ამ კონტრასტული, ურთიერთგამომრიცხავი პრინციპით ხელმძღვანელობენ, მოქმედებენ და ცხოვრობენ იოანე ხუციშვილის „მაკბეტის“ პერსონაჟები, რომელთა დასახული მიზნების მიღწევა ამავე პრინციპით ხდება - ეძიონ სიკეთეში ბოროტება და პირიქით. სპექტაკლში არ ვხვდებით ცალსახად დადებით (ასეთი რა ცოტაა) ან უარყოფით პერსონაჟებს, აქ ვერ შეხვდებით ტრადიციულ ტიპაჟებსა და მხატვრულ სახეებს, ისინი ერთდროულად იტევენ და ითავსებენ სამყაროს ორ საწყის განცდას - სიკეთესა და ბოროტებას, ამიტომაც არის, რომ, არა მხოლოდ მოქმედი გმირების დრამატურგია, არამედ მთელი სპექტაკლიც კონტრასტების პრინციპზეა აგებული (დაწყებული სცენოგრაფიით და დამთავრებული მუსიკალური თანხლებით), რომელიც ერთ დიდ კინოს, მონუმენტურ მხატვრულ ტილოს გავს, რომელიც თავის თავში უამრავ ქვედინებებსა და ქვეტექსტს იტევს. დამაჯერებელ (და მისაღებ) თეატრალურ პირობითობას რეალისტურ ხერხში გადაწყვეტილი სცენები ენაცვლება. იოანე ხუციშვილის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული „მაკბეტი“ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს (არა მხოლოდ მოცულობითა და შინაარსით, არამედ ფორმითა და მასშტაბით) ჰგავს, რომელსაც არაერთხელ უნდა შეავლო თვალი, გამორჩენილი ეპიზოდების და პარალელური მოქმედებების სანახავად. იოანე ხუციშვილის სპექტაკლი იმდენად დახუნძლულია რეჟისორული ფანტაზიითა და გამომგონებლობით, რომ ერთი შეხედვით ყველაფერზე თვალ-ყურის მიდევნება, მით უმეტეს, პარალელურ რეჟიმში გააზრება, ფაქტობრივ შეუძლებელია. კინოს ხერხებსა და მასშტაბში დადგმული შექსპირის ტრაგედია „მაკბეტი“ სამყაროს იმ კანონზომიერებებზე მოგვითხრობს, რომელთა ნგრევას კაცობრიობა დღემდე ამაოდ ცდილობს, რადგან ყველაფერი წრეზე ბრუნავს, როგორც ამ კონკრეტულ სპექტაკლში დანკანი უკვდავი და მარადიული პრობლემის სიმბოლოა.

თეო კუხიანიძის მონუმენტური, ქმედითი და დინამიკური სცენოგრაფია სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირია, დამოუკიდებელი და სრულყოფილი პერსონაჟი, რომელიც სამი მოქმედების მანძილზე არა ერთ ცვლილებას განიცდის და ისევე ჩართულია მოქმედების მსვლელობაში, როგორც სხვა პერსონაჟები. სცენოგრაფია იოანე ხუციშვილის სპექტაკლში არა მხოლოდ მეტაფორებისა და ალეგორიების მთავარი „ფაბრიკაა“, არამედ ერთგვარი მთხრობელიც. ცივი, ასკეტური და მონუმენტური, ნაცრისფერში გადაწყვეტილი ლითონის  კონსტრუქცია არა ერთხელ იცვლის სახეს, ფორმას და ფუნქციას. თეო კუხიანიძის სცენოგრაფიაც, ისე როგორც მხატვრული განათება, კონტრასტების პრინციპს ეფუძნება. აქ დომინანტი და ურთიერთსაწინააღმდეგო ფერები ერთმანეთს ინტენსიურად ენაცვლება. შავი და თეთრი განათება სამყაროს ორ საწყისს, კეთილსა და ბოროტს, ნათელსა და ბნელს გამოხატავს.

