წლევანდელი სპექტაკლები გამოირჩეოდა განსხვავებული სანახაობითი ფორმებით. პროგრამის უმეტესი ნაწილი არატრადიციული თეატრალური წარმოდგენები გახლდათ. მათ შორის ორიგინალობითა და მხატვრული ხარისხით გამოირჩეოდა - ტაივანის ცეკვის თეატრის „ღრუბლების კარიბჭე“ სპექტაკლი „მოხეტიალეთა სიმღერები“; ვროცლავის თეატრის „თხის რქა“ „ლირის სიმღერები“ და პოლუნინის „სლავას თოვლის შოუ“. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამსახიობო ოსტატობის მაღალი დონე, პროფესიონალიზმი მონოსპექტაკლებში: „კრეპის უკანასკნელი ფირი“ და „ამერიკა“. გთავაზობთ, ჩემი აზრით, უცხოურ პროგრამაში წარმოდგენილი სამი საუკეთესო სპექტაკლის მიმოხილვას.
 

დაუვიწყარი სანახაობა

სანახაობა, რომელიც არასდროს დამავიწყდება, ეს იყო პირველი, რაც ტაივანის ცეკვის თეატრის „ღრუბლების კარიბჭე“ სპექტაკლის „მოხეტიალეთა სიმღერები“ დასრულების შემდეგ გავიფიქრე. საათნახევრიანი წარმოდგენა ყოველგვარი დეკორაციის გარეშე, სცენაზე მხოლოდ განუსაზღვრელი რაოდენობის ყვითელი ბრინჯია. ზანზალაკებიანი გრძელი ჯოხები და რამდენიმე მწვანე რტო კი მოცეკვავეთა დამხმარე ატრიბუტიკას წარმოადგენს. ანსამბლ „რუსთავის“ მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები და დახვეწილი, გემოვნებით შექმნილი, მოყვითალო, მოვარდისფრო და თეთრ ტონებში გადაწყვეტილი განათება მაყურებელს ეხმარება, ქორეოგრაფ ლინ ჰვაი-მინის მიერ შემოთავაზებულ, მედიტაციაში ჩასართველად.სპექტაკლის დაწყებამდე დარბაზში შესულ მაყურებელს ჩაესმის ძალიან ჩუმი, დაბალ რეგისტრებში შესრულებული, მონოტონური ხმა. ფარდის გახსნის შემდეგ კი მის თვალწინ ულამაზესი სანახაობა იშლება. სცენის მარცხენა ნაწილში საათნახევრის განმავლობაში გაუნძრევლად დგას ბერი და თავზე ბრინჯის განუწყვეტელი ნაკადი ეყრება. განათების მეშვეობით ბრინჯის „წვიმის“ ასოციაცია იქმნება, ხმაც წყლის წვეთების ხმაურს მოგაგონებთ. სანახაობა, რომელიც მაყურებლის თვალწინ იშლება, შეიძლება, სწორედ ამ ბუდისტი ბერის ხილვებად იქნას მიჩნეული. მოცეკვავეთა პლასტიკა ნატიფი და დახვეწილია. ერთმანეთშია გადახლართული რბილი, ნაზი, ტეხილი, მკვეთრი მოძრაობები. რიტმი ნელი, მაგრამ საოცრად ექსპრესიულია. ადამიანის მიერ სამყაროს შეცნობა, ჭვრეტა და საკუთარი თავის, ადგილის ძიება ანსამბლ რუსთავის მიერ ცოცხლად შესრულებულ 12 ქართულ ხალხურ სიმღერაზეა აგებული. ქორეოგრაფიული ნახაზები, ცეკვები, პირობითად 12 ეპიზოდად არის დაყოფილი და ადამიანის ცხოვრების გზას მოგვაგონებს. არის საოცრად მომნუსხველი მომენტები, როდესაც ქმედება მუსიკალურითანხლების გარეშე მიმდინარეობს. დამდგმელისა და ქორეოგრაფის ჩანაფიქრით ოქროსფერი ბრინჯი ქმედითი სახეა ცხოვრების მდინარებისა. სხვადასხვა ეპიზოდში მას  სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვა ენიჭება. მაგალითად, ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელსაც შეიძლება „დაბადება“ ვუწოდოთ, სცენის მარჯვენა, უკანა ნაწილში უცბად ჩამოიყრება ბრინჯის გორა, რომლიდანაც ადამიანი „იბადება“. სპექტაკლის კულმინაციურ და ფინალურ ეპიზოდში კი ბრინჯის მეშვეობით ულამაზესი სანახაობა იქმნება. „ჩაკრულოს“ ფონზე „ჩამოვარდნილი“ ბრინჯის ფარდა სულისშემკვრელ სანახაობას ქმნის. ფინალშიკი ნელი, მონოტონური მოძრაობით სცენაზე მარტოდ დარჩენილი მოცეკვავე, ოქროსფერი ბრინჯისგან ხაზავს წრეებს. საბოლოოდ სცენაზე უამრავი წრე იქმნება. ადამიანის ცხოვრებაც ხომ წრებრუნვაა.


