Georgian Showcase, წერილი მეორე
 
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში არა ერთი ახალი წარმოდგენა ვიხილეთ, მათ შორის, რეგიონებიდან.
 
თელავის თეატრი ხშირად მართავს გასტროლებს დედაქალაქში (და არა მხოლოდ, გასულ ზაფხულში თეატრს საგასტროლო ტურნე ჰქონდა საქართველოს რეგიონებში). თეატრის ხელმძღვანელობა ცდილობს ყოველი ახალი ნამუშევარი ფართო საზოგადოებას გააცნოს. თეალავის თეატრის წინაშე ბევრი პრობლემა დგას, ამ პრობლემების მცირე ნაწილი ნინი ჩაკვეტაძის რეი კუნის კომედიის „იოლი ფული“ წარმოდგენისას ნათლად გამოვლინდა. მართლია, სპექტაკლში მონაწილე მსახიობები მთლიანობაში არ წარმოადგენს თელავის თეატრს, მაგრამ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თეატრი სწორედ ბოლო ნამუშევრით წარსდგა მათ წინაშეც, ვისაც თითქმის არაფერი სმენია თელავის თეატრის შესახებ და მხოლოდ ამ სპექტაკლით ექმნება წარმოდგენა დასზე. ვერ ვიტყვი, რომ უძველესი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრი საუკეთესოდ წარსდგა უცხოელი და ქართველი მაყურებლის წინაშე, მაგრამ სხვა რეგიონული თეატრებისგან განსხვავებით თელავის თეატრი ყოველთვის მონაწილეობს „Georgian Showcase“-ში, თუნდაც იმიტომ, რომ დაფიქსირდეს, დასმა შეიცვალოს სათამაშო სივრცე, შეხვდეს განსხვავებუ მაყურებელს და შეფასონ, შეფასებისას კი (საუკეთესო შემთხვევაში) გამოთქმული მოსაზრებები გაიაზრონ, რომელიც მხოლოდ მათი პროფესიული ზრდის მოტივაციით არის განპირობებული.  
 
სამწუხაროდ, სპექტაკლმა „იოლი ფული“ დაბალი მხატვრული დონე და სამსახიობო ოსტატობა აჩვენა. სპექტაკლში გამოვლინდა სამსახიობო ანსამბლურობის, მსახიობის ოსტატობისა და პროფესიონალიზმის დეფიციტი. ვფიქრობ, ამ ეტაპზე თეატრს შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის არ უნდა ეცალოს და სარეპერტუარო პოლიტიკა მხოლოდ კლასიკურ დრამატურგიაზე და მაღალი კლასისი რეჟისორებზე უნდა იყოს ორიენტირებული, რათა დაიხვეწოს, ამაღლდეს და განვითარდეს დასის შემოქმედებითი დონე. სპექტაკლში მხოლოდ შვიდი მსახიობი მონაწილეობდა და მათგან მხოლოდ ორზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ პროფესიულად, ვინაიდან მსახიობების შესრულება სამწუხაროდ, მოყვარულთა თეატრის დასისი დონე გამოავლინა და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს პროფესიულ დონეს. კლასიკურ დრამატურგიაზე და მაღალი კლასის რეჟისორებზე ორიენტირება კი პირველ რიგში ფინანსებთან არის დაკავირებული, რომლის სახსრებიც თელავის თეატრს (ისე როგორც სხვა რეგიონულ თეატრებს) არ გააჩნია. ძნელია თეატრს მოსთხოვო მაღალი შემოქმედებითი დონე, როცა ელემენტარული პრობლემების გადაჭრაც კი პრობლემებთან არის დაკავშირებული. მსახიობეთა შესრულებაში დიდი დოზით ვხვდებოდით ილუსტრატიულობას, პრიმიტიულ გამომსახველობით ხერხებსა და საშუალებებს, არტისტული ოსტატობისა და გამოცდილების არ ფლობას. ყველა პრობლემაც სწორედ კომედიაში, შესასრულებლად ურთულეს ჟანრში, იჩინა თავი. ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლი არ გამოირჩევა ცნობილი პიესის განსაკუთრებული და ორიგინალური გადაწყვეტით. სამწუხაროდ, კომიკური ეპიზოდები ხელოვნურად გათამაშებისა და შესრულების გამო იმ ეფექტს ვერ ახდენს, რასაც ბულვარული ტიპის კომედიის წარმოდგენისას. ვფიქრობ, თელავის თეატრს (კახეთის რეგიონში ერთადერთ პროფესიულ დრამატულ თეატრს და საქართველოში ყველაზე დიდი ისტორიის მქონდე დასს) სახელმწიფოსგან სერიოზული მხარდაჭერის გარდა, საზოგადოების თანადგომაც სჭირდება, რაც გულისხმობს თუნდაც უფასო ტრეინიგ კურსებისა და მასტერ კლასების ჩატარებას მსახიობებისათვის. 
 
რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე კი საქართველოს ეროვნული ბალეტის „სუხიშვილების“ ახალი პროექტი „რამიშვილები“, რომელსაც ავტორები მოდერნ ბალეტს უწოდებენ, სპეციალურად თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაში წარმოადგინეს. ორმოცდაათამდე უცხოელი კრიტიკოსისა და საერთაშორისო ფესტივალების წარმომაოდგენლების გარდა, „რამიშვილების“ წარმოდგენის დანიშვნით ქართველმა მაყურებელმაც იხეირა, რადგან კიდევ ერთხელ, მიეცა შანსი დაინტერესებულ და გულდაწყვეტილ მაყურებელს „სუხიშვილების“ ახალი ექსპერიმენტის ხილვის .
 
„რამიშვილები“ უდავოდ განსხვავებული და ორიგინალური წარმოდგენაა ქართული ნაციონალური ბალეტის რეპერტუარში, რომელიც კიდევ უფრო აფართოვებს ამ დასის შესაძლებლობებს და არელას არავერბალურ სამყაროში. წარმოდგენა რამდენიმე საცეკვაო ნომრისგან შედგება, თუმცა მათ შორის სიუჟეტური ლოგიკური განვითარების ხაზი არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით სამ წითელ კოსტიუმში თავგადაპარსულ მოცეკვავე ქალს, რომელთა მოტივები მთელ წარმოდგენას, როგორც რეფრენი ბოლომდე გასდევს. 
 
„რამიშვილები“ ის წარმოდგენაა, სადაც ავტორებმა ილიკო და ნინო სუხიშვილებმა კარგად აითვისეს მსოფლიო თანამედროვე ცეკვის, მოძრაობის და ფიზიკური თეატრის მხატვრული მიღწევები და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნეს თანამედროვე ცეკვისა და ქართული ტრადიციული ხალხური ცეკვის მდიდარი გამოცდილების სინთეზი. უყურებ ევროპულ მოდერნ ბალეტს, მაგრამ ზუსტად ხვდები ქართულ სულს და ტემპერამენტს, ქორეოგრაფები უხვად იყენებენ ქართული ხალხური ცეკვის მრავალ პასაჟს, ისე რომ არც ქართული ცეკვის ინდივიდუალურობა იკარგება და არც ევროპული გამოცდილება არავერბალურ სამყაროში, რომელსაც მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, როგორც სწრაფად განვითარებად მიმდინარეობას საშემსრულებლო ხელოვნებაში.
 
ორიგინალური კოსტიუმები (გაჩნდა ახალი ფერები და კოსტიუმები უფრო მოდერნიზებული გახდა), ცოცხალი მუსიკა (ბენდი ქართული საკრავების თანხლებით), მხატვრული განათება და მაღალი დონის შემსრულებლები ის ფაქტორებია, რომელიც „რამიშვილების“ წარმატებას განაპირობებს. 
„რამიშვილები“ მისტიკასთან ნაზიარები მოცეკვავეების წარმოდგენაა, რომელიც სცენაზე, სხვა სამყაროში იქმნება, მასთან სიშორე, კიდევ უფრო გიზიდავს და გიპყრობს. სამი წითელ კოსტუმში ორიგინალურად გამოწყობილი მოცეკვავეები კი გრძნეულ პერსონაჟებს გვანან, რომლებიც გრიგოლ რობაქიძის გმირ ქალებს მოგაგონებთ თავისი სიღრმით, შეუვალობით, დაუმორჩილებლობით და მიმზიდველობით. 
 