იოანე ხუციშვილის „მაკბეტში“ მხატვრულ სახეთა მთელ გალერეას ვხვდებით. სპექტაკლში კარგად ჩანს თითოეული პერსონაჟის ისტორია და სურვილ-მისწრაფებები, ისინი არ არიან სქემატური მხატვრული სახეები, არამედ ორიგინალურად და ახლებურად გააზრებულ ტიპაჟებს წარმოადგენენ.

სპექტაკლის მთავარი მოქმედი გმირების მამოძრავებელი ძალა ავი სულები, კუდიანები არიან, რომლებიც მთელი სპექტაკლის მანძილზე გმირების ირგვლივ ტრიალებენ და მოვლენათა ეპიცენტრშიც დგანან. ევა ხუტუნაშვილი, კახა შარტავა და გაგი შენგელია გარეგნულად და თქვენ წარმოიდგინეთ ხასიათებით ერთმანეთისგან განსხვავებული არსებები არიან. ევა ხუტუნაშვილი უფრო ადამიანს ჰგავს გარეგნულად, მაგრამ კახა ხარტავა და გაგი შენგელია უფრო ეშმაკისეულისკენ იხრებიან, უსქესო არსებებს წააგავენ, ვიდრე ადამიანს. ევა ხუტუნაშვილის კუდიანი მოუქნელი, მძიმედ და უხეშად მოსიარულე ავისულია, ადამიანის ტანისამოსში გამოწყობილი, რასაც ვერ ვიტყვით დახვეწილი პლასტიკით გამორჩეულ კახა შარტავასა და გაგი შენგელიას კუდიანებზე, რომლებიც ქვერწარმავლების მსგავსად ნებისმიერ ატმოსფეროში თევზივით გრძნობენ თავს. ბუნებრივია, მათი ჩადენილი „გმირობები“, რომლებიც ერთდროულად სიკეთესაც შეიცავენ და ბოროტებასაც, უფრო ადამიანების გამოცდისაკენ არის მიმართული. ისინი აძლევენ შანს მაკბეტს მიაღწიოს დიდებას, მაგრამ ადამიანის დაუოკებელი და გაუმაძღარი სურვილი ძალაუფლებისა, ძლევს იმ „სიკეთეს“, რომელიც როგორც ცხოვრების შანსი ისე მოევლინება ტრაგედიის მთავარ გმირს.

ბაჩო ჩაჩიბაიას მაკბეტი რიგითი მოკვდავია, ადამიანი, სავსე სუსტი და ძლიერი მხარეებით, რომელსაც განგებამ ერთგვარი გამოცდა მოუწყო. ცხოვრების მიერ მიცემული შანსით  მაკბეტი, როგორც რიგითი ადამიანი, არ დაკმაყოფილდა. უფრო მეტის მიღების სურვილმა მას მოსვენება დაუკარგა და მოპოვებულმა ძალაუფლებამ ცხოვრების ტკბობაში კი არ ჩააგდო ის, არამედ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია და ეგზისტენციალურ ტრაგედიამდე მიიყვანა. ბაჩო ჩაჩიბაის მაკბეტი მეტამორფოზის მთელ პროცესს გადის კეთილი მოკვდავიდან მონსტრადქცეულ დესპოტამდე. მსახიობი გვიჩვენებს ადამიანის სულში დატრიალებულ ქარიშხალს, ცდუნებებს, ვნებებს, მასზე განხორციელებული გავლენების შედეგებს, სულის სიღრმეში ჩამალულ, გაოცნობიერებელ მისწრაფებებსა და მეფეს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი და კეთილდღეობა აღელვებს.

