პროგრამა ნიუში (NEW) ქალაქ ლაპეენრანტას თეატრმა ფინეთიდან წარმოადგინა კრისტიან სმედსის ცნობილი პიესა „სევდიანი სიმღერები ევროპის გულიდან“. დრამატურგმა გამოიყენა ფ. დოსტოევსკის რომანის „დანაშაული და სასჯელი“-ს მოტივები. 80 წუთიანი მონოსპექტაკლი რეჟისორმა ჟარი ჟუუტინენმა დადგა. მსახიობი ლიზა სოფია პონტინიენი განასახიერებს სონიას და მის ცხოვრებაში არსებულ მნიშვნელოვან ადამიანებს.
სცენაზე მსხდომ მაყურებელს სონია უყვება სევდიან ისტორიებს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისა. - მე მეძავი ვარ, ამ სიტყვებს სონიას პერსონაჟი სხვადასხვა ენაზე წარმოსთქვამს. - ჩემს ცხოვრებაში მოხდა სასწაული - შემიყვარდა. ასე იწყებს სონია თავისი ისტორიას. პიესა 11 სიმღერად, 11 ეპიზოდად არის დაყოფილი. მსახიობი სახეებში გვიყვება გალოთებული მამის, ბავშვების, დედინაცვლის, ახალი, ცხოვრების, მკვლელობის, მოხუცი მევახშე ქალის, დანაშაულის, უარყოფის, შერიგების ისტორიებს. სპექტაკლში ნაჩვენებია თუ რა მდგომარეობაში იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანი. ზოგი მეძავი ხდება, ზოგი ლოთდება, ზოგი მკვლელობას სჩადის... ყველაფრის მიუხედავად სონიას ცხოვრებაში არის ნათელი წერტილი - ეს სიყვარულის გრძნობაა.
სპექტაკლის მსვლელობიას მსახიობი ხან სონიად, ხან სონიას მამად, ხან დედინაცვლად, ხან შეყვარებულად და ხან კი, შეყვარებულის მიერ მოკლულ მევახშე ქალად გარდაისახება. თამაშის დროს იგი მაყურებელსაც რთავს ქმედებაში. სონიას ისტორიის ჭრილში სპექტაკლში ასახულია გაერთიანებული ევროპის ისტორია, სადაც გადანაწილებულია სიმდიდრე და ბედნიერება, სიღარიბე და უბედურება. მიუხედავად დრამატულობისა წარმოდგენაში, პიესის ტექტიდან გამომდინარე, იუმორიც არსებობს, რაც მაყურებელს უმსუბუქებს უმძიმესი, დრამატული ისტორიის აღქმას.
მაკა ვასაძე