თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრმა უკვე მეორე პრემიერა შემოგვთავაზა, რომელიც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში ვნახეთ. „გრავიტაცია“ - ასე ქვია თეატრის ხელმძღვანელის და სპექტაკლის რეჟისორ-ქორეოგრაფის თიკო ქოიავას სპექტაკლს, რომელიც ახალგაზრდა დრამატურგის ალექსანდრე ლორთქიფანიძის ლიბრეტოს მიხედვით შეიქმნა. თავისთავად კარგია, როცა სპექტაკლი ორიგინალური დრამატურგიის საფუძველზე იქმნება, როცა სპეციალურად კონკრეტული სპექტაკლისთვის იქმნება სიუჟეტი, მაგრამ დრამატურგიული კონსტრუქციაც სასურველია თანმიმდევრული იყოს. მართალია, თანამედროვე თეატრში, მეტ ადრე არავერბალურ წარმოდგენებში (მოძრაობის და ცეკვის თეატრებში), სიუჟეტის თანმიმდევრულობა აუცილებელი პრინციპი სულაც არ არის (მთავარია ლოგიკური ჯაჭვი), მაგრამ კლასიკური კონსტრუქციის ტიპის სიუჟეტში კი აუცილებელი პირობაა. თიკო ქოიავას სპექტაკლში კი ეს პრინციპი თვალნათლივ დარღვეულია.
ალექსანდრე ლორთქიფანიძის ლიბრეტო ცირკის მსახიობ სიამის ტყუპების ცხოვრების საკმაოდ ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს, როცა მათ ცხოვრებაში ჩნდება მესამე ობიექტი - ქალის სახით. ტყუპებს გაყრა უწევს, რაც მათ ცხოვრებას კოშმარად აქცევს და სიუჟეტი ტრაგიკულ ფინალს აღწევს. ერთი შეხედვით ტრივიალური სიუჟეტი თიკო ქოიავამ საინტერესო სანახაობად აქცია, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე დაგვაფიქრებს და საინტერესო, აქტუალურ ასოციაციებს აღძრავს (თუნდაც ბუნების მიერ დადგენილი კანონზომიერებების დარღვევა). წარმოდგენის გმირები მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დგანან და საბოლოო არჩევანი მათი ცხოვრების ტრაგიკულ ფინალად აქცევს.
სპექტაკლის სიუჟეტი დინამიურად ვითარდება და მოვლენათა მონაცვლეობა მაყურებლისთვის სავსებით გასაგებია, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი არავერბალური ფორმით არის გადმოცემული. მსახიობები თენგო ზარდიაშვილი და ირაკლი ბიგვავა, რომლებიც სიამის ტყუპებს განასახიერებენ საინტერესოდ ხატავენ გმირებს. ისინი არა მხოლოდ ფიზიკურად არიან კარგ ფორმაში, არამედ არტისტული თვალსაზრისითაც საინტერესოდ მუშაობენ. ქმნიან ორიგინალურ ტიპაჟებს და მიმიკებით გადმოსცემენ კონკრეტულ ეპიზოდში თავიანთი გმირების განწყობებს, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას კომიკურობიდან ტრაგიკულობამდე იცვლება. საინტერესო მხატვრულ სახეს ქმნის სპექტაკლში ქეთი გიორგაძე. სპექტაკლის მთავარი გმირი, რომელსაც სიყვარულთან ერთად ტკივილი და აურზაური შემოაქვს ტყუპების ცხოვრებაში. საინტერესოდ არის გადაწყვეტილი და შესრულებული მსახიობის ცეკვა ჩაჩიან არლეკინთან. მთავარი გმირების შემსრულებელი მსახიობები უდაოდ ავლენენ საშემსრულებლო ხელოვნების კარგ ტექნიკას და გარდასახვის ხელოვნების ფლობის უნარებს. მათი ქმედებები მეტყველია და თანაგანცდის გამომწვევი მაყურებელში.
საინტერესოდ და ეფექტურად გადაწყვიტა რეჟისორმა რამდენიმე მიზანსცენა, რომელთა შორის გამორჩეულია ცირკის მსახიობების სცენა, როცა ჩაბნელებულ სცენაზე ცირკის მსახიობები ფერადი სანათებით ცეკვავენ, ასევე ტყუპების სიამობის პერიოდში თანაცხოვრების ეპიზოდები, როცა ორი მსახიობი ერთმანეთზე გადაჯაჭვული ცეკვავს, ისე რომ მაყურებელზე შთაბეჭდილებას ნამდვილად ახდენს.
სპექტაკლის მუსიკალურ ფონს კომპოზიტორ სანდრო ნიკოლაძის მუსიკა ქმნის, რომელიც არ გახლავთ კონცეფტუალური და თანმიმდევრული. მუსიკალური კომპოზიციები, როგორც ცალკეული ნომრები ისე ჟღერს სპექტაკლში. მუსიკალური თანხლება ჩანაწერის სახით ისმის დარბაზში, რომელიც სუფთად არ ჟღერს და ყურს უხეშად ხვდება.
დაუდგენელია სპექტაკლის ჟანრი. წარმოდგენა მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის ხერხებით თამაშდება. სპექტაკლი გარკვეული ეპიზოდებისგან შედგება, რომელიც უფრო დანაწევრებულია, ვიდრე კომპლექსური და მთლიანი. განსაკუთრებით ეს საექსპოზიციო ნაწილს ეხება, რომელიც ილუსტრაციულია და იმ ეპიზოდებს, როცა მასიური სცენები თამაშდება. ზოგიერთ ეპიზოდში დარღვეულია სინქრონულობის პრინციპიც. პრობლემები, რომელმაც სპექტაკლში იჩინა თავი დაძლევადია დიდი შრომისა და ენთუზიაზმის წყალობით. ახალგაზრდების ამ ჟგუფს ნამდვილად აქვს შანსი ქართულ სათეატრო რუკაზე თავისი ადგილი დაიმკვიდროს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავდაუზოგავად იშრომებენ და ეყოფათ ენთუზიაზმი მოღვაწეობის გასაგრძელებლად მხატვრული ხარისხის ამაღლებისთვის. იმედი მაქვს, ძიებებს არავერბალურ სამყაროში არ შეწყვეტენ და გააგრძელებენ.
ლაშა ჩხარტიშვილი