ბაჩო ჩაჩიბაია ეტაპობრივად გვიჩვენებს მაკბეტის სულში დატრიალებულ უზარმაზარ შინაგან ბრძოლებს. ერთი მხრივ იგი მოწოდებულია მშვიდი და უშფოთველი ცხოვრებისათვის, თუმცა მას არჩევანი აღარ რჩება და იძულებულია ცოდვებით (სისხლისღვრით) მოპოვებული საკუთარი ტახტი მაინც შეინარჩუნოს, თუ სიმშვიდე არა.

ბაჩო ჩაჩიბაიას მაკბეტი და გიორგი ზანგურის ბენქო კუდიანების წინასწარმეტყველებას მათი მომავლის შესახებ, რომელიც ლოგიკურად არარეალისტური ეჩვენება ორივეს, იუმორით ხვდებიან, თუმცა იქვე ვლინდება მათ სულში გაჩენილი შურისა და ეგოიზმის გრძნობა უახლოესი მეგობრებისა ერთმანეთის მიმართ. მაკბეტი კიდევ უფრო სუსტია და გულწრფელი, ის ვერ ახერხებს (მცდელობის მიუხედავად) დამალოს ემოციები და დამოკიდებულებები მოვლენათა მიმართ, რომელიც მას ნერვებს უშლის. შესაბამისად, ბაჩო ჩაჩიბაიას მაკბეტი გაიძვერა კი არ არის, არამედ რეფლექსური და იმპულსური.

სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სრულყოფილი მხატვრული სახე ნინო ჭოლაძის მიერ შესრულებული ლედი მაკბეტია, რომელიც არა მხოლოდ ორიგინალურად გააზრებული ამ როლით, არამედ საშემსრულებლო ტექნიკის კარგად ფლობითა და მათი გამოყენებით გამოირჩევა. ნინო ჭოლაძე ის იშვიათი გამონაკლისია სპექტაკლში, რომლის მიერ სცენაზე წარმოთქმული არც ერთი ფრაზა არ დაკარგულა პარტერში, განსხვავებით მისი სხვა კოლეგებისგან. მეტყველების კულტურის ტექნოლოგიის კარგი ფლობა, ის ერთ-ერთი შესაშური მონაპოვარია, რომელიც მას მისი კოლეგებისა და პარტნიორებისაგან გამოარჩევს. მსახიობის თითოეული მიმიკა, ჟესტიკულაცია, წარმოთქმული ფრაზა, თუ მოქმედება მოტივირებულია და მაყურებლისთვის გასაგები. მსახიობი არც ერთი წუთით არ დუნდება სცენაზე, მაშინაც კი როცა ის დომინანტური არ არის და ამიტომაც, მაყურებლის მზერა მის მიმართ ინტერესით არის მიმართული. იოანე ხუციშვილმა და ნინო ჭოლაძემ ლედი მაკბეტი ძლიერ და გრძნეულ ქალად წარმოგვიდგინეს, რომელსაც ინტენსიური კავშირი აქვს კუდიანებთან. ლედი მაკბეტი ერთი რიგითი, დაბალი სოციალური ფენის წარმომაოდგენელია (მისთვის უცხოა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც დედოფლად ქცევისას მგონი პირველად ჩაიცვა), რომელსაც სურს ცხოვრების შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ სადედოფლო ატრიბუტიკა - სამეფო გვირგვინი, მაღალი ქუსლები, ტანისამოსი მას დისკომფორტს უქმნის. მიზნის მისაღწევად კი ნებისმიერ მსხვერპლზე თანახმაა. კუდიანების წინასწარმეტყველებამდე მას უინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ამიტომ ძალ-ღონეს არ იშურებს საყვარელი ქმრის დასარწმუნებლად, რომ დანკანი უნდა მოკლას. ის კარგად იცნობს ქმარს, ამიტომაც იცის რა ხერხებით, მეთოდებით უნდა მიუდგეს მაკბეტს, სად არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. ლედი მაკბეტი ქმარს საწოლში იწვევს. ეს ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კრეატიული სცენაა სპექტაკლში. რეჟისორმა თეატრალური მეტაფორის გზით არა მხოლოდ ხელოვნების რანგში აყვანილი სექსუალური აქტი გვიჩვენა, არამედ რიტუალი, რომელიც მთლიანად ცვლის ადამიანს. აქ ფერებიც კი თავის როლს თამაშობს, კონტრასტულობის პრინციპი (შავ-თეთრში გადაწყვეტილი კოსტიუმები, ზეწარი და მოსასხამი) ამ შემთხვევაშიც მოქმედებს. სექსი მაკბეტთან მისი მეორე დაბადებაა, ახლადშობილი მაკბეტი სულ სხვა ადამიანია - „მე თანახმა ვარ!“ - ამბობს ბაჩო ჩაჩიბაიას მაკბეტი და ხვდები, რომ ის მონსტრად გადაიქცა, რომელმაც მკვლელობების სერია ჩაიფიქრა.

