უცნაურია, მაგრამ მაინც, მარჯანიშვილის თეატრის დიდი დარბაზი მაყურებლით გადაჭედილი არ ყოფილა მოსკოვის თეატრ „სფეროს“ წარმოდგენაზე. როგორც წესი, ქართველი მაყურებელი დიდ ინტერესს იჩენს რუსული დასების მიმართ. ვნება რუსულ თეატრთან შესახვედრად საზოგადოებაში არაერთგვაროვანია და განსხვავებული მოტივაციით არის ნასაზრდოები.  როგორც ჩანს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მაყურებელი არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ ჩამოყალიბდა და სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ინტერესებიც გაუჩნდა. ფესტივალის მაყურებელს (არ ვგულისხმობ სათეატრო სფეროდან) გაუჩნდა პროცესზე დაკვირვების სურვილი და მხოლოდ ვარსკვლავების სახელები ისე მძაფრად აღარ იზიდავს მას. აი, სწორედ ასეთი მაყურებელი იყო მარჯანიშვილის თეატრში შეკრებილი გუშინ, რომელმაც პროგრამა „NEW“ ფარგლებში ჩეხოვის ადრეული პერიოდის „მამის გარეშე“ წარდმოდგენა ნახა ვლადიმერ სმირნოვის რეჟისურით.

რუსული თეატრის მიმართ, უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი მაყურებელიც კი აღიარებს რუსულ სათეატრო სკოლას, დახვეწილ სცენურ მეტყველების კულტურას და შესანიშნავ მსახიობთა მთელ თაობებს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ „ხელშეუხებელ“ ფაქტორებსაც გაუჩნდა ბზარი და ფუნდამენტური საფუძველიც შეერყა, რადგან რამდენიმე მსახიობის ტექსტი მაყურებლამდე ძალიან ცუდად აღწევდა, მათ შორის, ვერც გარდასახვის მაღალმა ხელოვნებამ მოხიბლა მაყურებელი. განსაკუთრებით, ეს წითელ ლამაზ კაბაში გამოწყობილ სოფია ეგოროვნას როლის შემსრულებელს ანა ხალილულინასა და სერგეი პავლოვიჩის როლის შემსრულებელს სერგეი რუზდევიჩს ეხებათ. სამაგიეროდ, ნამდვილი და მაღალი რანგის არტისტული რუსული სკოლა აჩვენეს მსახიობებმა ნელი შმელიოვამ, პაველ სტეპანოვმა და ანატოლი სმირანინმა. მათ შექმნეს დასამახსოვრებელი მხატვრული სახეები, რომელთაც დეტალებშიც კი ეტყობოდათ როლის დამუშავების და გააზრება-განზოგადების კვალი.

რუსული თეატრის დახვეწილი სათეატრო კულტურა თეატრს „სფეროს“ სპექტაკლშიც კარგად შეიმჩნევა, ეტიუდებით აწყობილი მიზანსცენები (რეჟისორი ვლადმიერ სმირნოვი), რომელიც ლოგიკურად ებმის ერთმანეთს მაყურებელს გმირების ხასიათების სიღრმეებში ახედებს და ამოგზაურებს კიდეც. გაჯერებული პაუზებით დატვირთული ეპიზოდები არც რუსული თეატრის ტრადიციას ღალატობს, რომელიც დღეს მაყურებელს ისე ვერ აოცებს, როგორც მაშინ. აუღრესად პირობითი დეკორაცია (დიმიტრი რაზუმოვი), რომელიც ატმოსფეროსა და განწყობას წარმატებულად ქმნის სპექტაკლში, მეტაფორულია - შუშის ქილებით მოფენილი სცენის დიდი ნაწილი, სადაც მსახიობებს გადაადგილებაც უჭირთ, სიმბოლურად იმ სამყაროს გამოხატავას, რომელშიც ჩეხოვის გმირები ცხოვრობენ. ეს შეზღუდული და დახუთული სივრცეა, ამიტომაც სურთ მათ ამ ჩაკეტილი სივრცის გარღვევა.  მათ გეზი რუსეთის ცუდი და აუტანელი ჰაერიდან ევროპისკენ, თავისუფალი სივრცისკენ აქვთ აღებული, მაგრამ მათი ოცნებები მარცხისთვის არის განწირული მათივე დაუდევრობის, მოღალატეობისა და გაუბედავობის გამო.