ილიკო და ნინო სუხიშვილების ავტორობით მაყურებლის სამსჯავროზე გამოტანილი ბოლო ნამუშევარი სქეობრივ ბალანსაც მიზანმიმართულად იცავს. თუ კლასიკურ ბალეტში წამყვანი ძალა ქალი იყო, ხოლო ჭაბუიანმა ეს ტრადიცია მამაკაცს „გადააბარა“ , „რამიშვილებში“ კი გენდერული ბალანსი ზედმიწევნით დაცულია, თუმცა როგორც რეალურ ყოფასა და ცხოვრებაში, ქალი მაინც რჩება მამოძრავებელ, იმპულსურ პოზიტიურ ძალად. ამ წარმოდგენაშიც იდეურად ქალი მაინც სასიცოცხლოდ მამოძრავებელი ძალაა. 
 
„რამიშვილები“ ერთი შეხედვით თითქოს გაურბის ფოლკლორულ და ვიწრო ეროვნულ მოტივებს, მაგრამ დიდი გამოცდილების მოდერნულობის მიუხედავად, ის მაინც არ მიდის შორს ქართულ, ეროვნული მოტივებისგან და საბოლოოდ მაინც ამ მადლიანი ქვეყნის შემოქმედებად რჩება. „რამიშვილები“ თითქოს გვახსენებს ჩვენს ერთდროულად ევროპულ და აზიურ საწყისებს, რომ ჩვენ, როგორც კულტურული მოვლენა, დიდი გამტარის ფუნქციის მატარებელია, რომელიც ამ ფუნქციის შედეგად სხვათა გამოცდილების პარალელურად საკუთარ, ორიგინალურ და გამორჩეულ პროდუქტს (შემოქმედებას) ქმნის. „რამიშვილები“ ამ პროცესის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 
 
წლევანდელ Georgian Showcase-ს პრემიერით შეხვდა ცხინვალის თეატრიც, რომელმაც მაყურებელს მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული სპექტაკლი „ჯაყო“ შემოგვთავაზა. გოჩა კაპანაძე ყოველთვის გამოირჩეოდა კლასიკისადმი განსხვავებული მიდგომით, ის ყოველთვის ერევა ტექსტში და მოცემულ  სიუჟეტზე დაყრდნობით ქმნის ამ ნაწარმოების ახალ, ხშირად განსხვავებული პოზიციით, ახალ თეატრალურ ვერსიას, რედაქციას. გახსოვთ ალბათ, მის სპექტაკლში მედეა არ კლავდა შვილებს, გენერალი კი კანკანს ცეკვავდა მისსავე სპექტაკლში „გუშინდელნი???“. ამჟერადაც, რეჟისორმა ჩვეულ პრინციპს, რაც ლიტერატურული პირველწყაროსადმი განსხვავებულ ინტერპრეტაციაში ვლინდება, არ უღალატა და მორიგი სპექტაკლი „ჯაყო“ შემოგვთავაზა, რომელშიც პირვლეწყაროსგან განსხვავებით, მარგო ფინალში ჯაყოს ყელში დანას გამოუსვამს.  სპექტაკლის დასახელება უკვე თავისთავად გულისხმობს „ჯაყოს ხიზნების“ ახალ სცენურ რედაქციას. შესაბამისად, უსაფუძვლო იქნება ბრალდება რეჟისორისადმი, რამდენად ავნო მან მიხეილ ჯავახიშვილს. ამ მოსაზრების საფუძველი უკვე აღარ არსებობს, რადგან სპექტაკლის ავტორი თავიდანვე გვამცნობს, რომ გვთავაზობს განსხვავებულ ამბავს მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მოტივებზე. ცნობილი ისტორიის კაპანაძისეული რედაქციის ფინალი ბევრ პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილ მაყურებელს აღუძრავს გულის მოსაფხან ვნებებს, განსაკუთრებით უფროსს თაობას, რომელიც უფრო მეოცნებეა და არსებულ ვითარებას ან ვერ გრძნობს, ან არ უნდა თვალი გაუსწოროს ახლანდელ რეალობას. კაპანაძის მიერ შემოთავაზებული რედაქცია უფრო ოცნების ჭრილში განსახილველი იდეალური ვერსიაა ჯაყოებთან საბრძოლველად, მაგრამ ის ისევე შორსაა რეალობისგან, როგორც ცა და დედამიწა. კაპანაძე სპექტაკლის ფინალში იმ ლოგიკურ  „რეალობას“ გვთავაზობს, რომელიც საბოლოოდ მაინც ვერ გადაჭრიდა  პრობლემას, რადგან ჯაყოს სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრე ჩნდება, რომელიც სარეცელიდან თავს ამოყოფს და ცნობილ ფრაზას „ეგრე იცის ჯაყომა“ წარმოსთქვამს. შესაბამისად, ჯაყოს სიკვდილით (რომელიც მარგომ განახორციელა) არაფერი იცვლება, რადგან ჯაყოიზმი მარადიული და დაუძლეველი პრობლემაა. 
 