განსხვავებულია ნინო ჭოლაძის ლედი მაკბეტი სპექტაკლის მეორე ნაწილში, რომელიც ჩადენილი ცოდვების მიუხედავად, დიდ თანაგრძნობას იწვევს მაყურებელში. მემკვიდრეზე, უფრო სწორად შვილზე მეოცნებე ქალის ვნებები იმდენად შემზარავია და ისეთი სიმძაფრით გვიჩვენებს მსახიობი, რომ მაყურებელს ყველაფერი ავიწყდება, რაც კი აქამდე მას ჩაუდენია. ნინო ჭოლაძის გმირს სინდისის ქენჯნა აწუხებს, ის ახლა ჩვეულებრივი, რიგითი, უბედურ ქალად ქცეული მოკვდავია, რომელიც ადამიანებისგან, მეტ ადრე საყვარელი ქმრისგან თანადგომას ითხოვს, მაგრამ მისთვის არავის სცალია, უახლოესი გარემოცვიდან ყველანი გაანადგურეს, ერთადერთი ქმარია, რომელიც ბენქოს მემკვიდრეების ამოხოცვითაა დაკავებული. რთულ გზას გადის ნინო ჭოლაძის ლედი მაკბეტი, დემონობიდან დედობაზე მეოცნებე ქალამდე. იოანე ხუციშვილისეული ლედი მაკბეტის პროტოტიპი ნინო ჭოლაძის მიერ წარმოთქმულ მონოლოგში ვლინდება.

ბაჩო ჩაჩიბაიას მაკბეტი უინიციატივო, მაგრამ ფუნქციურად კარგი შემსრულებელი დიდგვაროვანია დანკანის კარზე, რომელსაც „მადა ჭამაში მოსდის“ და ეგოისტურობით გამოწვეული შეგრძნებები მოსვენებას უკარგავს. შფოთვარე ცხოვრება მაკბეტსა და ლედი მაკბეტს ბოლომდე ანგრევს, მათი დასუსტება კი მის მტრებს აძლიერებს. დასუსტებულია მაკბეტი საფინალო სცენაში, იგი თითქოს ბრძოლისგან დაღლილი საკუთარი ნებით ხვდება სიკვდილს, ნებდება, ფარ-ხმალს ყრის და ხელგაშლილი ეგებება გარდაუვაკ სიკვდილს. ის ხმალს დაღმართავს და გვირგვინსაც თმობს. მაკბეტის სიკვდილის სცენა ორიგინალურად და ორაზროვნად არის გადაწყვეტილი რეჟისორის მიერ. ბაჩო ჩაჩიბაია ფსიქოლოგიური თეატრისთვის დამახასიათებელი ხერხებით, ზომიერი ემოციურობითა და დრამატიზმით გვიჩვენებს მაკბეტის ცხოვრებას რაინდობიდან მონსტრობამდე და ფინალში ის ერთგვარ კათარზისს განიცდის, თითქოს მან მოინანია ჩადენილი ცოდვები და ისე შეეგება სიკვდილს. ბაჩო ჩაჩიბაიას მაკბეტი გარემოს და ბედისწერის მსხვერპლია. მსახიობი ოსტატურად ახერხებს მოცემულ სიტუაციებში გარდასახვას, მაგრამ თან გასდევს მისი შინაგანი ადამიანურობა, რომელიც გამუდმებით ახსენებს მაყურებელს, რომ ის მუდმივად საკუთარი ნებისა და სურვილის წინააღმდეგ მიდიოდა. ამ გმირში, რომელსაც ბაჩო ჩაჩიბაია ხატავს თანაბრად გვხვდება ურთიერთსაპირისპირო, კონტრასტული თვისებები ადამიანისა, რომელიც ზოგად ერთ კონკრეტულ ტიპაჟს კი არა, არამედ მთელ მოდგმას ახასიათებს.

