მათ, ვისაც თეატრი უყვარს და აინტერესებს რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ სათეატრო ხელოვნებაში, ბედნიერების, სიხარულის, გაოცებისა და აღტაცების დღეები ეწყებათ. უკვე შვიდი წელია ველით შემოდგომას, არა მხოლოდ იმის გამო, რომ თეატრები სეზონებს ხსნიან, არამედ იმიტომ რომ თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.
ყოველი ფესტივალი გამორჩეულია, ყოველ წელს განსხვავებულ აქცენტებს ვსვამთ, განსხვავებულად ვფიქრობთ, აღვიქვამთ, ვადარებთ, ვსჯელობთ, ვიზრდებით ჩვენც და ჩვენი ფესტივალიც, რომლის მსვლელობისას თეატრების წინ უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგანგებოდ გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც გვახსოვს. “Tbilisi international” არ არის მხოლოდ ვიწრო თეატრალური წრის ფესტივალი, მისი მაყურებლის და გულშემატკივრების არეალი, სეგმენტი და კონტიგენტი წლიდან წლამდე იზრდება და ფართოვდება. რით არის მაინც გამორჩეული წლევანდელი ფესტივალი და რას ველოდებით მისგან? რეალობის ნატიფი გრძნობა რომ გარანტირებული გვაქვს ეს ვიცი, მაგრამ სულმოუთქმელად ელოდება ქართველი მაყურებელი სილვიუ პურკარეტესა და მის „ქარიშხალთან“ შეხვედრას. ქართველმა არათეატრალმა მაყურებელმაც კი შეიყვარა იგი, ამიტომ ვიმედოვნებ იმედები არც წელს გაგვიცრუვდება.
ბევრი რამ გვსმენია, მაგრამ ჯერ თბილისში არ გვინახავს სახელგანთქმული გერმანული თეატრი შაუბიუნე არანაკლებ სახელგანთქმული რეჟისორის ტომას ოსტერმაიერის სპექტაკლით „ხალხის მტერი“. ამ რეჟისორზე საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ ახალგაზრდა თაობის ქართველი რეჟისორები მისი სპექტაკლებით იკვევებიან, შთაგონებულები არიან მისი სათეატრო ესთეტიკით. საფესტივალო პროგრამის მარგალიტია აქრამ ჰანის კომპანიის სპექტაკლში „კააში“. ეს კომპანია ერთხელ უკვე იყო საქართველოში. სწორედ ამის გამო, მოლოდინი ბრიტანული კომპანიის მიმართ გაორმაგებულია.
სასიამოვნო სიურპრიზი ელის ფესტივალის მაყურებელს შექსპირის თეატრ „გლობუსის“ წარმოდგენით „ჰამლეტი“, რომელიც ღია ცის ქვეშ გათამაშდება. სპექტაკლი ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დომინიკ დრუმგულიმ დადგა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ქართველ რეჟისორთან ლევან წულაძესთან. რაკი ქართველი რეჟისორის თაყვანისმცემელთა არმია მაყურებელთა შორის საკმაოდ დიდია, ვფიქრობ დომინიკ დრომგულისაც გულთბილად მიიღებს ქართველი მაყურებელი, რომელიც გამორჩევა უშუალობით, თავმდაბლობით, გულახდილობით, იუმორის ნატიფი გრძნობით და რაც მთავარია ნიჭიერებით.
ქართველ მაყურებელს წელსაც ექნება საშუალება ნახოს მისი საყვარელი რეჟისორის ოსკარას კორშუნოვასის და თეატრის - ვილნიუსის საქალაქო თეატრის სპექტაკლი გორკის „ფსკერზე“. სპექტაკლი ჩვენს მაყურებელში ინტერესს გამოიწვევს თუნდაც იმიტომ, რომ გასულ სათეატრო სეზონზე თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთმა გამორჩეულმა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ამ ნაწარმოების წარმატებული, ორიგინალური და განსხვავებული ვერსია წარმოადგინა.
დიდი ინტერესით ველით თეატრ „ქორეას“ ნამუშევარს „გილგამეში“ პოლონეთიდან და ქართველთა ჯგუფს ცეკვის გერმანული თეატრიდან სპექტაკლით „გაქვავებული.“
ლაშა ჩხარტიშვილი