...განახლებული აღმაშენებლის გამზირის ჯერ კიდევ აუთვისებელი ოფისის ვიტრინებიდან ახალგაზრდა ქალები და კაცები ცნობისმოყვარე, მაგრამ შიშნარევი სახეებით იმზირებიან. შემდეგ ქუჩაში გამორბიან, სასწრაფოდ იცვამენ ნაცრისფერ კოსტიუმებს, იკეთებენ ჰალსტუხებს, მოირგებენ ასევე ერთფეროვან, გიგანტურ ნიღბებს და უსახო, მაგრამ დღეს ასე ”მოდურ” საოფისე-კორპორაციულ მასად გადაიქცევიან.
ცნობილი პოლონური თეატრალური დასი ”KTO” თბილისის ძველ უბანაში წარმოდგენას გვთავაზობს, რომელშიც არცერთი სიტყვაა! სამაგიეროდ, ბევრია ქაოტური მოძრაობა, ერთფეროვან სხეულთა გარჯა და ქუჩაში სირბილი. რეჟისორ ერჟი ზონის, ქორეოგრაფ ერიკ მაკოჰონისა და ნიღბებისა მხატვარის - იოანა იასკო-სროკას ერთობლივი ფანტაზია გროტესკულ ალეგორიაში მოაქცევს დაახლოებით ერთსაათიან წარმოდგენას სახელწოდებით ”პერეგრინუსი”.
ტომას ელიოტის პოეზიითა და ურბანული ცნობიერებით ერთდროულად შთაგონებული ქუჩის სანახაობა შეგახსნებთ პოლიტიკური თეატრის მარტივ და გასაგებ პლაკატურობას. აიფონებითა და ვიდეკოამერებით შეიარაღებულ მაყურებელს კი უღვიძებს კანონიერ ფანტაზიას - იქნებ ეს რაღაც ახალი ფლეშმობ-თეატრია, რომელშიც მისი მონაწილეობაც იგულისხმება?
რაღაც მომენტში ეს ჩვეულებრივი, მშვიდი საოფისე დღე ნევროზულ ”დღესასწაულად” ტრანსფორმირდება: კომპიუტერზე ერთფეროვანი კაკუნის, ასევე ერთფეროვანი საჩუქრებისა და კიდევ უფრო ერთფეროვანი ლანჩის შემდეგ, წესები საგანგებოდ ირღვევა და ჩვენ ვხედავთ მაგიდა-ჩემოდნებზე ამხედრებულ ჩინოვნიკებს. ისინი სიმთვრალეში ტანზე კოსტიუმებს შემოიხევენ, ხოლო გაცილებით თავხედები ეროტიულ თამაშებსაც ეძლევიან... მაგრამ ეს მოკლევადიანი სამოთხე მალევე მთავრდება და იწყება პროზაული თამაში ნაცრისფერი კოსტიუმებით, ნაცრისფერ ოფისში.
...და ეს გარდუვალია, თითქოს გვაფრთხილებენ პოლონელი მსახიობები, რადგან ჩვენმ ყველანი ცივილიზაციის უცილობელ, საშიშ და გროტესკულ თამაშში ვართ ჩართულნი.
დავით ბუხრიკიძე