დავით როინიშვილის დანკანი ჯოჯოხეთის მოციქულს, მუმიას, საფლავიდან წამომდგარ მოჩვენებას უფრო ჰგავს, რომელიც დრო და დრო ჩნდება ხოლმე და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მსურველთ ბოროტების ჩადენისაკენ ვნებებს აღუძრავს. მსახიობს სახე თეთრი გრიმით დაუფარავს (რაც სიმბოლურად პერსონაჟის გარდაცვლილობაზე მიუთითებს), წელში მოხრილა და ყავარჯნის დახმარებით ობობასავით გადაადგილდება. დავით როინიშვილის მეფე დანკანი საფლავიდან გვეცხადება ხოლმე, ის უკვდავია, მისი სიკვდილი შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომაც ჩნდება ფინალში გამარჯვებული სახე-მიმიკით, წელში გამართული მეფე დანკანი. პერსონაჟის ასეთი გააზრებით რეჟისორმა პრობლემის მარადიულობას ამ ფორმითაც გაუსვა ხაზი და შეგვახსენა, რომ მაპროვოცირებელი და მაცდური დანკანი ყოველთვის იარსებებს.

განსხვავებულ ამპლუაში წარსდგა ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე (მალკოლმი), რომელმაც უფლისწულის კარიკატურული (ოდნავ მულტიპლიკაციური)  პერსონაჟი დახატა. მსახიობის მიერ გამოყენებული ეს ხერხი ზუსტი გასაღები აღმოჩნდა ხუციშვილისეული ვერსიის მალკოლმის ხასიათის გასახნელად. საერთოდ, სპექტაკლში ყველა პერსონაჟი გამოკვეთილია თავიანთი ისტორიებით, განვლილი გზითა და დღევანდელობით. მსახიობები ნიკოლოზ ჯანგავაძე, აბელ სოსელია, სულხან გოგოლაშვილი, გიორგი ზანგური, რევაზ ქაროსანიძე და სხვები თავიანთი გმირებით რეჟისორული კონცეფციის კარგი გამომხატველები არიან, რომლებიც ქმნიან ისეთ სცენურ გმირებს, რომლებიც კარგად ფუთავენ არა მხოლოდ საკუთარ პერსონაჟებს, არამედ სპექტაკლს, რაც შედეგად, სამსახიობო ანსამბლს ქმნის. 

