თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სპექტაკლების ჩვენების გარდა, მოიცავს გამოფენებს, ვორქშოპებს, მასტერკლასებს, კონცერტებს... სწორედ, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამოჩენილი კოსტიუმების მხატვრის ანანო მოსიძის კოსტიუმების გამოფენა მუსიკისა და დრამის თეატრში. ანანო მოსიძე 2005 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში. მისი პირველი სპექტაკლი ამ თეატრში იყო ალბერ კამიუს „ჭირი“ (რეჟისორი – დავით დოიაშვილი). მას შემდეგ ანანო მოსიძემ ამავე თეატრში ოცამდე სპექტაკლი გააფორმა. მათ შორის, განსაკუთრებულია: „მარლენ დიტრიხი“, უილიამ შექსპირის „მაკბეTH“ და „ (შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი“. სამივე სპექტაკლზე რეჟისორ დავით დოიაშვილთან ერთად იმუშავა, ასევე მნიშვნელოვანია მის მიერ გაფორმებული ქორეო–დრამა „კარმენი“ (დამდგმელი ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე), ედმუნდ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ (რეჟისორი – დავით დოიაშვილი), მაქსიმ გორკის „ფსკერზე“ (რეჟისორი – დავით დოიაშვილი) და სხვ.
2010 წელს რიეკის (ხორვატია) კამერული სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალზე ანანო მოსიძე გამრჯვებული გახდა ნომინაციაში „საუკეთესო კოსტუმების მხატვარი“ სპექტაკლისათვის „მაკბეTH“.
„ყოველი კონკრეტული კოსტიუმი კონკრეტულ სპექტაკლს ემსახურება, კონკრეტულ არტისტს, კონკრეტულ სათქმელს... როცა რამპა ინთება, ისინი თავის სათქმელს ამბობენ... რა ხდება მაშინ, როცა შუქი ქრება, როცა კოსტიუმები თავის საკიდებს უბრუნდებიან...“ - ასე იყო დაანონსებული გამოფენა, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა არა მხოლოდ ნამუშევრებით, არამედ თავად გამოფენის კონსტრუქციითა და არქიტექტონიკით.
ანანო მოსიძის კოსტიუმების წარმატების საიდუმლოება კი იმაშია, რომ კლასიკაზე მუშაობის მიუხედავად, ის არ ექცევა ტრადიციების, გამოცდილებათა გავლენის ქვეშ. შორს არის შტამპებისა და ეპოქის კონუქტურისაგან. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური დრამატურგიაის პერსონაჟები უკვე განვლილი ეპოქის შვილები არიან, მისი პერსონაჟები მუდმივად თანამედროვეები ხდებიან. ანანო მოსიძე მსახიობების საყვარელი მხატვარიცააა (რაც იშვიათობაა ხოლმე), რომელიც მათ კარგად იცნობს და გრძნობს, ამიტომაც ჩანს სცენაზე, რომ მსახიობები მის კოსტიუმებში ჰარმონიულად გრძნობენ თავს.
ანანო მოსიძეს უყვარს დეტალები. დეტალები, რომლებიც ცვლიან ეპოქას, მაგრამ ბევრს მატებს პერსონაჟთა ხასიათს. ამაში მას ფანტაზიის დაუშრეტელი უნარი ეხმარება, რომელიც ამდიდრებს სპექტაკლის გამომსახველობას. ანანო მოსიძეს არ უყვარს სიჭრელე, მაგრამ უყვარს მრავალფეროვნება, ერთი ფერის გრადაციის გამოყენებით, ის ქმნის მრავალფეროვან სამყაროს, რომელიც ყოველთვის ქმედითია და ცოცხალი.
ამავე დღეს, ასევე ფესტივალის ფარგლებში, მოძრაობის თეატრი გრიმიორისა და ვიზაჟისტის ანუკა მურვანიძის გრიმის შოუს, ინსტალაციას მასპინძლობდა. ანუკა მურვანიძე აქტიურად თანამშრომლობს ქართულ და განსაკუთრებით მოძრაობის თეატრთან. ის ამ თეატრში რამდენიმე სპექტაკლის მხატვრად და კოსტიუმების ავტორად მოგვევლინა. ანუკა მურვანიძისთვის თეატრი, როგორც თავად ამბობს, სახლია, რომელშიც ის ცხოვრობს, ამიტომაც ის თეატრით საზრდოობს და მის მოღვაწეობაში ყველაზე სასიამოვნო და პრიორიტეტული სწორედ თეატრის გრიმია (შედარებით კინოსა და მოდის გრიმთან, ვიზაჟთან).
მოძრაობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას, კრიტიკოსებს, თეატრის მოღვაწეებსა და სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს არტისტი ანუკა მურვანიძე ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა წარუდგინა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს გრიმს თანამედროვე თეატრში დიდი და გადამწყვეტი ფუნქცია აკისრია, რაც ჩვენში დეფიციტურია, ამიტომაც აქტუალური.
ანუკა მურვანიძემ უშუალოდ გრიმის შოუს დაწყებამდე, შეკრებილი საზოგადოება მცირე ისტორიულ ექსკურსში ამოგზაურა. პრეზენტაცია, რომელიც მან წარმოადგენდა შეიცავდა ქართული თეატრის მსახიობთა პორტრეტებს, სადაც პერსონაჟის გარეგნულ გარდასახვაში განსაკუთრებული როლი სწორედ გრიმს აკისრია. მანვე გაგვაცნო გრიმის ტექნოლოგიაში მიმდინარე თანამედროვე პროცესები და ის ტექნოლოგიები, რომლითაც წარიმართება ამ დარგის ევოლუცია. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და შოუშ მსვლელობაში განსაკუთრებით ახალგაზრდებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ანუკა მურვანიძის გრიმის შოუ არა მხოლოდ სანახაობრივად გამოვიდა საინტერესო, არამედ სასწავლო-შემეცნებითი თვალსაზრისითაც. იმათ ნამდვილად გაუმართლათ, ვინც ამ შოუს უშუალო მონაწილე და რეალური მასალა გახდა.
ლაშა ჩხარტიშვილი