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც გოჩა კაპანაძემ და ცხინვალის თეატრის დასმა შემოგვთავაზა, ორი მარგოა (თინათინ კობალაძე და ლელა მახნიაშვილი) ახალგაზრდობასა და სიჭარმაგეში, ისინი ერთდროულად ერთმანეთის ალტერ ეგოებიც არიან და მთხორბელებიც, რომლებიც ავტორის ტექსტს აცოცხლებენ მოვლენების მიხედვით. ასევე, სპექტაკლის ავტორების მოსაზრებით, ახლა აქტუალური ჯაყოს ხიზნობა კი არ არის, არამედ თავად ჯაყო, როგორც ნეგატიური ფენომენი, რომელიც ალეგორიებით იმ გარე და შინაურ მტერს ხატავს, რომელიც არღვევს წონასწორობას და ბალანს ბუნებაში. რეჟისორმა მსახიობ რამაზ ხომასურიძესთან ერთად ჯაყოს ზოგადი, გლობალური და მასშტაბური პორტრეტი შექმნა. 
 
რაც შეეხება უშუალოდ სპექტაკლის ტექნიკურ გადაწყვეტას, ცხინვაის თეატრის საპრემიერო წარმოდგენა ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ ადაპტირებულ ვერსიას წარმოადგენს. ადაპტირებულია ტექსტი, მხატვრობა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული პარტიტურა. სცენოგრაფიული თვალსაზრისით ის ორიგინალურად არის გადაწყვეტილი (მხატვარი-კონსულტანტი ლომგულ მურუსიძე, კოსტიუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი) და კარგად ფუთავს არა მხოლოდ სივრცეს, არამედ მსახიობებს. მოდერნიზებული გარემო და კოსტიუმები, რომელიც ტრადიციულის განვითარებულ ვერსიას წარმოადგენს, არ კარგავს ძველ ხაზს და პრობლემის მარადიულობაზე მიუთითებს. ქორეოგრაფიული ჩანართები სპექტაკლში ოსტატურად არის შესრულებული მსახიობთა მიერ, მაგრამ მათ ცალკეული ცეკვის ფუნქცია უფრო აქვთ ერთიან სპექტაკლში, ვიდრე ის სპექტაკლის საერთო გადაწყვეტის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. ქორეოგრაფიული ნომრების (ძირითადად ოსური ცალხური ცეკვის მოტივებზე) მუსიკალური თანხლება კი იმდენად ხმამაღლა ჟღერდა რომ მან არა მხოლოდ მაყურებელი დააფრთხო და გააყრუა, არამედ ავი სულებიც, რომლებიც რუსთაველის თეატრში ბუდობენ. კომპოზიტორ სანდრო თედიაშვილის მუსიკა კი ფოლკლორული თემების ახლებურ და ადაპტირებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელსაც დაბალი ჟღერადობის შემთხვევაში, ალბათ, უფრო უკეთ აღიქვამდა მაყურებელი. 
 