სიმღერებში ასახული მეფე ლირის ტრაგედია

თბილისელ მაყურებელს შექსპირის „მეფე ლირის“ მრავალი, სხვადასხვა ფორმით გადმოცემული ინტერპრეტაცია უნახავს, მაგრამ ვროცლავის თეატრ „თხის რქის“ მიერ მოწოდებული სულს აგიფორიაქებს, მწარედ აგატირებს, ემოციებისგან დაგცლის, ნამდვილ კათარსისს განგაცდევინებს. რეჟისორ გჟეგორ ბრალის „მეფე ლირის“ ამგვარად გადაწყვეტას, ლონდონში ნანახმა, კანდინსკის ნახატების გამოფენამ უბიძგა. კანდინსკის ერთი და იგივე პეიზაჟი სხვადასხვა სტილში ჰქონდა შესრულებეული: იმპრესიონიზმი, დადაიზმი, სიურრეალიზმი და ა.შ. მის სპექტაკლში „პეიზაჟის“ საფუძველი შექსპირის „მეფე ლირია“, დახატული მუსიკალური ბგერებითა და ადამიანის ხმებით, სიმღერებით. წარმოდგენის მსვლელობისას ხვდები, თუ რა საოცარი ძალა აქვს ადამიანის ხმას, რამდენი რამის გამოხატვა შეუძლია, რა ემოციურ გავლენას ახდენს შენზე. გაშიშვლებულ სცენაზე შავი, ე. წ. „ტონეტის“ სკამები ფორმით ნახევარწრეს ქმნიან. სცენის მარცხენა კუთხეში მუსიკალური ინსტრუმენტები აწყვია: ჰარმონიკა, ინდური ქორა და გუდასტვირი. სპექტაკლს რეჟისორი იწყებს, მაყურებელს უყვება მისი შექმნის ისტორიას. იგი ამ სპექტაკლის დირიჟორი, წამყვანი, თვალყურის მადავნებელია. სიმღერიდან სიმღერაზე, ეპიზოდიდან ეპიზოდზე გადასვლისას, სწორედ ის გვაუწყებს გათამაშებული, ადამიანის ხმებით შესრულებული მოვლენების სათაურებს, აკეთებს კომენტარებს. წარმოდგენა 14 სცენად, 13 სიმღერად არის დაყოფილი: „სანამ მსახიობები სცენაზე შემოვლენ“, მსახიობების შემოსვლა _ „ხმების შეწყობა“, პირველი სიმღერა _ „სამოთხეში“, „მითქმა-მოთქმა“ _ მეფე ქალიშვილებს უთმობს მმართველობას, „მასხარას სიმღერა“ _ ლირის ცნობილი შეკითხვა ქალიშვილებისადმი, კოპტური სიმღერა _ „კორდილიას გაფრთხილება მეფეს“, ლირი კორდილიას სამეფოდან გააძევებს „კორდილიას გოდება“, მეფე ლირის „მოსიყვარულე“ ქალიშვილები გამოაგდებენ _ „რაინდები მეფის გარეშე“, ყველა სამოთხეს აქვს დასასრული _ დანაწევრებული სიმღერა“, მეორე კოპტური სიმღერა _ „ომი“, მეფე უდაბურ ადგილებში იწყებს