გასხნის საღამო "ბუდა ბარის" ვერანდაზე შედგება, რომელშიც თბილისის მერიის ბიგ-ბენდი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის დასი მიიღებენ მონაწილეობას. საღამოს წამყვანი მსახიობი დუტა სხირტლაძე იქნება.

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი წარმოდგენები 19 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დაგეგმილი 48 სპექტაკლის მასპინძელი მარჯანიშვილის, რუსთაველის, თავისუფალი, გრიბოედოვის, ახმეტელის, ილიაუნის, პანტომიმის, მოზარდმაყურებელთა, მოძრაობის, კინოსა და დრამის სახელმწიფო თეატრები იქნება.

თბილისის თეატრალურ ფესტივალში სამ- ქართული, საერთაშორისო და საერთაშორისო (New)- პროგრამაში ქართული, კანადური, რუმინული, პოლონური, ბრიტანული, სომხური, დანიური, ისრაელის, რუსული, იტალური დასები მონაწილეობენ.

კანადური თეატრი "EX MACHINA" 20 სექტემბერს განრიგის მიხედვით პირველ წარმოდგენას "მთვარის შორი მხარე" დადგამს. თეატრი 1994 წელს რობერტ ლეპაჟმა დაარსა. თეატრის მულტიდისციპლინარული დასი მსახიობებს, მწერლებს, დამდგმელ რეჟისორებს, ტექნიკურ პერსონალს, ოპერის მომღერლებს, თოჯინების თეატრის მსახიობებს, კომპიუტერული გრაფიკის დიზაინერებს, ვიდეო-არტისტებსა და მუსიკოსებს აერთიანებს.

შემოქმედებითი ჯგუფი მიიჩნევს, რომ საშემსრულებლო ხელოვნება - ცეკვა, მუსიკა, სიმღერა აუცილებლად უნდა შეერწყას კინემატოგრაფიას, ვიდეოხელოვნებას, მულტიმედიას. მათი რწმენით - უნდა გაიმართოს შეხვედრები დრამატურგებსა და მეცნიერებს, სცენოგრაფებსა და არქიტექტორებს, კვებეკის მსახიობებსა დანარჩენი სამყაროს მსახიობებს შორის.

მათი მიზანი ამ ურთიერთობების შემდეგ ხელოვნების ახალი ფორმების ჩამოყალიბებაა. მისი მიზანია გახდეს ერთგვარი ლაბორატორია, თეატრის ახალი ფორმების ინკუბატორი, რომლითაც თანამედროვე მაყურებელს ახალ ენაზე დაელაპარაკება.

თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით "Derdiedans" რუმინეთის "გერმანული სახელმწიფო თეატრი ტიმისოარა" წარდგება. შოუში თხრობის სტილი არ არის გამოყენებული. ჟესტები გადმოსცემს სხეულის მოძრაობებს. არ არსებობს ფსიქოლოგიური ტრაექტორია, შეთანხმებული, რთული სინტაქსით გადმოცემული წინადადებები, აზრთა თანასწორობა.

1953 წლის 1 იანვარს დაარსებული „გერმანული სახელმწიფო თეატრი ტიმისოარა“ რუმინელი გერმანელების კულტურული ენის შენარჩუნებისა და კულტურული იდენტობის მხარდამჭერ მნიშვნელოვან დაწესებულებად ჩამოყალიბდა.

თეატრის მაყურებელი ძირითადად ახალგაზრდა რუმინელები არიან, რომლებიც დაინტერესებული არიან გერმანული ენით და იზრდებიან რუმინეთის გერმანულენოვან რამდენიმე ქალაქში. ამავდროულად, თეატრს აქვს სინქრონული თარგმანი და ასევე სუბტიტრებული წარმოდგენები არაგერმანულენოვანი მაყურებლისთვის.

კიდევ ერთი რუმინული თეატრი "რადუ სტანსა" სამ წარმოდგენას -"გოდოს მოლოდინში"და "გულივერის მოგზაურობა" დადგამს. ეროვნული თეატრ ”რადუ სტანსას” საწყისად 1788 წელი მიიჩნევა, როცა ქალაქის გალავნის საგუშაგო კოშკი თეატრალურ წარმოდგენათა ადგილად იქცა. ამჟამად ამ სცენას რუმინული და გერმანული თეატრები ინაწილებენ.
 
