თბილისის საერთაშორისო ფესტივალი მეშვიდედ და მოკრძალებულად, მაგრამ ერთდროულად ორი წარმოდგენით გაიხსნა. საერთაშორისო პროგრამიდან ფესტივალი გახსნა თეატრმა „ინკუბატორი“ სპექტაკლით „ქალაქი“ (ისრაელი), ხოლო პროგრამიდან "NEW" თეატრმა „ქორეა“ წარმოდგენით „გილგამეში“ (პოლონეთი). პოლონურ თეატრს კარგად იცნობენ საქართველოში და უყვართ კიდეც, განსაკუთრებით დიდი ინტერესით ველოდით წელსაც სპექტაკლს პოლონეთიდან გასულ წელს წარმოდგენილი „ლირის სიმღერების“ (თეატრი „თხის სიმღერა“) ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ. შესაბამისად დიდი იყო მოლოდინი და ინტერესი ჩვენთვის უცნობი თეატრის „ქორეა“ მიმართ.
კონცერტის (გუნდის, ჯაზისა და სიმებიანი კვარტეტისათვის) „გილგამეში“ დასრულებისთანავე თეატრის ფოიეში პროფესიონალებში მინი დისკუსია გაიმართა კიდეც თემაზე: იყო თუ არა „გილგამეში“ თეატრალური წარმოდგენა? ტომას კრჟიჟანოვსკის „გილგამეში’’ წარმოადგენს უძველესი ეპოსის ორიგინალურ, მუსიკალურ ვარიანტს, რომელსაც ასრულებს გუნდი და კამერული ორკესტრი. ამ წარმოდგენაში ვერ შეხვდებით დიალოგს, საგანგებოდ დადგმულ მიზანსცენებს და დეკორაციას, მაგრამ სიმღერით მსახიობები და მუსიკოსები მოგვითხორბენ გილგამეშის ტრაგიკულ თავგადასავალს. შესაბამისად, ეს წარმოდგენაც სათეატრო ხელოვნებაში მოიაზრება, როგორც ოპერა, ცეკვა, ცირკი და საშემსრულებლო ხელოვნების სხვა მიმართულებები.
წარმოდგენა მუსიკალურად რეალობისა და მითოსური სამყაროს ზღვარზეა, ისე როგორც თავად ეპოსი. პოლიფონიურმა მაგიურმა სიმღერამ, რომელიც თავდაპირველად აკაპელაში შესრულდა მისტიკური ატმოსფერო და განწყობა შექმნა მაყურებელში, რომელიც ამბის თხრობასთან ერთად რეალობაში გადავიდა, მუსიკალურადაც მას ჯერ სიმებიანი საკრავების ჟღერადობა შეურთდა, ხოლო შემდეგ სიმღერა ჯაზის ელემენტებმა გაამრავალფეროვნა. მომღერალთა სინქრონული მოძრაობა, ჟესტიკულაცია შესრულების დროს, ფორმით ფიზიკურ თეატრთან აახლოვებდა წარმოდგენას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემსრულებელთა ჟესტიკულაცია და ამ მოძრაობით გამოწვეული ხმაურები მელოდიისა და ვოკალის მუსიკალური თანხლების შემადგენელი, ბუნებრივი ნაწილი გახდა.
თეატრს „ქორეას“ გუნდი საფუძვლიანად იკვლევს „გილგამეშს“ და ეძებს უძველეს შრეებში პირველყოფილ განცდებს, ემოციებს, შეხედულებებს, ვერსიებს, რომელიც გაცოცხლდება დღეს მრავალხმიან უნიკალურ მუსიკაში. ეს პროცესი კი წარმოდგენას პოსტ პოსტმოდერნიზმთან აახლოებს. „გილგამეშმა“ თავისი თხრობის ფორმით გააფართოვა სათეატრო ხელოვნების არეალი და დაგვარწმუნა იმაში, რომ თეატრალური ხელოვნება მხოლოდ ტექსტზე დაფუძნებული სანახაობა არ არის. აქ, ამ სივრცეში მუსიკის ენა იმდენად ძვირფასია, როგორც გამოხატვის საშუალება, როგორც თავად სიტყვა. მომღერლების ოსტატურად და მაღალპროფესიულად შესრულებულმა საკონცერტო ნომრებმა კი ეს იდეა კიდევ უფრო გაგვიმყარეს.
ლაშა ჩხარტიშვილი