ხეტიალს _ „ანგელოზების მეხუთე ხმა“, ლირი მასხარასთან და გლოსტერთან ერთად _ „მასხარას მეორე სიმღერა“, კორდილიას დაბრუნება საფრანგეთიდან _ „დედოფლის დაბრუნება“, „ნუთუ ჩემი გული ასე ფართოა თქვენთვის“? _ გოდება მეფისა და სამეფოს გარდაცვალების გამო. რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა შექსპირის პოეტური, ფილოსოფიური სიტყვა მუსიკაში, რიტმში, ხმებში გამოძერწეს. ლირის ტრაგედიის სული ასე უშუალოდ, გულწრფელად, ემოციურად, ვგონებ, ჯერ არავის გამოუხატავს. სპექტაკლში, რომელიც ძირითადად მუსიკაზე, სიმღერებსა და მოძრაობაზეა აგებული, შიგადაშიგ ჩართულია ტექსტი - რეჩიტატივების მსგავსად. „თხის რქის“ თეატრალურ თხრობაში სრული სიცხადით არის გადმოცემული „მეფე ლირის“ ტრაგედიის ბუნება. რეჟისორის ნამუშევრის გარდა, გასაოცარია მსახიობების შესრულების ემოციურობა, მუხტი. ისინი მთლიანად გარდასახულნი არიან „მეფე ლირის“ პერსონაჟებად. მათ აბსოლუტურად გაცნობიერებული აქვთ, რას თამაშობენ და რისი მიტანა სურთ მაყურებლამდე. ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს კომპოზიტორების: ჟანკლოდ აკვავიას და ზბიგნევ ვორჟინსკის მიერ შექმნილი მუსიკა. ეს გახლავთ ჰარმონიულად შერწყმული სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური სტილები: კოპტური, კორსიკული, საეკლესიო ქორალები და სხვა. მუსიკა ქმნის სპექტაკლის განწყობასა და ფერებს. მსახიობთა პლასტიკა, მოძრაობა სწორედ მუსიკალური ბგერებიდან გამომდინარეობს, მათი სხეულები სიმღერებს პლასტიკაში გამოხატავენ. განსაკუთრებით შემძვრელი იყო „კორდელიას გოდება“, „ომი“ და ფინალური ეპიზოდი-სიმღერა „ნუთუ ჩემი გული ასე ფართოა თქვენთვის“. ამ დროს ჟრუანტელი გივლის მთელ სხეულში და ყელს მოწოლილი ცრემლები გახრჩობს. ერთსაათიანი წარმოდგენის დასრულების შემდეგ აღრფთოვანებული მაყურებელი სცენიდან არ უშვებდა მსახიობებსა და რეჟისორს, ფოიეში გამოსულები კი ფესტივალის დირექტორს და საორგანიზაციო ჯგუფს დიდ მადლობას უხდიდნენ, ასეთი საოცარი, ამაღელვებელი სპექტაკლის ჩამოტანის გამო.

 

