ევროპაში აღიარებული რუმინელი რეჟისორის სილვიუ პურკარეტეს „ქარიშხალი“ ის სპექტაკლია, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესით ელოდა ქართველი მაყურებელი. ამ ინტერესს გარდა იმისა, რომ ცნობილი რეჟისორის მიერ შექსპირის ინტერპრეტაციის ნახვა აძლიერებდა, პურკარეტე შეიყვარა ჩვენმა მაყურებელმა მას შემდეგ, რაც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საშუალებით მისი „გულივერის მოგზაურობა“ ნახა. დიდი აღტაცება მის მიერ დადგმულ „გოდოს მოლოდინს“ არ გამოუწვევია, მაგრამ მაყურებელმა ბეკეტის პიესის ორიგინალური სცენური ვერსია ნახა.
თუკი პურკარეტეს „ქარიშხალს“ ევროპაში და სამშობლოში წარმატება ხვდა წილად, ეს უპირველეს ყოვლისა რეჟისორთან ერთად სპექტაკლის მხატვრისა და კოსტიუმების ავტორის დრაგოშ ბუჰაგიარის დამსახურებაა, რომელმაც მთელი სპექტაკლი ერთ დიდ მხატვრულ ტილოდ წარმოიდგინა, სადაც რეჟისორი მხატვართან ერთად, ფერწერული ტილოს სერიებს გვთავაზობს. პურკარეტეს „ქარიშხალი“ უცნაური სპექტაკლია - არა მხოლოდ რეჟისორული გადაწყვეტით, სცენოგრაფიით, პერსონაჟთა გააზრებით, კოსტიუმებითა და მუსიკალური თანხლებით, არამედ მიზანსცენათა წყობით. ამიტომაც სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელსაც უცნაური განცდა დაუტოვა რუსთაველის თეატრის სცენაზე გადაშლილმა ნახევრად მისტიკურმა და მხატვრულმა სამყარომ, რომელიც დატვირთულია პორტრეტებითა და პეიზაჟებით.
ფარდის გახსნისთანავე მაყურებლის თვალწინ ფერადი სამყარო იშლება, რომელიც მაყურებელს გულგრილს ვერ ტოვებს. მხატვრული სინამდვილე აქ მიღწეულია ფაქტურითა და ფერით, შექმნილია შექსპირისეული ატმოსფერო, რომელიც დროს (სხვათაშორის სივრცესაც) არ აკონკრეტებს. თუმცა პერსონაჟების გარეგნობით ვხვდებით, რომ ეს ერთი კონკრეტული დრო არ არის, ეს კაცობრიობის მიერ განვლილი გზაა, მთელი პროცესია უახლოეს თანამედროვეობამდე.
პურკარეტეს სპექტაკლის ეპიზოდები დატვირთულია ჯადოსნური სცენებით, განსხვავებული, სფეციფიკური მხატვრული განათებით, პერსონაჟთა განსაკუთრებული და ორიგინალური კოსტიუმებით, ოდნავ მეტი სიბნელით, ვიდრე სინათლით...
პურკარეტეს სპექტაკლი მუდმივი ეფექტური მოვლენის მოლოდინის რეჟიმში გამყოფებს სპექტაკლის ბოლომდე და ისე სრულდება წარმოდგენა, რომ რწმუნდები: - მთავარი ეფექტი ამბის ორიგინალურ თხრობაში, პერსონაჟთა აქამდე განსხვავებულ გადაწყვეტასა და კონცეპტუალური სცენოგრაფიის დიმანიკურობაშია. რეჟისორმა შექსპირის ამ პიესის აქამდე უცნობი, ახალი არხები გახსნა, მაგრამ ეს „მიგნებები“ უფრო ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა, ვიდრე მასშტაბურს. ამიტომაც, პურკარეტესგან მასშტაბებს მიჩვეული მაყურებელი, დიდი მოთმინებით ელოდა იმ ეფექტს, რაც დღემე ახსოვს მისივე „გულივერის მოგზაურობის“ შემდეგ.
ლაშა ჩხარტიშვილი