თეატრმა ისრაელიდან „ინკუბატორი“, რომელიც 2005 წელს გაიხსნა, თბილისის საერთაშორისო ფესტივალიც გახსნა წარმოდგენით „ქალაქი“და ორი დღის განმავლობაში მაყურებელიც ასიამოვნა.
„ქალაქი“ პირველი ებრაული მიუზიკლია ებრაული რეპ მუსიკით, მაგრამ მთელი წარმოდგენა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ამიტომაც მაყურებელს თითქმის არ დაჭირვებია ტტრებზე თვალის მიდევნება და რეჩიტატივების უმრავლესობა მაყურებლის სიცილ-ხარხარის თანხლებით მიმდინარეობდა. სიცილს მაყურებელში მხოლოდ ტექსტი როდი იწვევდა. ამაში დამსახურება მუსიკოს-მსახიობებს: ამიტ ულმანს, ომერ ჰავრონს, ომერ მორს, დორით ლილიენსა და რონი როკეტს მიუძღოდა. განსაკუთრებით არტისტულები იყვნენ ამიტ ულმანი და ომერ ჰავრონი. ისინი არა მხოლოდ ოსტატურად ახერხებდნენ გარეპვას, არამედ უხვი გამომსახველობითი საშუალებების გამოყენების გარეშე ასრულებდნენ როლებს, რომლებმაც განაპირობეს კიდეც მაყურებლის ჩართულობის ხარიხი სცენაზე მოტხრობილ ამბავში, რადგან თავად მიუზიკლი მეორე ნაწილში მონოტონურ რეჩიტატივად იქცა (კომპოზიტორი ომერ მორი).
წარმოდგენა თავად კომპოზიტორმა და მთავარი როლის შემსრულებელმა ომერ მორმა დადგა. წარმოდგენას ცალ-ცალკე დადგმული სიტუაციები და დიალოგები სურათებად ერთიანობაში კრავს, მიზანსცენები ძირითადად ესკიზების ხასიათს ატარებს, ამიტომაც დაუსრულებელის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს არტისტები, რომლებიც პარალელურად მუსიკოსებად იქცევიან, მხოლოდ შინაგანად გადაიქცევიან იმ გმირებად, რომლებსაც განასახიერებენ, ისე რომ არ ცვლიან გარემოს, ინტერიერს, დროს... ყველაფერი ერთ კამერულ სივრცეში ხდება, რომელიც პირობითია. სცენაზე ბენდის გარდა, მხოლოდ ერთი მაგიდა და სკამი დგას, თუმცა ეს ხელს არ უშლის მაყურებელს გარემოს აღქმაში. ამ ყველაფერს არტისტები თავიანთი ნიჭიერებითა და ოსტატობით ავსებენ.
არტისტები მოგვითხრობდნენ დეტექტივ ჯოს ორიგინალურ და მოულოდნელობებით სავსე ამბავს, რომელსაც სარა ბენეტი დაიქირავებს თავისი დაკარგული დის მოსაძებნად. ეს რთული გზა ბევრ წინააღმდეგობას და თავგადასავალს მოიცავს, ასე ვეცნობით წარმოდგენის სხვა პერსონაჟებს, რომელსაც ერთი და იგივე მსახიობები ასრულებენ, მაგრამ მათ შორის ზრვარის გავლება მსახიობთა გარდასახვის ხარჯზე იოლად ხდება.
ჯერ არ ვიცი რამდენად მოახერხა თეატრმა „ინკუბატორი“მისი მიზნების თანახმად, გამხდარიყო მნიშვნელოანი მოთამაშე იერუსალიმში აქტიური მამოძრავებელი ძალა ურბანული კლიმატის გამრავალფეროვნებისა და გახსნილობისაკენ, მაგრამ მათ ნამდვილად გაამრავალფეროვნეს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა ორიგინალური, განსხვავებული და თითქმის უპრეცედნტო წარმოდგენით.
„ქალაქმა“ ქართველ მაყურებელს ორი სასიამოვნო საღამო აჩუქა, რომელთაც მხიარულად გაატარეს დრო თეატრში. გაღიმებულმა და წარმოდგენით ნასიამოვნებმა მაყურებელმა ამაღლებული განწყობა ფესტივალის კლუბში სასტუმრო „რედისონის“ კაფე „ივერიაში“ გაიხანგრძლივა.
ლაშა ჩხარტიშვილი