გუშინ გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ბოლო წარმოდგენა „დადადადან ტენკო“ მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა. იაპონური დრამ შოუ, რომელიც კომპაია „ჯირაია პროდაქშენმა“ მოამზადა ფესტივალის ბოლო აკორდი აღმოცნდა. წარმოდგენა ევროპული მოდერნიზმის და იაპონური თეატრალური ტრადიციის სინთეზია, ამავდროულად ის გაჯერებულია კაბუკის ელემენტებითაც.

ოლეგ ტაბაკოვის ფუნდამენტალური და სიტყვაზე დაფუძნებული სპექტაკლის ნახვის შემდეგ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ჯამბაზის შოუ ენახა მექსიკიდან. სპექტაკლის რეჟისორი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი და მთავარი როლის შემსრულებელიც გაბრიელა მუნოზია, ხოლო სცენოგრაფები ვალენტინა მუნოზი, ნატაშა გრეი და მარიონ სოსა არიან. ერთი მსახიობის, ჯამბაზის შოუ მთლიანად დაფუძნებულია იმპროვიზაციაზე და ინტერაქტივზე მაყურებელთან. საცირკო წარმოდგენა ადამიანის მოლოდინსა და იმედებზე გვესაუბრება. ეს არის ერთი ქალის ისტორია, რომელიც ოცნების მამამკაცს ელოდება. ეს მამაკაცი კი შესაძლოა რიგითი მაყურებელი აღმოჩნდეს, მსახიობი მაყურებელში თავად ირჩევს პრინცს, მეჯვარეებსა და პადრეს, რომელიც მას ჯვარს დაწერს. წარმოდგენა სახალისოა და არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები, არც თავად მსახიობმა და რეჟისორმა. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლი ორჯერ იყო წარმოდგენილი და ორივეს დავესწარი, მაინტერესებდა იმპროვიზაციას მეორე საღამოს როგორ გაართმევდა თავს გაბრიელა მუნოზი. აღმოჩნდა, რომ პირველი და მეორე წარმოდგენა განწყობებით, სიუჟეტის მიმდინარეობით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, თუმცა რეჟისორი და მსახიობი ფაბულას იგივეს ტოვებენ. მექსიკური ჯამბაზის შოუ „იქნებ, იქნებ“ თბილად მიიღო მაყურებელმა, წარმოდგენის მსვლელობის მანძილზე ბოლომდე ჩართული იყო მოქმედებაში, რადგანაც ინტრიგა გაბრიელა მუნოზიმ თავიდანვე ჩააგდო  მაშინ, როცა მაყურებელთან კონტაქტის დამყარება დაიწყო.


მეოცნებე მსახიობი ქალი, რომელიც ცდილობს რეალობას თავი დააღწიოს და სურვილები მცირედით მაინც აიხდინოს, სევდიანი პერსონაჟია, ის ბოლოს მაინც მარტო რჩება, რადგან მასთან თანაცხოვრება არც პირველ და არც მეორე დღეს მაყურებელმა არ ისურვა. საინტერესო იქნებოდა, მსახიობი-მაყურებლის ინიციატივების შემთხვევაში როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რა თქმა უნდა, სპექტაკლის ბოლოს ყველაფერი გეგმას დაექვემდებარებოდა, მაგრამ მაინც საინტერესო იქნებოდა როგორ მოიქცეოდა მსახიობი იმ შემთხვევაში, როცა უარს არ ამბობენ მასზე.

მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პროგრამა “New” –ს ფარგლებში აზერბაიჯანის ნაციონალურმა თეატრმა თანამედროვე აზერბაიჯანელი დრამატურგის ელჩინის პიესა „შექსპირი“ წარმოადგინა. სევდიან კომედიაში მოქმედება საგიჟეში ხდება და ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები შექსპირის პერსონაჟებს აცოცხლებენ. სპექტაკლი აზდრამაში ცნობილმა მოლდოველმა მსახიობმა და რეჟისორმა, ჟენ იონესკოს ხელოვნების საერთასორისო ბიენალეს სამხატვრო ხელმძღვანელმა პეტრუ ვიტკარაუმ დადგა. მასთან სცენოგრაფიაზე ნაზიმ ბეიკიშიევმა იმუშავა, ხოლო სპექტაკლი მუსიკალურად გაზიმ კიაზიმზადესმა გააფორმა. ქართველ მაყურებელს არა ერთხელ უნახავს აზერბაიჯანელთა წარმოდგენები, რომელიც აჩვენებდა თეატრალური ხელოვნების დაბალ განვითარებას აზერბაიჯანში, ამ სპექტაკლში აშკარად ჩანს ცოტაოდენი წინსვლა თეატრალურ აზროვნებაში, მსახიობთა თამაშის სტილშიც კი, თუმცა აზერბაიჯანულ თეატრს მაინც ბევრი უკლია პროფესიული სრულყოფისთვის.
საინტერესო წარმოდგენა შემოგვთავაზეს სამეფო უბნის თეატრში ლიტვიდან. კომპანია კრისტიან სმედსის პროდუქტი „სევდიანი სიმღერები ევროპის გულიდან“ ჟანრობრივად დრამაა და ის მაქსიმუმ სამი მეტრის დიამეტრში თამაშდება მაყურებლით გარშემორტყმულ სივრცეში. მასში ერთი მსახიობი ალდონა ბენდორიუტე მონაწილეობს. სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი კრისტიან სმედსია, რომელმაც დოსტოევსკის ცნობილი ნაწარმოების „დანაშაული და სასჯელი“ ერთი სიუჟეტური ხაზი გააცოცლა სცენაზე. რეჟისორი სონია მარმელადოვას ტრეფიკინგის ამბავს გვიყვება. სპექტაკლი დაფუძნებულია ინტერაქტივზე მაყურებელთან, წარმოდგენის დაწყებამდე მსახიობი ჩაითა და ნამცხვრით გვიმასპინძლდება, ნებსით თუ უნებლიედ მაყურებლის მიერ შექმნილ წრეში ინტიმური, სახლის, თბილი სიტუაცია და ატმოსფერო იქმნება, სწორედ ამ გარემოში მოგვითხრობს და გვიჩვენებს სონია-ალდონა ბენდორიუტე თავის ტრაგიკულ და დრამატიზმით სავსე ისტორიას.


