თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი, დღიდან დაარსებისა, ცდილობს პროგრამები, ეს იქნება საერთაშორისო, NEW, თუ Georgian Showcase ისე შეადგინოს, რომ წარმოდგენილი სპექტაკლების სპექტრი მრავალფეროვანი იყოს. მათი მიზანია მაყურებელს შეძლებისდაგავარად შესთავაზოს მსოფლიოში დღეს არსებული თეატრალური მიმდინარეობები, ფორმები, ჟანრები; მოკლედ, რომ ვთქვა, ასახოს მსოფლიოში მიმდინარე სათეატრო პროცესები. აგერ უკვე მეშვიდე წელია, ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას, ცოცხლად ვნახოთ, როგორც კლასიკად ქცეული წარმოდგენები (მაგალითად, ჯორჯო სტრელერის „არლეკინი - ორი ბატონის მსახური“), ასევე, ძალიან საინტერესო თანამდროვე დადგმები, მათ შორის საუკეთესოები (მაგალითად, კოპანია „გეკოს“ „შინელი“ ბრიტანეთიდან და თეატრის „თხის სიმღერა“ „ლირის სიმღერები“ პოლონეთიდან).
2015 წლის საერთაშორისო პროგრამის პირველი წარმოდგენა იერუსალიმის თეატრის „ინკუბატორი“„ქალაქი“ (“The City”) იყო. თეატრმა ისრაელიდან, მიუზიკლის ტიპის სპექტაკლი, ორჯერ (25 და 26 სექტემბერს) ითამაშა მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში. ბეით მაზიას (Beit Maziya) თეატრალურ კომპლექსში არსებული „ინკუბატორი“ (სახელწოდებიდან გამომდინარე) ცდილობს, თავის გარშემო შემოიკრიბოს - მსახიობები, მწერლები, რეჟისორები, მუსიკოსები, სცენოგრაფები, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები - ორიგინალური, ინოვაციური თეატრალური ფორმების შესაქმნელად, რომელიც გასაგები, მისაღები, საინტერესო და ფიქრის, განსჯის მომგვრელი იქნება განსხვავებული, ფართო აუდიტორიისათვის.
ჰიპ ჰოპის ელემენტებით განზავებული მიუზიკლი - რეპ ოპერა „ქალაქი“, ფორმით და საშემსრულებლო მანერით, პოსტ პოსტმოდერნული თეატრისათვის დამახასიათებელი, სხვადასხვა სათეატრო ფორმის ერთგვარი „ეკლექტური“ ნაზავია. დეტექტიურ, ე. წ. „კლასიკური დედექტივის“, სიუჟეტზე აგებული სიყვარულის ისტორია, რომელმაც შეიძლება მოგაგონოს სხვადასხვა წაკითხული დეტექტივი, ან, ნანახი ფილმი, რეჟისორ ომარ მორის მიერ, მიზანმიმართულად არის გადაწყვეტილი, 50-60-იანი წლების, ამერიკული დეტექტივის სტილისტიკაში. ეს ეხება, როგორც ფაბულის განვითარებას, სცენოგრაფიას, ასევე საშემსრულებლო მანერას, მსახიობთა თამაშს. რა თქმა უნდა, დადგმა ერთგვარი გროტესკია. შოუში მონაწილე მსახიობები: ამიტ ულმანი, ომერ ჰავრონი, ომერ მორი, დორით ლილიენი, რონი როკეტი - უნივერსალურები არიან. მუსიკალური, ვერბალური და პლასტიკური თეატრის პრინციპებზე აგებულ სპექტაკლში მსახიობები, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერიან, ინსტრუმენტებზეც თავად უკრავენ. მათ თამაშში გაერთიანებულია - სამსახიობო ოსატატობა, პლასტიკა, ვოკალი. საათისა და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა პროფესიონალების მიერ შექმნილი სანახაობა და რაც, მთავარია, მაყურებელმა სწორად აღიქვა, „ინკუბატორის“ მიერ შემოთავაზებული, სათეატრო სტილისტიკა, რასაც მათი ზუსტი რეაქციები და აპლოდისმენტები მოწმობს.
მაკა ვასაძე