იმისათვის, რომ ჩარნატაკამის, ანუ ინდური სამეფო-სანახაობრივი ცეკვების სახეობა, კონკრეტულად ”კათაკი” ნახოთ და მისი სული შეიგრძნოთ, სულაც არ დაგჭირდებათ შორეული და ეგზოტიკური მოგზაურობა ინდოეთში. ამისათვის საკმარისია თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლს - WITHIN (”შიგნიდან”) - სწორედ ”შიდა მზერით” მისწვდეთ, ხოლო სიბნელესა და სინათლეს შორის ზღვარი თავად დაადგინოთ, გაავლოთ, ან სულაც წაშალოთ.
ფესტივალი 24 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრში სახელოვანი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, ადიტი მანგალდასის საცეკვაო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ორნაწილიანი (პირველის სახელწოდებაა ”გაკვანძული” და მეორესი -”გახსნილი”) ოპუსით გაიხნა. ეს წარმოდგენა ნამდვილად გააბათილებს მაყურებლის ტრადიციულ და შეზღუდულ წარმოდგენას სხეულების შესაძლებლობისა და ზოგადად, ქორეოგრაფიის შესახებ. 
თუ თანამედროვე ევროპული და ამერიკული ქორეოგრაფია მკვეთრად გამოხატული სოციალურ-პოლიტიკური კონცეფციებით საზრდოობს, ადიტი მანგალდასი შთაგონებას ”შიგნით”, სიღმეში ეძებს - უკვდავ ვედებში, სიდჰას სკულპტურის მარადიულობაში, დროის, სხეულის და ”ტაბლას” თანხლებით შესრულებული ცოცხალი მუსიკის ჯადოსნურ ერთიანობაში. 
”გაკვანძული” მყარი და ბნელი სამყაროა, მატერიალიზებული ნიშნებით, ვნებით, ელექტრომუსიკითა და მუქი ფერის კოსტიუმებით; ”გახსნილი” - სივრცე და სინათლეა, ოქროსფერი კოსტიუმებით (სხვათა შორის, კოსტიუმების ავტორია თავად ადიტი მანგალდასი), გამართული მუხლებით, უზადო ხელის მტევნებით, თითქოს ეთერზეთებში განბანილი სხეულებით... და ეს სხეულები განფენილია ცარიელ სივრცეში, რომლებსაც ზემოდან პიუპიტრების მკვეთრი სინათლე შემოსაზვრავს. 
დროდადრო მაგიური პაუზების დრო დგება, რომლის სიჩუმე უფრო მკვეთრია და ხმამაღალი, ვიდრე ცნობილი იშ შეჰრავატის მუსიკა, რომელიც წარმოდგენაშია გამოყენებული. ”შიგნიდან” არ არის შეხდულებების ჭიდილი, მოდური ამბოხი, ან რაიმესადმი პროტესტი. ეს არის სპეციფიკური, ზოგისთვის მხოლოდ ეგზოტიკური, მაგრამ ნატიფი ქორეოგრაფიის უსაზღვრო შესაძლებლობა.

დავთ ბუხრიკიძე

ფოტო ბექა ჯავახიშვილის

 

© 2024 All Rights Reserved