, ჩამქრალი ტონებით შექმნილ საოპერო სპექტაკლის დეკორაციას მოგაგონებთ. ეფექტურად არის დაყენებული განათებაც, რომელიც ჩრდილების თეატრის ეფექტს ქმნის, რომლის მეშვეობითაც სცენაზე მოქმედი პერსონაჟები სიზმრისეულ აჩრდილებს დაემსგავსნენ.
უკვე აღვნიშნე და გასაგებია, რომ რეჟისორის ინტერპრეტაციით (შექსპირის ცნობილ სენტენციაზე - ცხოვრება სიზმარია - დაყრდნობით), წარმოდგენაში გადმოცემული ამბავი, პროსპეროს ზმანებებია, მაგრამ ამ ზმანებებით რისი თქმა სურდა რეჟისორს, უფრო სწორად, რა იყო მისი მთავარი სათქმელი, ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) ბუნდოვანი დარჩა.
მაკა ვასაძე