„რეზო გაბრიაძის თეატრი“, —ასე ჰქვია თეატრმცოდნე მარინა დმიტრევსკაიას წიგნს, რომელიც რუსულ ენაზე 10 წლის წინ, 2005 წელს, სანკტ-პეტერბურგში გამოსცეს. ამ წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სტუმრად ჩამოსულ ქალბატონ მარინას, ბატონმა რეზომ მიმართა: „ჩვენ დროში ძნელია სადმე წასვლა და თქვენ ეს მსხვერპლი გაიღეთ, ჩამოხვედით, ვინაიდან არსებობს სამყარო, რომელიც ახალგაზრდობამ არ იცის.“
ეს სამყარო მართლაც უცნობი სახით მოევლინება ქართველ მკითხველს, ვინაიდან ერთია, როცა უყურებ რეზო გაბრიაძის სპექტაკლებს ან უყურებ მის კინოსცენარებზე შექმნილ ფილმებს და სულ სხვა შეგრძნებაა, როცა წიგნთან განმარტოებული ჩაიძირები მის ნააზრევში, მის წარმოსახვებში, წაიკითხავ მარინა დმიტრევსკაის ზუსტ შეფასებებს, რომელიც ხატოვანიც არის, სახიერიც, მარტივი ენით დაწერილიც და ამავე დროს მსუბუქიც, ანუ სწორედ ისეთი, როგორიც რეზო გაბრიაძის მრავალმხრივი შემოქმედებაა.
პრეზენტაციის დაწყებამდე, ცოტას ჭირვეულობდა ბატონი რეზო, ჯერ ბრძანა ამდენ კიბეს ვერ ჩავივლიო, „მოდით, ყველა წავიდეთ, სადმე ბარში დავსხდეთ და იქ აღვნიშნოთ ეს პრეზენტაცია“. ჩუმი იუმორითაც ვერ შეეწინაღმდეგა რედაქტორი და კინომცოდნე ზურაბ აბაშიძე, ვერც მარინა დმიტრევსკაია. ღმერთისგან ნიჭით განებივრებულს, ცხოვრებისაგან აპლოდისმენტებით აღზევებულ შემოქმედს ჰქონდა ჭირვეულობის მიზეზი: როგორ შეხვდებოდა ხალხი მასზე დაწერილ წიგნს, სადაც ერთი თავდადებული, თავისი საქმით გატაცებული თეატრმცოდნის მრავალი წლის მანძილზე, დაუღალავი შრომით შექმნილი განსჯანი და ფიქრნი თეთრ ფურცლებში აცეკვებულ ქართულ ანბანს უნდა აემეტყველებინა.
პრეზენტაციაზე აღელვებული ქალბატონი მარინა დიდხანს საუბრობდა რეზო გაბრიაძეზე, მათ შეხვედრებზე, ჩანაწერებზე, რჩეულ თარიღებზე, ამიტომაც იყო ბატონი რეზოს მადლიერება უსაზღვრო, ნატიფი და პოეტური, რომელმაც გააერთიანა მარჯანიშვილის ახალი სცენის პატარა დარბაზი და შექმნა ისეთივე რომანტიკული და მსუბუქი იუმორით შებურული ატმოსფერო, როგორც შეეფერებოდა დიდ მაესტროს მიერ შექმნილ, საამაყო „რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრს“.
„ქართული ვერსია რუსული გამოცემის ასლია“,- გვითხრა რედაქტორმა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ — „ოღონდ ქართულ წიგნში დამატებულია ბატონი რეზოს ექსპრომტად შექმნილი მოთხრობები. ჩვენი და ბატონი რეზოს სურვილის თანახმად, ეს ნაწილი ორ ენაზე დავბეჭდეთ“.
„გაბრიაძე ყოველთვის ემიგრანტი იყო. ის ემიგრაციაში ჟურნალისტიკიდან კინოში წავიდა, კინოდან-ლიტერატურაში, იქიდან-თეატრში.“- წერს მარინა დმიტრევსკაია — მოსკოვიდან თბილისში, თბილისიდან ლენინგრადში; ცხოვრებიდან — თხრობაში, სინამდვილიდან — სიზმარში. მას მართავდა არა მხოლოდ თავისუფლების იდეა, რომელიც სამოციანელებმა გააფეტიშეს, არამედ უნიკალური, თითქმის „რენესანსული“, მრავალპლანიანი ნიჭიერებაც.“
წიგნის ავტორი, ქალბატონი მარინა, არის რუსეთის უმსხვილესი ჟურნალის —„პეტერბურგსკი ტეატრალნი ჟურნალის“ დამფუძნებელი. ამ ჟურნალში, 4 წლის მანძილზე (1992-1996 წ. წ) იბეჭდებოდა წიგნში თავმოყრილი მასალა, რუბრიკით — „რეზო გაბრიაძის თეატრი“.
„მარინა დმიტრევსკაია, რუსეთის — ამ უდიდესი თეატრალური ქვეყნის, ერთ-ერთი საუკეთესო კრიტიკოსია- ბრძანა საღამოზე ბატონმა რეზომ, — იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ წიგნი. დამსწრე საზოგადოებას ვუსურვებ ყოველივე კარგს და ერთს გეტყვით —ნუ დაკარგავთ თეატრალურობას. აქ ბრძანეს ჩემზე, მწერალიო… არც მიფიქრია მწერლობაზე, არც ვარ და არც ვიქნები არასოდეს. ეს ჩემი საქმე არ არის. მხატვარი ვარ და ვხატავ.“
წიგნის ავტორმა, მარინა დმიტრევსკაიამ გვიამბო ამბავი, რომელიც ქართველი მკითხველისთვის განკუთვნილ წინასიტყვაობაშიც მოჰყავს: „ამას წინათ, ჩემმა მეგობარმა კაფეში, ორი ახალგაზრდა ოფიციანტი ქალის დიალოგს მოჰკრა ყური: ერთს უთქვამს: „მოსკოვში, „თბილისის მარიონეტების გასტროლებზე მივდივარ!“ – „რეზოს თაყვანისმცემელი ხართ?“ მივარდა მას ჩემი მეგობარი. „არა, მისი სპექტაკლები არ მინახავს, მაგრამ ზეპირად ვიცი: სულ თან დავატარებ წიგნს, რომელსაც არ ვიშორებ“, — მიუგო ქალიშვილმა და ზურგჩანთიდან, ჩემი, საკმაოდ შელახული წიგნი ამოიღო…“
ქართველ მკითხველს კი, „რეზო გაბრიაძის თეატრში“ ბედნიერ და ხანგრძლივ მოგზაურობას ვუსურვებთ.
მანანა ტურიაშვილი
Sputnik საქართველო