დღეს, როცა რუსთაველის თეატრში ფესტივალ,,საჩუქრის“ მიწვევით საქართველოში ჩამოსულ აღიარებული გერმანელი ქორეოგრაფის,- საშა ვალცის წარმოდგენას ველოდებით, ალბათ უნდა გავიხსენოთ ამ ცოტა ხნის წინ თბილისში წარმოდგენილი ქართველების მიერ გერმანიაში შექმნილი ქორეოგრაფიული სპექტაკლი — „გაქვავებული“.

 გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში მცხოვრებმა ქართველმა ცოლ-ქმარმა სოსანაშვილებმა და მათ მიერ ჩამოყალიბებულმა ცეკვის თეატრმა „სოსანმა“, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ქართული პრემიერა ითამაშა. ნოებრის დასაწყისში, გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ეს თეატრი ცეკვის დღეებს იმავე სპექტაკლით გახსნის.

 ორი წლის წინ, ამავე ფესტივალზე ინგლისურმა დასმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ითმაშა რეჟისორ ამით ლაჰავის ქორეოგრაფიულ-დრამატული ნამუშევარი „დაკარგული“, რომელმაც თავისი ტემპო-რიტმით, ამბის თხრობის სიცხადით და მსახიობების მიერ „სხეულით თხრობით“, ქართველი მაყურებლი გააოცა. მარჯანიშვილის დიდი სცენის მაყურებელთა დარბაზი „გაქვავებულსაც“ აღფრთოვანებული შეხვდა, ვინაიდან ამ სპექტაკლის ავტორები ქართველები იყვნენ: გიორგი სოსანაშვილი და თეა მამუკელაშვილი. მათი სკოლის სახელწოდება და ქართველი ხელოვანების ფსევდონიმი არის გვარის შეკვეცილი ფორმა — „სოსანი“. სპექტაკლში მონაწილე მსახიობებმა, კავალიფიკაციის ასამაღლებლად თეატრთან არსებული ორწლიანი სკოლა გაიარეს. 

წარმოდგენის შემდეგ, ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი სოსანაშვილს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.

- ჩვენ ევროპაში სოსანის სახელით გვიცნობენ და ამ სახელს ატარებს ჩვენი ცეკვის თეატრი „სოსანი“, რომელსაც როგორც ქორეოგრაფი და პედაგოგი ჩემი მეუღლე თეა მამუკელაშვილი, რომლის ფსევდონიმი ასევე „სოსანია“ ხელმძღვანელობს. ჩვენ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ერთ პერიოდში ვსწავლობდით. 

 —გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, სხვა დასებისაგან რით გამოირჩევით? 