გოჩა კაპანაძის ახალი სპექტაკლში გამოჩნდა ცხინვალის ქართული თეატრის ახალი თაობა, რომელიც პერსპექტივაში იმედის მომცემია. ახალგაზრდა მსახიობები სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ, რაც მათთვის რთული ამოცანა გახლავთ. მსახიობები რამაზ ხომასურიძე, რეზი გიორგობიანი, თინათინ კობალაძე შეძლებისდაგვარად ცდილობენ ამ პრობლემების გადაჭრას, თუმცა მათ ოსტატობა და გამოცდილება ხელს არ უწყობთ, რადგან ხშირ შემთხვევაში არ ისმის ტექსტი (მეტყველებისა და ტექსტის წარმოთქმის პრობლემა სპექტაკლში ნამდვილად შესამჩნევია). რამაზ ხომასურიძის ჯაყოს შარმი და მომხიბვლელობა ნამდვილად აქვს, ის სულაც არ გახლავთ ვიზუალურად ისეთი, როგორსაც სხვა დადგმებში ვხდებოდით, მას პრობლემები სულში აქვს, რომელიც ჯერ დამალულია, ხოლო შემდეგ აშკარა და ხილული, სწორედ მისი თავაზიანობა წარმოდგენის დასაწყისში და ძალაუფლება ხიბლავს მარგოს და რა გასამტყუნია, რომ ის უარს ამბობს უსუსურ თეიმურასზე, რომელსაც არც უნარი აქვს კრიზისიდან თავის დაღწევის და არც ნება. ახალგაზრდა მსახიობი საინტერესოდ ახერხებს ჯაყოს ხასიათის ეტაპობრივ გამოვლენასა და გასაჯაროებას, რომელიც დასაწყისში მაცდური და მიმზიდველია, ხოლო ფინალში ის მონსტრად გადაიქცევა. რთული შინაგანი გარდატეხის პროცესი ხდება მარგო(ებ)შიც, მათ შორის განსხვავება არა მხოლოდ ასაკში, არამედ გამომეტყველებასა და გამოცდილებაშია. სქემატური მხატვრული სახეა სპექტაკლში რეზი გიორგობიანმა (თეიმურაზი), რომელიც არ იცვლება, მსახიობი ერთ ტონში, ერთნაირი გამომსახველობითი საშუალებებით წარმოგვიდგენს თეიმურაზის-როგორც ინტელექტუალური საზოგადოების განზოგადებულ მხატვრულ პორტრეტს. საინტერესო მხატვრულ სახეებს და ტიპაჟებს ქმნიან სპექტაკლში მამუკა პავლიაშვილი (ნინაკა), ნელი სალარიძე (დიდედა თამარი) და ვაჟა ციცილოშვილი (ივანე). 
 
ცხინვალელთა „ჯაყო“ საკამთო სპექტაკლია, რომელიც ტრადიციულ ჩარჩოებს და სტერეოტიპებს არღვევს, გოჩა კაპანაძემ საპოლემიკოდ წამოსწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც „ითხოვს“ დისკუსიას. მგონი, სადისკუსიოდ ქართული სათეატრო კრიტიკაც მზად არის და თეატრიც.  
 
ცხინვალის თეატრის „ჯაყო“ ის სპექტაკლია, რომელიც სწორედ ამ თეატრის რეპერტუარში უნდა ყოფილიყო. ცხინვალის თეატრს დღემდე არ აქვს სტაციონალი, სადაც ის ხშირად წარმოადგენს სპექტაკლებს. ამიტომაც დასი ბევრს მოგზაურობს, განსაკუთრებით კონფლიქტის რეგიონში, ამიტომაც ამ სპექტაკლს მაყურებელზე (სეგმენტს, რომელსაც ცხინვალის თეატრი არსებულ გაუსაძლისს პირობებში პირნათლად ემსახურება) იმედია გავლენას მოახდენს და ბრძოლის ჟინს გაუღვიძებს. იმედია ჩვენი ხელისუფლება თეიმურაზივით არ მოიქცევა და მარგო-საქართველოს ჯაყოიზმს ხელში არ ჩაუგდებს გასანადგურებლად თუ არა, შესაჩერებლად მაინც. 
 
ლაშა ჩხარტიშვილი
© 2024 All Rights Reserved