”რადუ სტანსა” დღეს მსოფლიო თეატრალური ცენტრია, სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარი მასპინძელი და მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელვანი და პრესტიჟული ფესტივალების საპატიო მონაწილე.

ფინური თეატრი "Kallo Colective" სპექტაკლს "ჩვენი კიდურების ნაწილები" წარმოადგენს. შოუ არის აბსურდის და ექსცენტრული ჯამბაზობის ნაზავი. სამი ენამახვილი მასხარა უნებლიეთ აღმოჩნდა მათივე დადგმულ წარმოდგენაში და ეს მათი ენამახვილი ხუმრობებიდანაც ჩანს.

თეატრი" ოპოლე" პოლონეთიდან უილიამ შექსპირის "მაკბეტს" დადგამს. ხოლო თეოდორ დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვების" მიხედვით თეატრალურ წარმოდგენას შესთავაზებს მაყურებელს.

"Gecko" ფიზიკური ცეკვის თეატრალური დასია. იგი 2001 წელს დაარსდა დიდ ბრიტანეთში. 2001 წლიდან დღემდე გაერთიანებამ შექმნა 6 წარმოდგენა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად სამშობლოსა და არაერთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ევროპასა თუ აზიაში.

"Gecko" თბილისის თეატრალურ ფესტივალზე ამიტ ლაჰავის "დაკარგულს" დადგამს.

"კომპანია 1927"-ის დასი რეჟისორ სუზან ანდრადეს წამროდგენას "ბავშვები მოედნენ ქუჩას" დადგამს. დასის თეატრალური წარმოდგენა ცოცხალ მუსიკას, ანიმაციას აერთიანებს და ქმნის ერთგვარ ჯადოსნურ კინემატოგრაფიულ თეატრს.

"პლატეროს მოგზაურობა ვირთან ერთად"- ბრიტანელი რეჟისორის მაიკ მარანისა და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივ პროდუქციას- მაყურებელი ოქტომბერში იხილავს. პიესა ხუან რამონ ხიმენესის ნაწარმოების "პლატერო ი იოს" მიხედვითაა.

ეს არის მუსიკალური მოგზაურობა ვირით პატარა ესპანურ ქალაქში. მეოცე საუკუნის დასაწყისში ესპანეთის ყველაზე საყვარელი მწერალი, ნობელის პრემიის მფლობელი, ხუან რამონ ხიმენესი ცხოვრობდა მოგუერში, სევილიის მახლობლად, თეთრად შეფერილ პატარა ქალაქში, რომელიც ზვრებსა და ბროწეულის მდელოებს გადაჰყურებს. მოთხრობების კრებულში მწერალი გვიხატავს მისი მშობლიური მხარის ულამაზეს სურათს.

მაიკ მარანმა  ლევან წულაძესთან  და მარიონეტების ოსტატ ნინო ნამიჭეიშვილთან ერთად შექმნა ამ მოთხრობების ინტერპრეტაცია, რომელსაც თან ახლავს კრეიგ ოგდენის მიერ სპეციალურად ამ შოუსთვის შექმნილი გიტარის ჰანგები.

თეატრალურ ფესტივალში ილიაუნის, თელავის სახელმწიფო, ზუგდიდის, მუსიკისა და დრამის, გორის, ახალციხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თითების, მოზარდმაყურებელთა, ოზურგეთის, ჭიათურის, სოხუმის, რუსთაველის, ახმეტელის, ცხინვალის, ფოთის, მოძრაობის, თავისუფალი თეატრები მონაწილეობენ.

თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2008 წელს დაარსდა. მისი მიზანი, ორგანიზატორების თქმით, არის კულტურული თანამშრომლობისა და საერთაშორისო სივრცეში მეტი ინტეგრაციის ხელშეწყობა. ბილეთის ფასი 10-დან 55 ლარამდე მერყეობს. 
 

მიხეილ მეფარიშვილი

http://www.netgazeti.ge/GE/105/culture/23605/

© 2024 All Rights Reserved