- ევროპულ ცეკვის თეატრში, უფრო ცეკვაზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ ასეთი მძაფრი, გაწონასწორებული სიმძაფრით ცეკვა და სამსახიობო ხელოვნება იშვიათობაა. ჩვენ შევეცადეთ სხვადასხვა მიმართულების ცეკვების სინთეზისათვის მიგვეღწია. არა აქვს მნიშვნელობა ცეკვის რა მიმართულებას აიღებ, უბრალოდ ცეკვის ელემენტებით უნდა მოჰყვე ამბავი, გადმოსცე უსიტყვოდ და მაყურებელთან ისე ახლოს მიიტანო, რომ ის იმავეს გრძნობდეს, რასაც შენ, მსახიობი გრძნობ და მგონია, რომ ამ საღამოს ჩვენ ეს შევძელით. თითოეული ნაბიჯი, მოძრაობა არის თეას ქორეოგრაფიით გაკეთებული, ის 24 საათი მუშაობდა და მხოლოდ ამით იყო მოცული. ენით აუწერელი სამუშაო ჩადო ამ ნამუშევარში. როგორც ქორეოგრაფი, ვცდილობდი არ ჩავრეულიყავი მის საქმეში, მაგრამ რა თქმა უნდა მინიმალური რჩევების გარეშე, თანამშრომლობა წარმოუდგენელია, ბოლოსდაბოლოს მეუღლეები ვართ. მინდოდა, რომ ეს პროექტი თეას დამოუკიდებლად ანუ, ჩემი ჩარევის გარეშე გაეკეთებინა და მე ვამაყობ მისი შრომის შედეგით… ადრეული ასაკიდან ვცეკვავდი ბავშვთა სტუდიაში — იგორ რომანოვთან, რომელიც ამირან შალიკაშვილის მოსწავლე იყო. მერე პანტომიმაზე ჩავაბარე, ამირან შალიკაშვილის ჯგუფში და პირველი კურსიდან თეატრში ვმუშაობდი. ასე რომ, თეატრალურ ინსტიტუტში მარტო თეორია ვისწავლე. 1996-2009 წლებში საარბრიუკენში, „მიმოდრამის თეატრში“ ვმუშაობდი ლაშა ონიანთან და კახა ბაკურაძესთან ერთად. მერე დავბრუნდი საქართველოში და მაშინ გავიცანი თეა, რომელსაც ლილი იოსელიანთან აქვს სარეჟისორო დამთავრებული, მაგრამ ძალიან უნდოდა ამ კუთხით წასვლა. ჯერ მისი მასწავლებელი ვიყავი, მერე კოლეგა და დღეს, ჩვენ ოჯახი გვაქვს და საერთო — 9 წლის შვილი.

 — თქვენ ალბათ ევროპულ ქორეოგრაფიაზე პინა ბაუშის გავლენას თვალყურს ადევნებთ? რა კავშირშია თქვენი სპექტაკლი პინა ბაუშის ხელოვნებასთან?

 - მის სტილთან დაახლოებულები ვართ, მაგრამ მე მგონია, რომ ის უფრო განვავითარეთ, ვინაიდან ჩვენი ხელწერა, — ჩვენი გზა გვაქვს…სწორედ ამით განვსხვავდებით მისი შემოქმედებისაგან. თვით ის ფაქტი, რომ ამ სპექტაკლში ყველა მსახიობი, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ თავიანთი ხელწერით და გამომსახველობით განსხვავებულია, — ეს თეას დამსხურებაა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი იშრომა. ამ სპექტაკლში თეამ უჩვენა, თუ როგორ ვლინდება ბავშვობაში მიღებული ტრავმა ან ფაქტი, ზრდასრულ ასაკში. აქ ხომ სამი დედ-მამიშვილის ანუ სამი დის ამბავია. ბავშვობაში მათ სითბო მოაკლდათ, ვინაიდან დედის ცხოვრებაში ძალიან მძაფრად ფიგურირებდა მამაკაცი. ერთი დის პრობლემაა- მამაკაცმა დედა წაართვაა და ამიტომ მათზე შურს იძიებს, მეორეს  მამაკაცებთან ურთიერთობაში თამაშის ფორმა აქვს აღებული და ყველაზე პატარა დას-დედისგან გამოჰყვა ის, რომ მამაკაცი მაინც განსაკუთრებულია, ძვირფასი და ასეთ დამოკიდებულებას ემსხვერპლა. ჩვენს სპექტაკლში არის საქართველოში შეძენილი და სისხლში არსებული ის ენერგია, ის ძარღვი, რომელიც სხვა ერს აქვს თუ არა აქვს — არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში გერმანელებს ეს სიტყვაც კი არა აქვთ. მათ ახასიათებთ: სიმშვიდე, სიზუსტე და სტაბილურობა. ჩვენ შევეცადეთ, რომ ამ ნიშან-თვისებებზე დაყრდნობით გამოგვეყენებინა ჩვენი, ქართული სპონტანურობა, ემოციურობა, ე.წ. ძარღვიანობა და ამით იდეალური ტანდემი შეგვექმნა.

მანანა ტურიაშვილი
Sputnik საქართველო

© 2024 All Rights Reserved