სიყვარულისა და სიკეთის ძიებაში

ზღაპრული, უკეთილშობილესი, ულამაზესი, უთბილესი... პირველად სწორედ ეს ეპითეტები გახსენდება, როდესაც საუბრობ სლავა პოლუნინის „თოვლის შოუზე“. წარმოდგენის ზღაპრული სილამაზე, სიკეთე ყოვლისმომცველია და არ გინდა, რომ დასრულდეს. საოცარი სანახაობა საპნისა და გასაბერი ბუშტებით, განათებით მიღწეული თოვლის ეფექტი, ფაფუკ ლურჯ კედლებზე გამოხატული მთვარე და ვარსკვლავები, დარბაზსა და სცენაზე მოფარფატე თოვლის ფანტელები _ უკან, ბავშვობაში გაბრუნებს. ვის არ შეხვდებით ამ ზღაპრულ სამყაროში _ სევდიან-მხიარულ ჯამბაზებს, აბობოქრებულ ზღვაში მოცურავე გემს, „ეშმაკუნა“ ზვიგენებს, ცეტ პინგვინის მსგავს არსებებს. სევდითა და იუმორით არის აღსავსე ჯამბაზის დამშვიდობება საკიდზე დაკიდებულ „გაცოცხლებულ“ ლაბადასთან. კვლავ აღგაფრთოვანებს პოლუნინის ცნობილი მინიატიურა „ტელეფონები“ და დაუვიწყარი სიმღერა „ბლუ კანარი“. სცენაზე უზარმაზარი ბურთები გამოგორდება ხოლმე, უზარმაზარ გამჭვირვალე თეთრ ბურთს კი მასში მოთავსებული ადამიანი ჩააგორებს. თითქმის უსიტყვო, პანტომიმაზე აგებული ქმედება ტრაგედიისა და კომედიის ზღვარზეთამაშდება. მაყურებელი ხან იცინის და ხანკი თვალზე ცრემლი ადგება. პოლუნინის შოუ ჩაპლინის ფილმებს, ჩაპლინის სევდანარევ კომიკურ გმირს გახსენებს. პატარ-პატარა მინიატიურებისგან, ეტიუდებისგან შექმნილი სანახაობა საათნახევარი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ჯამბაზები გვიჩვენებენ, რომ ადამიანი განიცდის მარტოობას, მაგრამ ეს მარტოსული ადამიანები ცდილობენ, ნათელი ფერებით გაიხალისონ ცხოვრება, ცდილობენ, შენც ჩაგითრიონ სიყვარულისა და სიკეთის ძიებაში და რაც მთავარია, გაპოვნინონ. უცნაურ გაფარჩხულყურიან ქუდებსა და პინგვინების ლასტების მსგავს შავ ფეხსაცმელებში გამოწყობილი ჯამბაზებიდარბაზში გადმოდიან და მაყურებელსრთავენ ქმედებაში: ხან წყლით წუწავენ, ხანუთხელესი ქაღალდისგან გაკეთებულ თოვლსაყრიან და მერე დიდი, გრძელი ცოცხითთავზე დაყრილ ფანტელებს წმენდენ, ხან კი,მაყურებელთა დარბაზს უზარმაზარი ობობისქსელი ფარავს. ულამაზესი და ეფექტურიფინალი შემოგვთავაზეს დაუვიწყარი შოუსშემქმნელებმა. ჯამბაზები ლურჯ ე. წ. კედლებსატრიალებენ. პოლუნინის პერსონაჟი თოვლითგადაპენტილ სივრცეში აღმოჩნდება. ერთერთასეთ თეთრ „კედელში“ ეხვევა. დარბაზიჩაბნელდება. უცებ მაყურებელს თვალს ჭრისმისკენ მიმართული პროჟექტორების მჭახენათება, სცენის შუაგულიდან კი თოვლისფანტელების უთვალავი რაოდენობა ეყრებათავზე.წარმოდგენის ფინალში, როდესაც გგონია, რომყველაფერი დამთავრდა, უეცრად ჯამბაზებისხვადასხვა ზომის ფერად-ფერად ბურთებსყრიან და ეთამაშებიან მაყურებელს. სხვადასხვაასაკის მაყურებელი აღრფთოვანებულიცდილობს, ერთხელ მაინც დაარტყას ხელიმათკენ გადმოსროლილ ბურთებს... მაყურებელსწასვლა აღარ უნდა... ადამიანებს სჭირდებათხანდახან მაინც შეიგრძნონ ბედნიერება...სწორედ ბედნიერების გრძნობით აღგავსებსპოლუნინის „თოვლის შოუ“.

მაკა ვასაძე

გამომცემლობა "დურუჯი"

© 2024 All Rights Reserved