უცნაური წარმოდგენა შემოგვთავაზეს გრიბოედოვის თეატრის პავილიონში ისრაელიდან. უცნაურობა არა მხოლოდ სპექტაკლის ფორმაში გამოიხატება, არამედ შინაარსშიც. წარმოდგენაზე მაყურებლთა დარბაზი საგანგებოდაა მოწყობილი ამფითეატრის პრინციპით. სამოქმედო სივრცე ანუ სცენა კი ორად არის გაყოფილი. ავანსცენაზე ორი მსახიობი დგას, ერთი მუსიკოსი, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს და მეორე მსახიობი ქალი, იგივე მთხორბელი. მათ სხვა მსახიობებისგან კედელი ჰქოფს, რომლის შუა ნაწილში მინაა ჩასმული. „მოხუცი ცოლების ზღაპარი“ (ასე ქვია წარმოდგენას) რამდენიმე ცნობილი ევროპული, ძველი ზღაპრის თხრობაა, იმ კედელს იქეთ, რომელიც ვახსენე კი სამზარეულოა მოწყობილი, სადაც მსახიობები როგორც ირკვევა ჩვენთვის, მაყურებლისთვის ნამცხვრებს ამზადებენ. ისინი დრო და დრო ერთვებიან თხრობაში. უცნაური კიდევ ის არის, რომ მსახიობები ამ წარმოდგენაში უფრო მზარეულობაში ავლენენ ცოდნასა და გამოცდილებას, ვიდრე არტისტობაში და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი: წარმოდგენაში ორი (ბიჭი და გოგო) გონებაშეზღუდული „მსახიობი“ მონაწილეობს. თუ არ ვცვდები, „ჯგუფ მიკლატ 209“-ის პროექტის ჩვენება პირველი მცდელობაა მსგავსი ტიპის თეატრალური წარმოდგენის ჩვენების საქართველოში. ამ ტიპის თეატრალურ დასებს დიდი ხანია იცნობს ევროპა, მათ შორის, ყველაზე აქტიური ფრანგული და ბრიტანული დასებია, რომელთა პროექტებში ინვალიდები მონაწილეობენ. ამ კუთხით ყველაზე პოპულარული დასი „DV8“ გახლავთ.

ფესტივალი 2012 დასრულდა. დისკუსია წარმოდგენილი სპექტაკლების, შერჩეული პროგრამის, ფესტივალიის შესრულებული, თუ შეუსრულებელი მისიის შესახებ თეატრალურ წრეებში დიდხანს გაგრძელდება. იქნება ბევრი კრიტიკული შენიშვნაც (რასაც მიეჩვია კიდეც ალბათ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი) და ცოტა მადლობის წერილებიც. ეს ნორმალური პროცესია, მთავარია კრიტიკა იყოს ჯანსაღი და ფესტივალის ორგანიზატორებისთვის რაღაცის უკეთესისკენ შეცვლის მასტიმულიზირებელი. მთავარია ფესტივალმა იარსებოს და გაჩნდეს თუნდაც კონკურენტუნარიანი გარემოც, რათა თეატრის მოყვარულებს, თუ პროფესიონალებს მეტი სულიერ-ესთეტიკური და პროფესიული განვითარების საშუალება მიეცეს. 

ლაშა ჩხარტიშვილის ბლოგი Lasha Chkhartishvili's Blog

http://lashachkhartishvili.blogspot.com/2012/10/blog-post.html

http://www.24saati.ge/news/story/32199-tbilisis-saertashoriso-teatraluri-festivali-dasrulda

© 2024 All Rights Reserved