იოანე ხუციშვილი მდიდარი რეჟისორული ფანტაზიის მქონდე შემოქმედია. სპექტაკლის ყოველი მიზანსცენა ღრმად გააზრებული ფიქრის შედეგია. წარმოდგენა სავსეა სათეატრო ხერხების მრავალფეროვნებით, პოლისტილისტურობითა (არავითარ შემთხვევაში ეკლექტურობა) და მოვლენათა ლოგიკური განვითარების თანამიმდევრობით. მიზანსცენების უმრავლესობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ფერწერული ტილოების გაცოცხლებულ სათეატრო ვერსიებს  ვუყურებთ. საერთოდ, სპექტაკლში მუდმივად იგრძნობა კინოხერხებისადმი განსაკუთრებული სწრაფვა. თითქოს რეჟისორს სათეატრო გამოსახვის ფორმები არ აკმაყოფილებს და კინო ენით (შესაძლებლობებით) ცდილობს გააცოცხლოს და შემდეგ გაათამაშოს მთელი რიგი მოვლენები. რიტმული, დაძაბული, დრამატული მუსიკალური ფონი (მუსიკალური გამფორმებელი გიორგი ჯიქია) კიდევ უფრო ამძაფრებს სცენაზე გათამაშებულ მოვლენებს და მას 3D ფორმატის მსგავს მძაფრსიუჟეტიან, ბოევიკის ჟანრის ფილმთან აახლოებს. ამის მაგალითია, დანკანის მოკვლის სცენა სასახლეში, რომელიც იმდენად ნათლად, დეტალებში და ლოგიკური თანმიმედვრულობით არის ნაჩვენები სპექტაკლში, რომ ამ ატმოსფეროს შექმნა მხოლოდ კინოხელოვნებას შეუძლია. კინოეფექტი იმდენად ძლიერია, რომ უნებლიეთ ჩართული ხარ მოქმედებაში, რომლის მონაწილეც ხდები. კადრების თანმიმდევრობას მაყურებელი დაძაბული ადევნებს თვალს და პარტერიდან გამოსვლის შემდეგაც მეხსიერებაში რჩება.

იოანე ხუციშვილის შემოქმედებაში „თოჯინების სახლისა“ და „საძაღლის“ შემდეგ „მაკბეტი“ წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელშიც მყარად გამოჩნდა რეჟისორის აზროვნების მასშტაბი, საკუთარი ხელწერა და მსოფლმხედველობა. ასევე მისი ევოლუცია თანამედროვე ქართულ რეჟისურაში. ის, როგორც ხელოვანი, სპექტაკლიდან სპექტაკლამდე ვიტარდება, იხვეწება და შესაბამისად მყარ საფუძველს ქმნის კრიტიკოსებისთვის მომავალში მასზე ე.წ. ფსონის დასადებად, მისი სტაბილური ხასიათიდან და შემოქმედებითი ევოლუციურობიდან გამომდინარე. შექსპირის სამყაროში მან ანტიკური დრამატურგიისთვის დამახასიათებელი ბედისწერასთან ბრძოლის მოტივი შემოიტანა. „მაკბეტის“ ხუციშვილისეული ვერსიის პერსონაჟები ბედისწერის მსხვერპლნი არიან, რომელთაც სურთ მასთან ბრძოლა, მაგრამ არაფერი გამოსდით.

ქუთაისის თეატრის „მაკბეტი“ ის იშვიათი სპექტაკლია, რომელიც არღვევს სტერეოტიპულ და სნობურ შეხედულებას რეგიონულ თეატრებში განხორციელებულ დადგმებზე, რომ მხოლოდ თბილისში იქმნება დახვეწილი მხატვრული ფორმისა და ხარისხის სპექტაკლები. იოანე ხუციშვილის „მაკბეტი“ ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც მასშტაბით სცილდება რეგიონის თეატრის საზღვრებს, რაც პირველ ყოვლისა, კლასიკური დრამატურგიის ორიგინალურ ინტერპრეტაციასა და დახვეწილ მხატვრულ ხარისხში გამოვლინდა. სპექტაკლში გამოვლენილი პრობლემა (მსახიობთა მეტყველების ტექნოლოგიის ფლობის უნარი) კი თანამედროვე ქართული თეატრის გადაუჭრელი და დაუძლეველი პრობლემაა.

ლაშა ჩხარტიშვილი
თარიღი: 13/10/2014

http://artarea.tv/inside/1315

© 2024 All Rights Reserved