გამოჩენილმა ამერიკელმა მწერალმა და კრიტიკოსმა, სიუზან ზონტაგმა ერთ-ერთ წერილში, რაინერ ვერნერ ფასბინდერს მეოცე საუკუნის ყველაზე უნიკალური რეჟისორი უწოდა. ვიღაცისთვის ეს ალბათ გადაჭარბებული შეფასება იქნება, ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი გერმანელი რეჟისორის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგაც მისი ტალანტი, უნიკალურობა, მასშტაბი, კომპლექსები თუ ტრაგიკული ბედი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
სწორედ ფასბინდერის კინოსცენარის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლი - „მარია ბრაუნის ქორწინება“ (რომელიც ჩვენი მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობმა რეჟისორმა, ტომას ოსტერმაიერმა ბერლინის სახელოვან „შაუბიუნეში“ დადგა) იქცა წლევანდელი თეატრალური ფესტივალის გამორჩეულ მოვლენად. და არა მარტო იმიტომ, რომ „მარია ბრაუნის ქორწინება“ უმაღლესი დონის რეჟისურით, მსახიობთა შესანიშნავი თამაშით, ბრწყინვალე სცენოგრაფიით და კოსტიუმებით გამოირჩევა...
არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური და სოციალური ქვეტექსტები. მაგალითად, დასაწყისში, რა აღფრთოვანებით წერს წერილს გულუბრყვილო მარია ბრაუნი ჰიტლერს! ომის შემდგომ კი რადიოთი გერმანიის „ეკონომიკური სასწაულის“ შემოქმედის, კანცლერ კონრად ადენაუერის გამოსვლას უსმენს.
სპექტაკლში მთავარი მოვლენები 1940 წლიდან 1954 წლამდე ვითარდება (ანუ ჰიტლერიდან კონრად ადენაუერამდე). მაყურებელი თვალს ადევნებს არაჩვეულებრივი ქალის, მარია ბრაუნის უჩვეულო ტრანსფორმაციას; მასთან ერთად კი მთელი გერმანელი ერის ძალას, გავლენას, კომპლექსებსა თუ ფობიებს „კითხულობს“. რაც ხან გასაგებ ტკივილს, ხანაც მოულოდნელ სასიყვარულო ვნებებს უკავშირდება.
დახვეწილი ფორმისა და ეპიკური განზომილების მქონე რეტრო-სპექტაკლში, მარია ბრაუნის პირადი დრამის ფონზე, ოსტერმაიერი მთელი ომისშემდგომი გერმანიის სოციალურ, პოლიტიკური და ისტორიულ პორტერტს ქმნის! მერე რა, რომ 1954 წლის მსოფლიო ჩემიონატის საფეხბურთო ფინალურ შეხვედრაში გერმანია იმარჯვებს; სამაგიეროდ, მარია ბრაუნი ფეთქდება გაზით... ეს სიკვდილიც ალბათ, ადენაუერის „ეკონომიკური სასწაულის“ უკანასკნელი სასწაულია, რათა ვირწმუნოთ რისიც აღარ გვჯერა...
მადლობა ჰერ ოსტერმაიერს ასეთი მაღალი კალასის რეჟისურისათვის და ცხადია, უდიდესი მადლობა მსახიობთა კვინტეტს - ურსინა ლარდს, თომას ბადინგს, რობერტ ბაიერს, მორის გოტვალდს, სებასტიან შვარცს - ასეთი დონის არტისტული მასტერკლასისათვის!
დავით ბუხრიკიძე