თუ არ გაგვიჭირდება ვთქვათ, რომ თეატრის „სფეროს“ მსახიობთა სასცენო მეტყველების კულტურამ იმედი გაგვიცრუვა, სამაგიეროდ, თამამად შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ მხატვარმა დიმიტრი რაზუმოვმა ფორმითაც და შინაარსითაც დახვეწილი კოსტიუმებით შემოსა მსახიობები, რომლებიც დროის კონკრეტული მონაკვეთის ჩარჩოებს არღვევს და ზედმიწევნით აკონკრეტებს არა მხოლოდ პერსონაჟთა სოციალურ სტატუსს, არამედ მათ ხასიატებსაც. დამდგმელები განათებისას მხოლოდ ერთ ფერს- თეთრს იყენებენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის სპექტაკლის ატმოსფეროს მრავალფეროვნების შექმნას. ხასიათებით განსხვევებულ გმირები, სხვებისგან მოშორებით, ფარულად, საკუჭნაოში არკვევენ პირად ურთიერთობებს. ერთმანეთის მოპოვებისა და ურთიერთობების დალაგების სურვილები ამ საკუჭნაოში იყრის თავს, რომელიც ფარული მაინც არ არის.

სპექტაკლის საექსპოზიციო ნაწილი, რომელიც პროლოგის მსგავსი ეპიზოდია სპექტაკლში, „ვაშლის განაწილების“ ეტიუდით იწყება. რეჟისორის მიერ შემოთავაზებული თხრობის ეს ფორმა სპექტაკლის ბოლომდე შენარჩუნებული და დაცული იქნა. ერთი მხრივ, ეტიუდები ადგენდა ზღვარს მომდევნო და წინა სცენას შორის, რაც სპექტაკლის სიუჟეტურ განვითარებას ოდნავ ანაწევრებდა, მაგრამ, მეორე მხრივ, უკეთ გვახედებდა პერსონაჟთა შინაგან სამყაროში და მათ განწყობებსა და გრძნობებში გვამოგზაურებდა.

სპექტაკლში „მამის გარეშე“ დარჩენილი მსახიობები გულწრფელად გვიამბობენ სევდიან ამბავს, ინტრიგებით, შუღლით, მოღალატეობით, სიყვარულითა და ეგოიზმით დამძიმებულს, მაგრამ, ამავროულად, არტისტები ქმნიდნენ კომიკურ და ირონიულ სიტუაციებს, რომელიც მიზანსცენებს ამსუბუქებდა არტისტული გამჭრიახობითა და მოხერხებულობით. ამ მხრივ, არტისტულ ფოიერვერკი მოაწყო ნელი შმელიოვამ სიმღერის ეტიუდში, ასევე ოსტატურად შესრულებული იყო თვითმკვლელობის მცდელობის ეპიზოდი მსახიობის მიერ.

სპექტაკლის პირველი მოქმედება მაყურებელთან უშუალო კომუნიკაციით სრულდება. სასოწარკვეთილი კირილ გლაგოლევი (პაველ სტეპანოვი), რომლის მიწოდებული არაყი ანა პეტროვნამ (ნელი შმელიოვა) არ დალია, პარტერში ჩამოდის და მაყურებელს სთავაზობს ერთ ჭიქა არაყს, რამდენიმე მაყურებელმა პარტერშიც უარი თქვა შეთავაზებულ სასმელზე, მაშინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო „ამირანი“ და მასში გაჟღერებული ტექსტი -  „შენი მოწოდებული წყალიც არ უნდა ამირანს, შე კახპა“ გამახსენდა. მსახიობის მიერ შეთავაზებულ ჭიქა არაყზე რამდენიმე მაყურებლისგან უარის შემდეგ, დარბაზში მაინც აღმოჩნდა ქალბატონი, რომელმაც შეთავაზება მიიღო, მაგრამ არაყი მაინც არ დალია, რამაც პარტერში ოდნავ უხერხული სიტუაციაც კი შექმნა. ხუმრობა „ამირანზე“ იქეთ იყოს და, ჩვენი მაყურებელი (განსაკუთრებით უფროსი თაობის) ინტერაქტიულობით ნამდვილად არ გამოირჩევა, აკლია სითამამე და თავისუფლება, ისე როგორც ამ სპექტაკლის პერსონაჟებს, არადა ნაკლებკომინიკაბელურობა თითქოს არ უნდა ახასიათებდეს ქართველებს...

სპექტაკლის სასოწარკვეთილ, ცხოვრებაზე და ბედისწერაზე გაბრაზებულ გმირებს თვითმკვლელობა სურთ, მაგრამ მათ მაინც სიცოცხლის გაგრძელების ჟინი სძლევთ, ისე როგორც ყველა ადამიანს, რომელსაც მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა ცხოვრებაში, სიცოცხლე სურს, სამაგიეროდ, ისინი რჩებიან სიყვარულის, ერთგული მეგობრებისა და კეთილდღეობის გარეშე. ისინი მაინც ირჩევენ სიცოცხლეს, ჩვენც?! 


ლაშა ჩხარტიშვილი

© 2024 All Rights Reserved